თარგმანის როლი კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში საყოველთაოდ ცნობილი და უდავოა. ამიტომაც, თარგმანი ბევრი სწავლულის, მწერლის, კრიტიკოსის, თარგმანის პრაქტიკოსისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინებში მომუშავე მკლევართა ინტერესს იწვევს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კვლევებმა თარგმანის თეორიასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ჩამოყალიბდა თარგმანმცოდნეობის საბაზისო თეორიული კონცეფციების საკმაოდ მდიდარი ფონდი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანმცოდნეობის, გარკვეული ნაწილი დარჩა არასაკმარისად შესწავლილი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნაკლებად გამოკვლეული და ახსნილი.
თარგმანცოდნეობა მოიცავს მთელ რიგ ურთიერთდამოკიდებულ დისციპლინებს, კერძოდ: თარგმანის ისტორიას, თარგმანის ზოგად თეორიას, თარგმანის კერძო თეორიას, თარგმანის კრიტიკას, მეთოდიკას. ჩვენი სემინარის განხილვის თემა თარგმანის ისტორიის საკითხებს შეეხება. შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ძველი მსოფლიოს თარგმანის ისტორიის პრობლემური საკითხები კონკრეტულ პირობებში, კონკრეტულ ქვეყნებში. აქ საქმე გვაქვს არა მარტო მხატვრული ნაწარმოებების თარგმანებთან, არამედ წერილობითი თარგმანების სხვა სახეებთან (ისტორიული, ფილოსოფიური, სამეცნიერო, რელიგიური და სხვ.).
პრეზენტაციაუკან |