სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ვ. ა. სუხომლინსკის პედაგოგიკური თეორია და პრაქტიკა“, განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნოდარ ბასილაძე, 6 ივნისი, 15:00 საათი, აუდიტორია #59, I კორპუსი

ვასილ ალექსანდრეს ძე სუხომლინსკი იყო XX საუკუნის დიდი უკრაინელი პედაგოგი, კიროვოგრადის ოლქის სოფელ პავლიშის საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი, უკრაინის სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სსრ კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოციალისტური შრომის გმირი, უკრაინის სახელმწიფო პრემიის (მეცნიერების დარგში) ლაურეატი, მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი. მისი სახელი კარგად არის ცნობილი არა მარტო უკრაინაში, რომლის ღირსეული წარმომადგენელიც იგი იყო, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

დაიბადა იგი 1918 წლის  28 სექტემბერს, ხერსონის ოლქის, ონუფრიევის რაიონის სოფელ ვასილევკაში, ალექსანდრე სუხომლინსკის ოჯახში. ალექსანდრესა და მის მეუღლეს _ ოქსანას 4 შვილი ჰყავდათ, 3 ვაჟი და 1 ქალიშვილი, ამასთან, ოთხივე მათგანი იყო პედაგოგი, უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ვ. ა. სუხომლინსკიმ პოლტავის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების (1938) შემდეგ ერთხანს იმუშავა რაიონული ცენტრის, დაბა ონუფრიევის საშუალო სკოლის უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, შემდეგ მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და ბოლოს 22 წლის განმავლობაში (1948-1970) იყო უნუფრიევის რაიონის სოფელ პავლიშის საშუალო სკოლის დირექტორი. გარდაიცვალა იგი 1970 წლის 2 სექტემბერს, 51 წლის ასაკში, თავისი შემოქმედებითი ნიჭის გაფურჩქვნის პერიოდში. მიუხედავად ამისა, იგი ავტორია 40-ზე მეტი წიგნისა და ოთხასამდე საგაზეთო და საჟურნალო სტატიისა.

მისი წიგნებიდან ყველაზე უფრო ცნობილია: `გულს ვუძღვნი ბავშვებს, მოქალაქის დაბადება, `წერილები ვაჟიშვილს~, `საუბარი სკოლის ახალბედა დირექტორთან~, `პავლიშის საშუალო სკოლა~, `ასი რჩევა მასწავლებელს~, `როგორ აღვზარდოთ ნამდვილი ადამიანი~, `ფიქრები ადამიანზე~, `გჯეროდეთ ადამიანისა~, `კოლექტივიზმის აღზრდა მოსწავლეებში~, `მშობელთა პედაგოგიკა~, `გულში რომ სამშობლო ცოცხლობდეს~, `როგორ აღვზარდოთ მამაცი თაობა~ და მრავალი სხვა.

ჩვენი ლექცის მიზანია, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს ვ. სუხომლინსკის ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი პედაგოგიკური იდეები მოზარდი თაობის აღზრდის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: აღზრდის მიზანი და ამოცანები, აღზრდა და თვითაღზრდა, დედისადმი სიყვარულის აღზრდა, ქალ-ვაჟთა სიყვარულის, ქორწინებისა და ოჯახის შესახებ, აღზრდის პრინციპები და მეთოდები, პიროვნების ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარება, ზნეობრივი აღზრდის კომპონენტები _ ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი ეკოლოგიური აღზრდა და მათი მნიშვნელობა პიროვნების განვითარებაში, სუხომლინსკის მოსაზრებები სწავლების პრინციპებზე, გაკვეთილსა და მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება-შეფასებაზე, ასევე მასწავლებელსა და სკოლის დირექტორზე, ოჯახისა და მშობლის როლზე ბავშვთა აღზრდის საქმეში და ბოლოს, სუხომლინსკის იდეების გავრცელებაზე საქართველოში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა