სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის ადრემწიფადი ჯიშების აგროეკოლოგიური თავისებურებანი“, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ რეზო ჯაბნიძე, 4 მაისი, 13:00 საათი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი, 33-ე აუდიტორია

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი დარგია, რომელსაც ახლო წარსულში საქართველოში მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 0,62 პროცენტი და დამუშავებული მიწების 1,75 პროცენტი ეკავა. თუმცა წარმოებული სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის ღირებულებაში მათი წილი 7,7 პროცენტს შეადგენდა. საქართველოში დამზადებული ციტრუსოვანთა ნაყოფის 65-68 პროცენტი აჭარაზე მოდიოდა. აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით ერთ ჰექტარზე 35-40 ტონა მაღალხარისხოვანი ნაყოფის მიღება იყო შესაძლებელი. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, ეს დარგი მეჩაიეობასთან ერთად დაკნინებულია და სათანადო სახელმწიფოებრივი ყურადღება არ ექცევა. არადა ერთეული ფართობიდან მიღებული ფულადი შემოსავალი ორივე შემთხვევაში სხვა კულტურებთან შედარებით მაღალია.

ციტრუსოვანთა გვარში შემავალი სახეობებიდან საქართველოში ფართო სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მანდარინს, ფორთოხალს და ლიმონს, რომლებიც სხვა ხეხილოვნებისაგან გამოირჩევიან განსაკუთრებული სურნელოვანი არომატით, სპეციფიკური გემოთი, ვიტამინების მაღალი შემცველობით და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე დადებითი მოქმედების თავისებურებებით. ამის გამო მათი პროდუქცია უდდესი მოწონებით სარგებლობს. იქ, სადაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მათი ღია გრუნტში მოვლამოყვანის შესაძლებლობას, ფართოდ აშენებენ, როგორც ეკონომიკურად მაღალრენტაბელურ კულტურებს.

ციტრუსოვანთა ბაღების გაშენებისას პირველ ხანებში ყურადღება არ ექცეოდა ჯიშობრივი სიწმინდის დაცვას. ამის გამო ისინი ერთმანეთში ისე აირია, რომ მომდევნო წლებში მათი გარჩევა შეუძლებელი გახდა. ბაღები აჭრელდა: ჯიშები ერთმანეთისაგან მკვეთრად განხვავდებოდნენ მსხმოიარობის პერიოდულობით, მოსავლის რაოდენობით, ზრდა-განვითარების თავისებურებებით, მომწიფების პერიოდით, ყინვა-გამძლეობითა და ა. შ.

შემდგომ წლებშიც კალმების აღება, ნერგების გამოყვანა და ბაღების გაშენება აპრობაციის გარეშე ხდებოდა, ამიტომ ყოველწლიურად მატულობდა სიჭრელე და არამსხმოიარე ხეების რაოდენობა. ამ ნაკლოვანების აღმოფხვრისათვის მეცნიერების წინაშე დაისახა ამოცანა, გამოეყვანათ ისეთი ჯიშები და ფორმები, რომელიც ნაყოფის ადრემწიფადობითა და ხარისხიანობით გამოირჩეოდა. პარალელურად შემოგვქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ციტრუსოვანთა ისეთი ჯიშები, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს აკმაყოფილებდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეუნეობის სამინისტროს,  აჭარის ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის ერთობლივი მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენს მიერ ტარდებოდა დაკვირვებები იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის 11 ჯიშზე: ნიჩინანი, იურა-ვასე, ტაგუჩი ვასე, მიაგავა ვასე, კავადა, ნანკანი-20, ოჰოცუ ვასე, უენო ვასე, აუშიმა, ოკიცუ ვასე, მუკაიამა ძირითდი ფენოლოგიური დაკვირვებები. ექსპერიმენტი დაიწყო 2014 წლის ივნისის თვიდან.

მცენარეები დარგულია 4X2,5 მეტრის კვების არით, ზღვის დონიდან 35-40 მეტრის სიმაღლეზე. საცდელი მცენარეების ქვეშ ნიადაგი წითელმიწაა, თითოეულ ვარიანტში აღებული გვქონდა ათ-ათი მცენარე, ხოლო ცდები და დაკვირვებები ვაწარმოეთ 110 მცენარეზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენს მიერ შედგენილი სქემისა და მეთოდიკის მიხედვით. ყველა საცდელი მცენარე დაინომრა, გაუკეთდა ეტიკეტირება, მიღებული მონაცემები შეგვაქვს სპეციალურ ჟურნალში, სადაც აღირიცხება თითოეული მცენარის ყველა ის მონაცემი, რაც ფენოლოგიური დაკვირვებებით არის გათვალისწინებული.

თითოეულ ჯიშზე ვაკვირდებოდით: - კვირტების გაღვიძებას, პირველი ვეგეტაციის დასაწყისსა და დასასრულს, მასიურ ყვავილობას, გამონასკვას, მეორე ვეგეტაციის დასაწყისსა და დასასრულს, ნაყოფების მომწიფების დასაწყისს, ნაყოფების მასიურ მომწიფებას, მსხმოიარობას (ცალობა, კგ-შ), ერთი ნაყოფის საშუალო წონას გრამებში. ნაყოფის შეფერილობას, კანის რბილობიდან მოცილების ხასიათს, რბილობში წილაკოვანთა რაოდენობას, შეფოთვლას და სხვა. რომლის შესახებ ვრცელ ინფორმაციას სემინარის ჩატარების დროს წარმოვადგენ.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა