ეპოქის სირთულის გამო, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა, წინააღმდეგობრივ და თავისებურ ხასიათს ატარებს. მასში აშკარად იგრძნობა ნიჰილიზმი, რომელიც ცნობილი მწერლის, სემიუელ ბეკეტის ნიჰილიზმს გვაგონებს. თანამედროვე ფრანგი მწერლები ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე საუბრობენ ამ ნიჰილიზმის გამომწვევ მიზეზებსა და თანამედროვე მსოფლიოს პრობლემებზე. მათი შემოქმედებითი მეთოდი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ნატურალიზმი, თუმცა დღესდღეობით ისეთი მწერლების კონკრეტულ მიმართულებებში მოთავსება, როგორიცაა მიშელ ტურნიე, ფრედერიკ ბეგბედერი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო, მიშელ უელბეკი (რომლებზეც ნაშრომში ვსაუბრობთ) თუ სხვა, თითქმის შეუძლებელია. თანამედროვე მწერლობაში ახალი ფორმებისა თუ სიუჟეტების გაჩენა ავტორს აღარ ზღუდავს კონკრეტული მიმდინარეობის ჩარჩოებით, თუმცა ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც თითოეული მწერალი განცალკევებულად წარმოდგება, მკითხველს ორიენტაცია უძნელდება. ერთი რამ კი უდავოა, მათი შემოქმედება XXI საუკუნის ანარეკლია, ამ საუკუნისთვის დამახასიათებელი განცდებით და არსებული რეალობით, რომელიც ხშირად, მათსავე მრავალფეროვანი და სკანდალური ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს. საზოგადოებისთვის საჭირბოროტო თემებზე აგებულ ნაწარმოებებში, ფრანგი ავტორები სათქმელს მკვეთრად გამოხატავენ, რის გამოც მათ ნაწარმოებებს რომანი-პროტესტის სახე აქვს. სწორედ ეპოქალური და რეალისტური ნაწარმოებების განხილვის მაგალითზე ვაჩვენებთ ფრანგული ლიტერატურის ძირითად ტენდენციებს, სადაც უმთავრესად თანამედროვე საზოგადოების ნაკლის ჩვენება იკვეთება.
პრეზენტაციაუკან |