ენის სწავლებისას ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მისი კომუნიკაციური ასპექტია. ამიტომ უცხო ენის მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს კომუნიკაციური აქტივობების შერჩევასა და მის სწორად დაგეგმვაზე. უამრავი მიზეზი არსებობს, იმისთვის, თუ რატომ უნდა ჩაერთონ სტუდენტები კომუნიკაციურ აქტივობებში. ძირითადად, აუდიტორიაში ჩატარებული კომუნიკაციური აქტივობები ემყარება და ასახავს რეალურ სამყაროში გამოყენებულ კომუნიკაციურ ფორმებს. სტუდენტები, თავის მხრივ, ცდილობენ გამოიყენონ ის ენობრივი სტრუქტურები, რასაც ფლობენ სიტუაციის რელევანტურად და ახდენენ ამ ენობრივი ელემენტების აქტივაციას. შედეგად, სტუდენტები თანდათანობით ყალიბდებიან ენის ავტონომიურ მატარებლად და, შესაბამისად, ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, ხარვეზებისა და პროგრესის განსაზღვრას. სტუდენტები ხშირად ენას არა ლინგვისტური თვალსაზრისითაც გამოიყენებენ. მასწავლებლის მიერ შერჩეული კომუნიკაციური აქტივობები მხოლოდ საინტერესო არ უნდა იყოს, ის უნდა იწვევდეს სტუდენტებში დიდ კმაყოფილებას. ასევე მასწავლებელზეა დამოკიდებული სტუდენტებში უცხოურ ენაზე საუბრის შიშის დაძლევა და თვითდაჯერებულობის გაზრდა, ჩვენ უნდა ვამხნვებდეთ და სტიმულს ვაძლევდეთ სტუდენტებს დაამყარონ კომუნიკაცია უცხოურ ენაზე. საბოლოო ჯამში, სტუდენტები ავტომატურად იყენებენ უცხო ენას, რაც კომუნიკაციური აქტივობის უმთავრესი მიზანია. აქტივობები, როგორებიცაა: ინტერვიუ და როლური თამაში, წარმოადგენს რეალურ სამყაროში არსებული სიტუაციების ერთგვარ „რეპეტიციას“. არსებული გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მსგავსი, რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული აქტივობები ამაღლებს სტუდენტების მოტივაციას, აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილზე გამოყენებულ კომუნიკაციურ აქტივობებში. თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილები მთლიანად უნდა იყოს კომუნიკაციური ხასიათის, რათა შეძლონ სტუდენტებმა ენის რეალურ სამყაროში ავტომატურად და სიტუაციურად გამოყენება. თუ რა პრობლემები იჩენს თავს სწავლების დროს, რა სახის აქტივობების დაგეგმვაა ეფექტური, რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ სწავლებაში სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კომუნიკაციური კომპენტეციის გაზრდაში - სწორედ ამ საკითხებზე მოვაგროვე საჭირო მასალა და კვლევის შედეგებს წარმოვადგენ ჩემს სამეცნიერო ნაშრომში.
პრეზენტაციაუკან |