ისტორიული და ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით აფხაზები აჭარაში დასახლდნენ XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ეს იყო მცირერიცხოვანი მიგრაციული პროცესი. მასიური ხასიათი აღნიშნული მოვლენა მიიღო მე- XIX საუკუნის 60-70-იან წლებში და დაკავშირებული იყო მუჰაჯირობასთან. აფხაზეთში მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად.
ყირიმის ომის (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) და 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე მასშტაბური გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — სირიაში, იორდანიასა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს (3).
შედეგად, აფხაზი ხალხი გადასახლდა ძირითადად ოსმალეთის იმპერიაში, ძალიან მცირე ნაწილი დაბრუნდა აფხაზეთში, ხოლო გარკვეული ნაწილი დასახლდა აჭარაში. როგორც რუსეთის ისე ოსმალეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობდნენ დაეპირისპირებინათ ადგილობრივი მოსახლეობა მუჰაჯირებთან, რათა აფხაზები იძულებულნი გაეხადა თურქეთის იმპერიაში საცხოვრებლად გადასვლა. მაგრამ, უშედეგო აღმოჩნდა ეს მიზნები. ადგილობრივ მოსახლეობას და აფხაზებს შორის ჩამოყალიბდა მეგობრული, ნათესაური, კეთილგანწყობილი ურთიერთობები. თითქმის 200 წლის განმავლობაში არ არის დაფიქსირებული არცერთი მწვავე დაპირისპირების ფაქტი.
XIX ს. დასაწყისი, მუჰაჯირობამდე - გადასახლების მიზეზები საყოფაცხოვრებო ხასიათს ატარებდა (მაგალითად, ჩელტაში გადმოსახლებული აკვაცბები - წინაპარმა მოიტაცა ქალიშვილი და იძულებული იყო დაეტოვებინა თავიანთი საცხოვრებელი) XIX ს. 40 წლები (ჩამბები)
მუჰაჯირობის პირველი ტალღა 1867-1868 წწ.
მუჰაჯირობის მეორე ტალღა 1877-1878 წწ.
მუჰაჯირობის შემდეგ - 1890 წ (ჩაუშბები)
აფხაზი ქალები, რომლებიც თხოვდებოდნენ აჭარაში
ბოლო მონაცემები - კვიცინია ოქსანა (მეუღლე ო. ზოიძე); ანელა გაბლია (მეუღლე გ. ქუთათელაძე)
წერილობითი მონაცემების მიხედვით თურქ ხელისუფლებას აფხაზები ძირითადად დაუსახლებია ქალაქ ბათუმსა და აჭარის სხვა ზღვისპირა ტერიტორიაზე. აფხაზთა პირველი დასახლებები იყო: შუქრიე (ფერია) (კუდბა, აშმეიბა, პამბა), იმამიე (სალიბაური) (ათრუჟბები, აბდიბები), იჯადიე (მურადბა, ხალითბა, ჩამბა და ა.შ.), ერგე, ურეხი (ჩაუშბა), სოუქსუ, ადლია (ნაყოფია, აგირბები), ნურიე (ალხორბა, ქათიბა), ჩელტა (აკვაძბა) და სხ. დაახლოებით ამავე პერიოდში აფხაზები დასახლდნენ გონიოში, ჭარნალში, მახინჯაურში, ჩაქვში, ციხისძირში.
აჭარაში მცხოვრები აფხაზები ცდილობენ შეინარჩუნონ აფხაზური ტრადიციები. ფაქტიურად ისინი ქართული სინამდვილის, ქართული ყოფა-ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ თავს. მათ უყვართ ის ადგილი, სადაც უკვე თითქმის ორი საუკუნე ცხოვრობენ. აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები ხშირად ხაზს უსვამენ ქართველებისა და აფხაზების ერთიანობას, გენეტიკურ კავშირს. ამასთან ერთად, აჭარაში მცხოვრები აფხაზები ცდილობენ ეთნიკური, ენობრივი და კულტურული თვითშეგნების შენარჩუნებას, ამის დასადასტურებლად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი ფაქტები: აგრძელებენ აფხაზეთისა და თურქეთის აფხაზებთან ნათესაურ კავშირს. ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. კუდბებს, კიშინდბებს, ქუთელიებს და ა.შ. აქვთ ურთიერთობა თურქეთის აფხაზებთან; აიკუცბებს, ათრუჟბებს, კაიტამბებს, ხოხბებს, აგირბებს, ციცბებს და ა.შ. - აფხაზეთში მცხოვრებ ნათესავებთან.
უკან |