უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების კვლევა ისტორიული მეცნიერებისათვის ერთ - ერთი ურთულესი სფეროა. ინტერესი ამ პრობლემის მიმართ განპირობებულია იმ დიდი მნიშვნელობით, რაც რკინამ შეასრულა ძველ საზოგადოებათა ცხოვრებასა და კაცობრიობის კულტურის წინსვლაში. ამიტომ ბუნებრივია ის დიდი დაინტერესება, რასაც ამ ლითონის წარსულის გარკვევაში იჩენენ თანამედროვე უცხოელი თუ ქართველი მეცნიერები. დღესაც მეცნიერული დავისა და მსჯელობის საგანია საკითხი იმის შესახებ, თუ როდის გაეცნო ადამიანი თავდაპირველად რკინას, სად, როგორ ან ვინ დაეუფლა პირველად ამ ლითონის გამოდნობის საიდუმლოს. საგულისხმოა, რომ უძველესი რკინის წარმოების საკითხებით თავის დროზე ანტიკური ხანის ავტორებიც (ქსენოფონტე, არისტოტელე და სხვ.) დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ რკინის ადრეული გამოყენება (რკინის არტეფაქტების/ ნივთების სახით) ფიქსირებულია ძველი აღმოსავლეთის მრავალ დაწინაურებულ ქვეყანაში (ეგვიპტესა და მესოპოტამიაში, სირია-პალესტინაში, ანატოლიაში, საბერძნეთში, ირანის აზერბაიჯანში), მაგრამ რკინის ადრეული წარმოების დოკუმენტური მოწმობა – რკინის სადნობი სახელოსნოების ადრეული ჯგუფი, ჯერ-ჯერობით არაა დადასტურებული ამ რეგიონებში, ყოველ შემთხვევაში იმ მასშტაბის საწარმოები, რა მასშტაბითაც ეს ქვეყნები რკინა-ფოლადს მოიხმარდნენ.
ამ მხრივ, სხვაგვარი ვითარებაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე - კოლხეთში, სადაც ქართველი სპეციალისტების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად დადასტურდა, რომ ისტორიული კოლხეთის მთელი მთისწინეთი ძვ.წ. II ათასწლეულის I და II ნახევარში, ასევე, I ათასწლეულის პირველ მესამედში მოფენილი იყო სხვადასხვა სიმძლავრის რკინის საწარმოო კერებით, რომელთა ძირითად ერთეულს შეადგენდა რკინისსადნობი სახელოსნო. აღსანიშნავია, რომ ასეთი სიმძლავრის მეტალურგიული ცენტრი ჯერ-ჯერობით არაა დადასტურებული არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელ ძველ აღმოსავლეთში. მოპოვებული მასალების შუქზე დღეისათვის გამოიკვეთა კონტურები მეცნიერული მტკიცებისა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (ისტორიული კოლხეთი) წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვან რეგიონს, სადაც ხდებოდა უძველესი რკინის წარმოება.
პრეზენტაციაუკან |