საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 26 წლის შემდეგ სოციალური ფონი კვლავ მძიმეა. მაღალია უმუშევრობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა პროცენტული წილი. დაბალია პენსია და სოციალური შემწეობები.
საქართველოში ამჟამად მოქმედებს სოციალური საპენსიო სისტემა. ე.წ. pay-as-you-go. ამჟამად არსებული დასაქმებულები აფინანსებენ პენსიონერებს. ეს თავის არსით უფრო სოციალური დახმარებაა ვიდრე პენსია.
ახლო მომავალში პენსია ვერ გახდება 300 ლარიც კი, რაც თავისთავად ასევე ძალიან მცირე თანხაა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს და რომელიც სრულყოფილად 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში.
ახალი საპენსიო სისტემის მიხედვით, თითოეული მონაწილე საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აგროვებს თანხას, სადაც 2%-ს დამსაქმებელი უხდის, 2%-ს იხდის თავად საკუთარი ხელფასიდან თუ შემოსავლიდან და 2%-ს უმატებს სახელმწიფო. ანუ მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.
შემოთავაზებული საპენსიო სისტემა ითვალისწინებს დაგროვილი თანხის ინვესტირებას, რის შედეგადაც პენსიონერს დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალიც.
ერთი შეხედვით აღნიშნული მოდელი ბევრად უფრო სამართლიანია, რადგან ის ითვალისწინებს ინდივიდუალურ ფაქტორებს – წვლილს, რომელიც ადამიანმა შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ადამიანის სიბერე ნაკლებად არის დამოკიდებული კონკრეტული მთავრობის ხედვასა და შეფასებაზე პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით.
მაგრამ, საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმას გააჩნია მთელი რიგი ნაკლოვანი მხარეები, რისკები. მიუხედავად ამისა, საპენსიო რეფორმა დროის გამოწვევითაა განპირობებული და იგი პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს არსებული ნაკლოვანებები და გატარდეს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები მთავრობის მხრიდან.
უკან |