სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: რუსული ლიტერატურის „ბათუმური ტექსტი“, ასოცირებული პროფესორი ნანა ქაჯაია, 29 მაისი, 12:00 საათი, 22-ე აუდიტორია, I კორპუსი

ინტერკულტურული დიალოგის ასპექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ როლისა და ფუნქციის გაანალიზება, რომელიც დაეკისრა ბათუმს მე–20 საუკუნის 20–იან წლებში ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. აღნიშნული თემის გააზრება საინტერესოდ წარმოგვიდგება საყოველთაოდ ცნობილი სოციოკულტურული ოპოზიციის   „აღმოსავლეთი–დასავლეთი“–ის გათვალისწინებით. ორი პოლარული ეთნომენტალობის მქონე სამყაროს ურთიერთდამოკიდებულება ოდითგანვე იპყრობდა ყურადღებას. ეს კონტაქტები სხვადასხვა სიხშირით ვითარდებოდა: გარკვეულ პერიოდებში მეტი ინტენსივობითა და აქტუალობით ხასიათდებოდა. იყო პერიოდები, როდესაც ნაკლები სიხშირე ფიქსირდებოდა, მაგრამ მთავარ მომენტად ყოველთვის ერთი და იგივე რჩებოდა –  ანტინომია „დასავლეთი–აღმოსავლეთი“ რუსულ–ქართული ურთიერთობების ფონზე კონკრეტული დიქოტომიის სახით გამოიკვეთა. ეს არის „პეტერბურგი–კავკასია“. აღნიშნულ ოპოზიციაში, რომელიც ორი პოლარული მსოფლმხედველობის გამოხატულებად მიიჩნეოდა, კავკასია ყოველთვის მოიაზრებოდა პეტერბურგის სულიერ, იდეოლოგიურ და ესთეტიკურ ოპოზიციად. 

zxcbnჩვენი მიზანია გავაანალიზოთ, ბათუმი, როგორც აღნიშნული დიქოტომიის „აღმოსავლური“  ან „სამხრეთული“ ოპოზიციის ნაწილი, ასრულებდა თუ არა ზემოთ აღნიშნულ  როლს, ჰქონდა თუ არა მას ისეთივე მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორიც გააჩნდა თავის დროზე „სამხრეთს“ (ანუ კავკასიას) „ჩრდილოეთის პალმირასთან“ (პეტერბურგთან) მიმართებაში? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქი რუსული ლიტერატურისათვის, რამდენად შთამბეჭდავი იყო მისი წარმოჩენა, იყო თუ არა ის გარკვეული მხატვრული ფუნქციის მატარებელი თუ ლიტერატორებისათვის უბრალოდ მხოლოდ გეოგრაფიულ პუნქტს წარმოადგენდა.  ყურადღებას გავამახვილებთ ბათუმის ასახვის თავისებურებებზე ო. მანდელშტამის, მ. ბულგაკოვის, ს. ესენინის, ვსევოლოდ როჟდესტვენსკისა და ვ. ვისოცკის ნაწარმოებებში.

ბათუმი თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით ერთგვარ გზაჯვარედინად იქცა. მე–20 საუკუნის პირველი მესამედის რუსულ ლიტერატურაში ბათუმი წარმოადგენდა, ერთის მხრივ, ორი სამყაროს გადაკვეთის ადგილს, და მეორეს მხრივ, ერთგვარ გზის გასაყარს, სადაც ადამიანი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგებოდა. რევოლუციურმა ქარიშხალმა ბევრი რუსი მწერალი და პოეტი აიძულა მიეტოვებინა მშობლიური მხარე. მათ სამხრეთს მიაშურეს.  ლტოლვილთა მცირე ნაწილი იმ იმედით სულდგმულებდა, რომ ქარიშხალი მალე გადაივლიდა და ცხოვრება  ძველ ჩვეულ რიტმს დაიბრუნებდა. უფრო რადიკალურად განწყობილთათვის კი სამხრეთი, და კონკრეტულად ბათუმი, მხოლოდ, ასე ვთქვათ, სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.

რევოლუციურ ქარიშხალს გამოქცეული რუსული ინტელიგენციის ნაწილი ბათუმში ჩერდებოდა და აქ ხდებოდა მათი სამომავლო გეგმების ფილტრაცია, გადაწყვეტილების მიღება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

რუსი პოეტებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბათუმისათვის დამახასიათებელი ბევრი მნიშვნელოვანი, ხშირად საკმაოდ პროზაული, დეტალი. ამავე დროს ბათუმური შთაბეჭდილებები იქცნენ  მათი პოეტური მოღვაწეობის მძლავრ იმპულსად. (შემთხვევითი არ არის, რომ ესენინის „ბათუმურ ზამთარს“ შემოქმედებითი ნაყოფიერების მიხედვით ხშირად ადარებენ პუშკინის „ბოლდინოს შემოდგომას“). ბათუმმა წარუშლელი კვალი დატოვა აღნიშნული პოეტების შემოქმედებაში, ბათუმში ან ბათუმური შთაბეჭდილებებით შექმნილი ნაწარმოებები გამოიჩევიან თემატიკის სიახლით, განახლებული ხედვით, განსაკუთრებული აღქმით.

ბათუმის თემა საინტერესოდ არის წარმოჩენილი ვსევოლოდ როჟდესტვენსკის ლექსების ციკლში „ბათუმი“. ყურადღებას იქცევს ნაცნობი მოტივი, რომელიც ს. ესენინთან და ო. მანდელშტამთან გვხვდება - სამხრეთისა და ჩრდილოეთის ერთგვარი ჭიდილი. სერგეი ესენინი ამ თემას პირდაპირი გეოგრაფიული პუნქტირებით გამოხატავს: «Корабли плывут в Константинополь, поезда уходят на Москву» («Батум»). კონსტანტინოპოლი ესენინის ლექსში „ბათუმი“ წარმოდგენილია როგორც სამხრეთის ხატი, მოსკოვი კი ჩრდილოეთისა. ბათუმი კი ამ ორი პოლარულად განსხვავებული სამყაროს მიჯნაზეა, გზის გასაყარზეა.

თუ მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში ბათუმი რუსი პოეტებისათვის გზაჯვარედინის როლს ასრულებდა, სადაც მათ უნდა აერჩიათ საკუთარი მომავალი, შემდგომ პერიოდებში რუსი ლიტერატორების თვალთახედვაში ძირითადად  საპორტო ქალაქის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ექცევა თავისი ეროვნული თუ სოციალური თავისებურებებით. ზოგ შემთხვევაში ბათუმურ თემას ერწყმის სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, ისეთი როგორიცაა სტალინის თემა და სხვა.

ბათუმის თემის გააზრება რუს ლიტერატორთა შემოქმედებაში საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს თუ არა რუსული ლიტერატურის „ბათუმური ტექსტი“.
 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა