XX საუკუნის დამდეგიდან სართაშორისო ურთიერთობა ევროპაში მნიშვნელოვნად გართულდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოს ტერიტორიული განაწილება კოლონიებისა თუ გავლენის სფეროების სახით ძირითადად დამთავრდა. ახალი ტერიტორიების დაპყრობა კი ამა თუ იმ სახელმწიფოების მიერ შეუძლებელი იყო მათ შორის საომარი კონფლიქტის გარეშე. ასეთი კონფლიქტების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ დიდ მსოფლიო ომში შეიძლება გადაზრდილიყო, სავსებით რეალური გახდა, რადგან ამ პერიოდში მეტად გაძლიერდა გერმანია რომელსაც არ აკმაყოფილებდა მიღწეული და რომელიც კოლონიების და გავლენის სფეროების გაფართოვებას ცდილობდა. ამას ვერ შეურიგდებოდნენ ინგლისი და საფრანგეთი, რომელთა ხელში მსოფლიო კოლონიების უდიდესი ნაწილი იყო.
1871-1900 წლებში გერმანიის სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ გამოიწვია ის, რომ მან წარმოების საერთო მოცულობით ინგლისი და საფრანგეთი უკან ჩამოიტოვა. მსოფლიო ბაზრებზე გერმანული ნაწარმი ინგლისურ პროდუქციას კონკურენციას წარმატებით უწევდა. ამასთან ერთად XIX საუკუნის 80-90-იან წლებში გერმანიის მმართველმა წრეებმა მიზნად დაისახეს და დაიწყეს კიდეც ფართო კოლონიური იმპერიის შექმნა. ყველაფერი ეს ამწვავებდა გერმანიის წინააღმდეგობას ინგლისთან. ინგლის-გერმანიის დაპირისპირება, რომელიც XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო XX საუკუნის დამდეგიდან კიდევ უფრო გაღრმავდა და პირველი მსოფლიო ომის მთავარი მიზეზი გახდა.
კოლონიურ ასპარეზზე ინგლის-გერმანიის წინააღმდეგობის პირველი კერა სამხრეთ აფრიკაში მდებარე ბურების რესპუბლიკები ტრანსვაალი და ორანჟი იყო. ინგლისის მმართველ წრეებს თურქეთში გერმანული კაპიტალის შეჭრაც სერიოზულად აშფოთებდათ. ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაში მათი შეჯიბრი კიდევ უფრო ართულებდა.
ინგლის-გერმანიის ანტაგონიზმთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობის გართულებაში საფრანგეთ-გერმანიის წინააღმდეგობებიც დიდ როლს თამაშობდა. რომელსაც 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომმა დაუდო სათავე. სწორედ საფრანგეთ-გერმანიის წინააღმდეგობა გახდა ის მთავარი მიზეზი რამაც XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ევროპაში ორი დაპირისპირებული სამხედრო ბლოკის სამთა კავშირის და საფრანგეთ-რუსეთის ალიანსის აღმოცენება გამოიწვია. XX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთ-გერმანიის წინააღმდეგობებმა სასაზღვრო ტერიტორიების და აფრიკაში მაროკოს საკითხში ახალი ძალით იჩინა თავი.
გარკვეულ როლს საერთაშორისო ვითარების დაძაბვაში გერმანია - რუსეთის წინააღმდეგობის გამწვავებაც თამაშობდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ექსპანსიაში რუსეთის საპირისპიროდ გერმანია თავის მთავარ მოკავშირეს ავსტრია-უნგრეთს უჭერდა მხარს.
გერმანიასთან დაპირისპირებამ XX საუკუნის დამდეგს ინგლისის საგარეო პოლიტიკაში ძირეული შემობრუნება გამოიწვია. ბრიტანეთის დიპლომატიამ თავის ტრადიციულ იზოლაციონიზმზე უარი თქვა და კურსი საფრანგეთთან დაახლოვებისაკენ აიღო. საერთო საფრთხემ გერმანიის მხრიდან ორივე ქვეყანა აიძულა ურთიერთდათმობებზე წასულიყვნენ, სადავო საკითხები მოეგვარებინათ და ამით გერმანიის წინააღმდეგ მტკიცე ურთიერთკავშირი უზრუნველეყოთ. საფრანგეთ-ინგლისის მოლაპარაკება საბოლოოდ 1904 წლის 8 აპრილს დამთავრდა. გაფორმდა ამ ორი დიდი ქვეყნის ე. წ. „გულითადი შეთანხმება“ (ანტანტა), რომელიც გერმანიის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კავშირი იყო.
უკვე არსებულმა საფრანგეთ-რუსეთის კავშირმა და საფრანგეთ-ინგლისის ანტანტამ რუსეთ-ინგლისის წინააღმდეგობათა აღმოფხვრის და მათი დაახლოვების შესაძლებლობა შექმნა, რაც 1907 წელს რეალობად იქცა და ამიერიდან გერმანიის მიერ XIX საუკუნეში ორგანიზებულ „სამთა კავშირის“ ბლოკს საფრანგეთ-ინგლის-რუსეთის „სამთა შეთანხმების“ სამხედრო ბლოკი დაუპირისპირდა.
ამ ორი დაჯგუფების დაპირისპირებამ საერთაშორისო ურთიერთობებს ევროპაში უკიდურესად კრიზისული ხასიათი შესძინა და XIX საუკუნისგან განსხვავებით პერმანენტული დაძაბულობა გამოიწვია. მაროკოს და ბოსნიის კრიზისებმა, აგრეთვე ბალკანეთის ომებმა წარმოაჩინა ის, რომ ამ კონფლიქტების განმუხტვა არა ევროპის წამყვან სახელმწიფითა მშვიდობის შენარჩუნებისაკენ სწრაფვით, არამედ მხოლოდ იმით იყო გამოწვეული რომ მათ შეიარაღებული ძალების სრულად მომზადებისათვის ჯერ კიდევ გარკვეული დრო ჭირდებოდათ. სამთა კავშირის და ანტანტის სამხედრო ძალების გამალებული ზრდა იმაზე მიუთითებდა, რომ ევროპა აქამდე არნახული მასშტაბის ომისკენ მიექანებოდა.
დანართი
უკან |