მოლეკულურმა ბიოლოგიამ ფართოდ გააღო ახალი გზით ემბრიოლოგიის სწავლების კარი და გააძლიერა ჩვენი გაგება ნორმალური და არანორმალური განვითარების შესახებ. ადამიანის გენომის სეკვენირებამ, გენის რეგულაციების შესწავლამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ემბრიოლოგია განვითარების ახალ დონეზე აიყვანა. ამგვარად, ანატომიურიდან დაწყებული ბიოქიმიურითა და მოლეკულური დონით დამთავრებული ემბრიოლოგია განიცდის პროგრესირებას. სემინარში განხილულია ემბრიოგენეზის პროცესში მიმდინარე ზოგადი კანონზომიერებები გენეტიკის თვალთახედვით. ადამიანის სხეული აგებულია დაახლოებით 200 სხვადასხვა ტიპის უჯრედისაგან, მაშინ როცა ადამიანის გენომი ყველა ტიპის უჯრედში ერთიდაიგივეა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ინდივიდში ყველა უჯრედს თავისი სპეციფიკური აგებულებისა და ფუნქციის მიუხედავად გააჩნია დნმ–ისა და გენების ზუსტად მსგავსი თანმიმდევრობები. განსხვავებული უჯრედული ტიპები წარმოიშობა ერთეული წინამორბედი უჯრედებისაგან პროლიფერაციის ხარჯზე და საბოლოოდ დიფერენცირდება ისეთ უჯრედად, რომელსაც ახასიათებს უნიკალური სტრუქტურა, ფუნქცია და ქიმიური შემადგენლობა. უჯრედში სპეციფიკური ცილის სინთეზიდან დაწყებული უჯრედული დაყოფის სპეციფიკური ტიპისა და წინამორბედი უჯრედის მიკროგარემოს გათვალისწინებით წარმოიქმნება უჯრედული თაობები. აღნიშნული უჯრედულ მოდგმას შეუძლია როგორც ორგანიზმის შენარჩუნება, ასევე ორგანიზმში სპეციფიკური ფუნქციის შესრულება. სემინარის ფარგლებში დეტალურადაა ახსნილი ემბრიოგენეზის პროცესში მიმდინარე გენების ექსპრესიის თავისებურებანი. ასევე ხაზგასმითაა საუბარი ადამიანის ემბრიოგენეზის დროს ზრდის ფაქტორების უმნიშვნელოვანეს როლზე.
უკან |