სემინარები

”შავი ზღვის აუზის აჭარის სანაპირო ზოლის წყლების ექსპერტიზული კვლევების მეთოდიკა და შედეგების ანალიზი”.აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე. 12 ივნისი, 2018 წელი. 14 საათი.

შავი ზღვის დაცვის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ 30კმ-იან სანაპირო ზონაში–მდ.ჭოროხის შესართავიდან მდ.რიონამდე, სადაც განლაგებულია ორი უმნიშვნელოვანესი პორტი – ბათუმი და ფოთი. ზღვის წყლის ნებისმიერი სახის გაბინძურება იწვევს მისი ქიმიური შედგენილობის ცვლილებას. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა შავი ზღვის წყლის ზოგიერთი ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლის სეზონური ცვლილება, რათა შეგვეფასებინა მისი თანამედროვე ქიმიურ-ეკოლოგიური მდგომარეობა.

კვლევის ობიექტს წარმოადგენდა შავი ზღვის წყალი მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში, კვარიათიდან ფიჭვნარამდე. კვლევაში ჩართული იყო ქიმიის სპეციალობის მაგისტრანტი ანა ხახუტაიშვილი.

კვლევის ამოცანები:

I. ზღვის წყლის ნიმუშებში ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მირობიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მეთოდიკების  მიხედვით;  II. ზემოაღნიშნული მაჩვენებლებლების სეზონური დინამიკის კვლევა;
III. საკვლევი ობიექტების შედარებითი დახასიათება და ზღვის  წყლის დაბინძურების  ხარისხის დადგენა  თითოეულ ლოკაციაში.

კვლევის შედეგები:

შავი ზღვის სხვადასხვა აქვატორიაში მაქსიმალური ტემპერატურა აღინიშნა გაზაფხულზე (+16+21°C), მინიმალური-ზამთარში (+10+13°C). სუნი მაქსიმალურად აღინიშნებოდა პორტის სანაპიროზე -4-5 ბალი. აქ წყალი იყო ძლიერ მღვრიე ყველა სეზონზე, არადამახასიათებელი უცხო მომწვანო მოყვითალო ფერით. მოტივტივე ნაწილაკები შეიმჩნეოდა ზედაპირიდან 0-30 სმ სიღრმეზე. ზღვის წყლის pH ძირითადად იმყოფება სუსტ ტუტე არეში. გამონაკლისია ბათუმის პორტის სანაპირო ზოლი, სადაც pH-ის მინიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა  შემოდგომაზე - 6,35, რაც ვერ თავსდება ზდკ-ს ფარგლებში. HCO3--ის კონცენტრაცია იკლებს შემოდგომიდან გაზაფხულისკენ, იგი ყველაზე მეტია პორტის მიმდებარე სანაპირო წყლებში, რაც გამოწვეულია pH-ის შემცირებით ამ ზოლში.  ქლორიდების შემცველობა მინიმალური იყო შემოდგომაზე ჩაქვში-10500 მგ/ლ; ზამთარში პორტში-8200 მგ/ლ; გაზაფხულზე კინტრიშის ზღვასთან შესართავის წყლებში-40000 მგ/ლ. ქლორიდების მაქსიმალური შემცველობა დაფიქსირდა შემოდგომაზე ფიჭვნარში-12600 მგ/ლ; ზამთარში ფიჭვნარსა და კვარიათში-1000-11500 მგ/ლ; გაზაფხულზე ჩაქვში-9400მგ/ლ და ყოროლისწყლის ზღვასთან შესართავში-9900 მგ/ლ. NaCl-ის შემცველობა კანონზომიერ დამოკიდებულებაში იმყოფება  ქლორ-იონის კონცენტრაციასთან. დაჟანგულობა მაქსიმალურია პორტში-7,2 მგO2/ლ  და მინიმალური კვარიათში-0,98 მგO2/ლ. ჟანგბადით მდიდარია გონიოს და კვარიათის წყლები ყველა სეზონზე, ხოლო მისი მინიმალური შემცველობა აღინიშნა პორტის სანაპირო წყლებში. შესაბამისად, ჟბმ5-ის ზდკ-ზე  გადაჭარბების მაჩვენებელი დაფიქსირდა პორტში -3,40 მგO2/ლ. ჟბმ5  მინიმალური იყო გონიოსა და კვარიათში, რაც წყლის მაღალი სისუფთავის მაჩვენებელია. ზღვის ძირითადი მარილწარმომქმნელი იონებია: Na - 152-4460 მგ/ლ  და  Mg-25,1-603 მგ/ლ, შემდეგ მოდის  Ca – 10,5-235 მგ/ლ და K – 1,43-240 მგ/ლ. მძიმე მეტალების შემცველობა ძალზე უმნიშვნელოა და მათგან ყველაზე დაბალი კონცენტრაციით გამოირჩევა Pb. კოლიფორმული ბაქტერიების ყველაზე სავარაუდო მინიმალური  რიცხვი 100 მლ ზღვის წყალში აღემატება 110000-ს/1000 მლ-ზე პორტის მიმდებარე სანაპირო ზოლში, რაც 110-ჯერ აღემატება ზდკ-ს. მათი მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა კვარიათში, გონიოსა და ფიჭვნარში - 360/1000 მლ.

შავი ზღვის აუზის აჭარის სანაპირო  ზოლის წყლების (კვარიათი-ფიჭვნარი) კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები დასაშვები ნორმების ფარგლებშია კვარიათში, გონიოსა და ნაწილობრივ-ფიჭვნარში. აღნიშნულ აქვატორიაში ყველაზე გაბინძურებული ადგილია ბათუმის პორტის მიმდებარე სანაპირო ზოლი. აუცილებელია  შავი ზღვის სანაპირო ზოლის სისტემატური  ქიმიურ-ეკოლოგიური მონიტორინგი, რათა შესაძლებელი გახდეს განისაზღვროს მისი დაცვის პრიორიტეტული მიმართულებები და თანამედროვე მეთოდები. კვლევის შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია ზღვის წყლის გაწმენდის  მეთოდების შემუშავება.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა