გასული საუკუნის 80-90-იანი წლები ქართულ მწერლობაში პოსტმოდერნიზმის ჩასახვისა და განვითარების ხანაა. ამ გარდამავალ, ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როცა ,,ეპისტემოლოგიური დაეჭვება“ საყოველთაო ხასიათს იძენს, ღირებულებათა გადაფასება კი შეუქცევად პროცესად იქცევა, დიქტატორული სახელმწიფოს ნგრევის ეპოქაში პოლიტიკაში დაიწყო ფემინისტური მოძრაობის, ლიტერატურაში კი ქალი-ავტორების გააქტიურება.
ეს პროცესი მეტნაკლებად მსგავსად მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგალითად, ისევე როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების რუსულ ლიტერატურაში წარმოიშვა ე.წ. ,,ქალური პროზა“ (სვეტლანა ვასილენკო, ლარისა ვანეევა, ოლგა ტატარინოვა, ირინა პოლიანსკაია, ნინა გორლანოვა და სხვები, რომლებმაც შექმნეს გაერთიანება ,,ახალი ამაზონები“), ქართულ მწერლობაშიც გამოვლინდა (თუმცა არა ასე ორგანიზებული ფორმით) ფემინისტური მიმართულებები.
თუ გენდერული კუთხით თვალს გადავავლებთ მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურას, ზოგადად ვიგრძნობთ ქალი-ავტორების ნაკლებობას, მით უმეტეს ისეთი ავტორებისა, რომლებმაც მამაკაცების გვერდით ღირსეული ადგილი დაიკავეს, ვთქვათ, როგორც პოეზიაში ანა კალანდაძემ, ხოლო პროზაში ნაირა გელაშვილმა.
ბევრისმთქმელი ფაქტია, რომ ქალი-მწერლების მიერ განსხვავებული დისკურსის მქონე ტექსტების შექმნა სწორედ ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევას დაემთხვა. ანა კორძაია-სამადაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, მაკა მიქელაძე, ეკა ღაღანიძე, თეონა დოლენჯაშვილი, მაია ნანობაშვილი, ნინო თარხნიშვილი - ის ქალი-მწერლებია, რომლებმაც თამამად შემოიტანეს ეროტიკა, ევფემიზმების გარეშე საუბარი სექსსა და ფიზიკურ სიამოვნებაზე. ბუნებრივია, ამგვარი ენობრივი ნატურალიზმით აღბეჭდილი პასაჟები ამ მიმართებით სტერილურ ენას შეჩვეულ მკითხველზე შოკისმომგვრელად ზემოქმედებს და სავსებით სამართლიანად აღიქმება ეპატაჟისა თუ ამბოხის თავისებურ ფორმად, რაც ასევე დამახასიათებელია პოსტმოდერნისტული ეპოქის ,,წერილობისთვის“.
ქალი-ავტორების პროზაში დამკვიდრების საერთო სურათის შესაქმნელად, გადავხედეთ მოთხრობათა კრებულებს - ,,15 საუკეთესო მოთხრობა“, რომლებსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ადგენდა და გამოსცემდა ყოველწლიურად 2001 წლიდან. საინტერესოა, რომ პირველ - 2001-2002 წლების კრებულში - არცერთი ქალი-ავტორი არაა წარმოდგენილი. 2002-2003 წლის კრებულში - სამი ქალი-მწერლის: სოფო კირვალიძის, მაკა მიქელაძისა და მარიანა ნანობაშვილის მოთხრობებია დაბეჭდილი. მათი რიცხვი თანდათან იზრდება და მამაკაცი მწერლების რაოდენობასაც კი აჭარბებს, მაგალითად, 2013 წლის 15 საუკეთესო მოთხრობიდან ცხრის ავტორი ქალია . ეს რაც შეეხება სტატისტიკას. პერსონაჟთა სახეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით კი ქალი-ავტორების ინტერესის საგანი ძირითადად საზოგადოების მარგინალური ნაწილია, რა თქმა უნდა, ქალები: მეძავები (ჩვეულებრივი თუ ელიტური, მათგან ზოგი ქონებას აგროვებს და კარიერას იკეთებს, ზოგიც მომაკვდავებს ემსახურება: თეონა დოლენჯაშვილი, ,,რეალური არსებები“, ნინო თარხნიშვილი, ,,თლюკი და юკი“), ნარკომანები,ლესბოსელები, ფრიგიდულები, ფსიქოლოგიური გადახრების მქონე, ათასი კომპლექსით შეპყრობილი შინაბერები (ირმა მალაციძე, ,,მაკოს მზითევი“, თამრი ფხაკაძე, ,,შინაბერას მონოლოგი“), ცხოველური ვნებით შეპყრობილნი (თეონა დოლენჯაშვილი, ,,Animal Planet”), გონებასუსტნი (მიკა კიკაჩეიშვილი, ,,მარიკა“), მათხოვრები, ფიდაები ანუ თვითმკვლელი-ტერორისტები (თეონა დოლენჯაშვილი, ,,ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე“) და ა.შ., რომელთა ,,ოცნებების მთელი კორიანტელი საკმაოდ ამოწურვადია. მცირედი შესწორებებით - ლამაზი ოცნებობს პოპულარობაზე, ჭკვიანი - კარიერაზე, სულიერი - სრულყოფაზე... ყველა ერთად - გაცვეთილ, ბანალურ ,,თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე“ ; მაგრამ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ასეთი პრინცების მაგივრად უხეში, გულგრილი, კონფორმისტი, უყურადღებო ,,ძლიერი სქესის სუსტი წარმომადგენლები“ ხვდებათ, რომელთათვისაც ,,აგრესიული ფორმები და მძლავრი მასკულინური ენერგეტიკა - საუკეთესო შეფუთვაა“ და რომელთაც სწამთ, რომ ,,მომავალი ტექნოლოგიებისაა და არა - კულტურის“, შესაბამისად, რობოტი-მეძავების ბორდელად ქცეულ სამყაროში გრძნობების ადგილი აღარ რჩება .
სამართლიანობისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ სამყაროსთან ჰარმონიაში არც მამაკაცები არიან, ისინიც მარტოობისთვის არიან განწირულნი (ისინიც ხომ პოსტმოდერნის ეპოქის შვილები არიან): ,,მის ცხოვრებაში კარგა ხნის წინ დამდგარიყო მისი პირადი, პერსონალური აპოკალიფსი - სრული და აბსოლუტური მარტოობა“.
ძირითადად პოსტსაბჭოთა ფემინისტური პროზა მსგავსია თავისი განვითარების ტენდენციებით: ქალი-მწერლების შემოქმედებაში ,,ტრავმატული ქალი-სუბიექტი იძენს რეალურ სახესა და ხმას“, ქალებს აქვთ სურვილი, განაცხადონ საკუთარი სხეულისა და მისი მოთხოვნილებების შესახებ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ოფიციალური დისკურსის მიერ ითრგუნებოდა . ეს ქალური საწყისი ამ პროზაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოვლინდა მარგინალურის, მეორეხარისხოვნის, არაადეკვატურის და, რა თქმა უნდა, ოფიციალური, იდეალური მამაკაცურისგან განსხვავებულის სახით.
ბოლო პერიოდის ქართული ფემინისტური პროზის ძალიან ზოგადი მიმოხილვითაც ჩანს, რომ მისთვის დამახასიათებელია ფემინიზმის სხვადასხვა მიმდინარეობის, მათ შორის ფსიქოანალიზური, ლიბერალური, პოსტკოლონიური და სხვა მიმართულებების მიქსის გამოყენება.
ასე რომ, ქართული პოსტმოდერნიზმი, რომელიც ფემინისტური მოძრაობის მესამე ტალღას დაემთხვა, ,,ქალური პროზის“ გააქტიურებით გამოირჩა და საინტერესო ტენდენციებიც დასახა. როგორ განვითარდება ეს ტენდენციები, რამდენად ორგანულად ჩაეწერება ის ქართულ სალიტერატურო სივრცეში, ამას მომავალი გვიჩვენებს.
პრეზენტაციაუკან |