თურქეთის ტერიტორიაზე ართვინის ვილაეთსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრები ლაზები და ქართველები ქართული მეცნიერული კვლევის ობიექტი ხშირად ხდება. ეს რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული ძირძველი ქართველებითა და ლაზური მოსახლეობით. მათ დღემდე შემოინახეს მათი ენა და ტრადიციები. ისინი ისტორიული ბედისწერის შედეგად თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში აღმოჩნდნენ, რამაც გამოიწვია საკომუნიკაციო ორი ენის გამოყენება - თურქულის, როგორც ამ ქვეყნის სახელმწიფო ენისა და ასევე ქართულისა და ლაზურის, როგორც მშობლიურის. მეცნიერები ჭოროხის აუზში მცხოვრები ნაწილი ქართველების ქართულს კლარჯულს უწოდებენ, გამომდინარე ამ რეგიონის ძველი ქართული სახელწოდებიდან - კლარჯეთი. ხანგრძლივი თანაცხოვრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ენობრივი ასიმილაციისა, რომელსაც ვერც კლარჯულმა აუარა გვერდი და ვერც ლაზურმა, ისინი სავსეა თურქული ლექსიკური ელემენტებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ნასესხობა მოხდა ძველი თურქული ენიდან - ოსმალურიდან, რომელმაც შემდგომში ფონეტიკური ცვლილებები თანამედროვე თურქული ენის ზეგავლენით განიცადა. მაგრამ ნასესხობათა სერია შეუჩერებელი პროცესია და ის მიმდინარეობს მუდამ. ამის ძირითადი მიზეზი მშობლიური ენის პასიურ ფაზაში გადასვლამ და თურქული ენის აქტივობამ გამოიწვია.
პრეზენტაციაუკან |