სემინარები

კულტურული ღონისძიებების გამოყენება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის, თერაპიისა და განათლების მიზნით. პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი -- მარინე გურგენიძე სემინარის ჩატარების დრო: 25.06.2018 12 სთ

კულტურული ღონისძიებები, დაკავშირებულია რა კულტურის სხვადასხვა დარგებთან (ცეკვა,  მუსიკა, დრამა, ხელოვნება, მხატვრული კითხვა, ხატვა, სკულპტურა), ეფუძნება ადამიანის შემოქმედებით უნარებს, იმპროვიზირებულად წარმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას ან მასზე დაყრდნობით შექმნილ ახალ შედევრებს. ისინი იძლევა საშუალებას ადამიანში უკვე არსებული რესურსის, პოტენციალის გამომჟღავნების და მისი განვითარებისა.

კულტურული ღონისძიებები გარკვეულ როლს ასრულებენ ინდივიდთა ფიზიკურ, ემოციურ, შემეცნებით, სოციალურ განვითარებაში. მონაწილეთა ინდივიდუალური თავისებურებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად, აძლიერებენ ჯგუფის წევრთა ერთიანობას, ავითარებენ მათში დიალოგისა და თანამშრომლობის უნარს. ისინი იძლევიან საკუთარი ემოციების გამოვლენისა და სოციალური გამოცდილების გამდიდრების საშუალებას, რაც ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბების წინაპირობაა.

სემინარში წარმოდგენილია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა განვითარებისთვის კულტურული ღონისძიებების  მიზანმიმართულად, სწორი მეთოდიკით დაგეგმვის მნიშვნელობის დასაბუთების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები.

შედეგებით, დღეს რეგიონში რეაბილიტაციის, ფიზიკურ-ფსიქიკური თერაპიის და ინტერაქციის, მგრძნობიარობის, კულტურული ცნობიერების ამაღლების მიზნით განათლების ფუნქციის მატარებელი ღონისძიებების რიცხვი არც თუ დიდია. ჩატარებულ ღონისძიებათა უმეტესობა საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფუნქციის მატარებელია და მასში გარკვეული შეხედულების, აზროვნების, განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება. ასეთ ღონისძიებათა რიცხვს მიეკუთვნება ამა თუ იმ სინდრომისადმი ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის მიძღვნილი საღამოები, კონცერტები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. ასეთ შეხვედრებზე მეტად ესმება ხაზი ადამიანთა განსხვავებულობას, რასაც ხშირად უარყოფით შეგრძნებებამდე მიჰყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები. მსგავსი ტიპის ღონისძიებები უფრო საზოგადოების აღზრდის ფუნქციის მატარებელია, ვიდრე ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე პირის რეაბილიტაციის, თერაპიისა თუ განათლებისა.

საკმაოდ ხშირად ტარდება ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მონაწილეობით მიმდინარეობს. ამ სახით დაგეგმილი ღონისძიებები ვერ უვითარებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს და საზოგადოების სხვა წევრებს ერთმანეთთან ინტერაქციისა და ურთიერთობის კულტურას.

ყურადსაღებია იმ კულტურულ ღონისძიებათა სიმცირე, რომლებშიც ნებისმიერი შესაძლებლობების პირები ერთად ერთვებიან უნარების ფარგლებში და სწორადაა განსაზღვრული ღონისძიების შედეგად მიღწეული შედეგები თითოეული მონაწილისთვის. მსგავსი ღონისძიებები არა მარტო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის არის რეაბილიტაციის, თერაპიისა და განათლების ხელშემწყობი, არამედ საზოგადოებისთვისაც მეტი აღმზრდელობითი ფუნქციის მატარებელია - ხდება განსხვავებულობის მიმღებლობა, ვითარდება თანადგომისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობები. აუცილებელია მსგავსად დაგეგმილი ღონისძიებების სიხშირის ზრდა, განსაკუთრებით სწავლების სკოლამდელ და სასკოლო საფეხურებზე. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა