სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „ვაზის ინტროდუცირებული სასუფრე ჯიშების ზრდა-განვითარების ბიოლოგია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში“. ასოცირებული პროფესორის შ. ლამპარაძე, 1ივნისი, 15:00 საათი, აგრარული მიმართულების სასწავლო კორპუსის №35 აუდიტორია.

ჭარაში ვენახის პლანტაციები  ძირითადად მეღვინეობის მიმართულებით არის გაშენებული, თუმცა ბოლო პერიოდში ბაზარზე არსებულმა მზარდმა მოთხოვნამ ვაზის სასუფრე ჯიშების სამრეწველო დანიშნულებით გაშენების მოტივაცია მოგვცა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აზრით, სუფრის ყურძნის განვითარება ადგილობრივი მევენახეების წარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
     
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში ინტროდუცირებული ვაზის სასუფრე ჯიშების შესწავლა და მათგან გამორჩეული პერსპექტიული ჯიშებით სამრეწველო პლანტაციების გაშენება. ამ მიმართულებით, ზემოთ აღნიშნულ მეურნეობაში, კვლევებს ვატარებდი სასუფრე ვაზის 11 ჯიშზე 2016-2017 წლებში.

ჩვენი კვლევების მიზანს შეადგენდა შეგვესწავლა სასუფრე ვაზის ჯიშების ზოგიერთი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი. კერძოდ: ვაზის ტირილის დაწყება და დამთავრება, კვირტების გაშლა (ზრდის დაწყება), ყვავილობის დასაწყისი და დასასრული, ყურძნის შეთვალება, ყურძნის სრულ სიმწიფეში შესვლა, ყლორტის ზრდის დამთავრება, ფოთოლცვენის დასაწყისი და დასასრული. ასევე ვსწავლობდით მოსავლიანობასა და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

როგორც დაკვირვებებმა და კვლევებმა გვიჩვენა ვაზის სასუფრე ჯიშები ზრდა-განვითარების ფაზებს განსხვავებულ ვადებში გადიან და ნაყოფის მომწიფების მხრივ სამ ჯგუფად იყოფა.

პირველ ჯგუფში შედიან საადრეო ჯიშები - კარდინალი და საბას მარგალიტი, მეორეში - საშუალო საადრეო ჯიშები:  ქართული საადრეო, პრიმა და ალფონსო ლავალე, მესამეში  კი - საგვიანო ჯიშები: სულთანინი, იტალია, დათიერი, ალედო და კრიმსონ სიდლესი. მოსავლიანობის მხრივ კი ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს იტალიას და კარდინალს, რომელთა მოსავლიანობა 1 ძირ ვაზზე შესაბამისად შეადგენს 3,1 და 2,8 კგ-ს, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით კი 8,3 და 7,5 ტონას. დანარჩენი ჯიშების ყურძნის მოსავლიანობა კი ჰექტარზე ცვალებადობს 4,5-დან 7,2 ტონამდე.
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა