ეთნოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ურთიერთობას კულტურასთან, მის კოგნიტურ საფუძვლებს; სწავლობს რა ფორმით, რა საშუალებებით აისახება ენაში ამ ენის მატარებელი საზოგადოების - ეთნოსის - შეხედულებები გარესამყაროსა და მის ადგილზე ამ სამყაროში. ამდენად, ეთნოლინგვისტიკა სწავლობს ენას, როგორც ერის კულტურის შენარჩუნებისა და თაობიდან თაობაზე მისი გადაცემის საშუალებას. ეთნოლინგვისტიკა ცნობილია ანთროპოლოგიური ლინგვისტიკის ან ლინგვისტური ანთროპოლოგიის სახელითაც.
ეთნოლინგვისტიკა, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება ენათმეცნიერებაში, გაჩნდა XIX-XX სუკუნეების მიჯნაზე, მას შემდეგ, რაც დაიწყო ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის მრავალრიცხოვანი აბორიგენული ტომების უმწერლობო ენებისა და დიალექტების შესწავლა. ეთნოლინგვისტიკას საფუძველი ჩაუყარა ფრანც ბოასმა. შემდეგ მისი იდეები განავრცეს ედვარდ სეფირმა და ბენჟამინ უორფმა. განსაკუთრებული წვლილი ეთნოლინგვისტიკის თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბებაში მიუძღვის ამერიკელ ლინგვისტს ედვარდ ფოლის. საქართველოში ეთნოლინგვისტური კვლევები დაიწყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან. ამ მიმართულებით შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ივ.ჯავახიშვილმა, არნ.ჩიქობავამ და სხვ.
ეთნოლინგვისტური მიმართულებით კვლევების მიზნით XX საუკუნის 60-70-იან წლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში შეიქმნა აჭარული დიალექტის დარგობრივ ლექსიკის შემსწავლელი ჯგუფი, რომლის წევრებიც 1969 წლიდან კრებდნენ დარგობრივი ლექსიკის მასალებს აჭარის სხვადასხვა კუთხეში. ეს მასალა საინტერესოა არა მხოლოდ ენათმეცნიერული, არამედ ეთნოლოგიური, ფოლკლორული თუ სხვ. მიმართულებათა თვალსაზრისითაც. ამ ლექსიკური ერთეულების კვლევა ნათელს ჰფენს ეთნოსის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის ბევრ ნაკლებად ცნობილ თუ სრულიად უცნობ საკითხს და, ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ისტორიის, ენის, კულტურის შესწავლის თვალსაზრისით.
პრეზენტაციაუკან |