სემინარები

კოლხეთი და ანტიკური სამყარო- ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოც.პროფესორი ემზარ კახიძე 16.07.2018 წელი 12:00 სთ აუდიტორია #3

პოლისური (საქალაქო) ცხოვრების განვითარებამ, ვაჭრობისა და ხელოსნობის აღმავლობამ ძვ.წ. VIII ს-ის საბერძნეთში დასაბამი დაუდო საკოლონიზაციო საქმიანობას. ახალშენები მეტროპოლიისგან დამოუკიდებელი ქალაქები იყო და კონტინენტური საბერძნეთის მსგავსად დეცენტრალიზირებული პოლიტიკური სისტემისკენ ილტვოდნენ.

შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონების მსგავსად, ელინები ძვ.წ. VII ს ბოლოს კოლხეთშიც გამოჩნდნენ (ბათუმისციხე, პეტრა-ციხისძირი). ძვ.წ. VI ს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცირეაზიური პოლისის, მილეთის წარმომადგენლებმა ახალშენები (ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი), ხოლო ძვ.წ. V ს კონტინენტური საბერძნეთის ცენტრმა ათენმა სავაჭრო ფაქტორია (ფიჭვნარი) დაარსეს. ამან მნიშვნელოვანი სტიმული მისცა კოლხეთში საქალაქო ცხოვრების, ვაჭრობის და ხელოსნობის განვითარებას, აგრეთვე ადგილობრივი სახელმწიფო სისტემის მოდერნიზაციას.

მთლიანობაში მოახალშენეებმა მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. მაგალითად, ფიჭვნარში ელინთა და კოლხთა სასაფლაოები გვერდიგვერდაა, რაც უნიკალური მოვლენა პონტოსპირეთისათვის. სამარხეული ინვენტარიდან აშკარად იგრძნობა ურთიერთზეგავლენა. კოლხეთში ჩნდება არამარტო იმპორტული ნაწარმი, არამედ ელინური ხელოსნური წარმოებისთვის დამახასიათებელი ფორმების დამკვიდრება; ცვლილებები ჩანს დაკრძალვის წესებში (სააღაპო მოედნების გამართვა, მიცვალებულის დაკრძალვის მიმართულება, პირში მონეტის ჩატანება და ინდივიდუალური სამარხების საბოლოო პრიორიტეტი). ახალი ელემენტები შემოდის კოლხურ მითოლოგიაში, რომელიც ელინური სამყაროსთვის დამახასიათებელი რწმენა-წარმოდგენებით მდიდრდება.

თუმცა, ბერძნული აკულტურიზაცია მოსახლეობის მცირე ნაწილს (სანაპიროს მცხოვრებლები და ელიტა) შეეხო. ჰინტერლანდში მცხოვრებთა ძირითად მასებში ადგილობრივი კულტურული ფასეულობები მყარად შენარჩუნდა. ცვლილებები მხოლოდ იკონოგრაფიაში, გარეგნულ ნიშნებში აისახა.

ხმელთაშუაზღვისპირეთისა და პონტოსპირეთის უმეტესი რეგიონისგან განსხვავებით, ადგილობრივი სახელმწიფომ და ზოგიერთი სხვა სპეციფიკურმა ფაქტორმა შეაფერხა პოლისური ინფრასტრუქტურის განვითარება, რამაც, საბოლოო ჯამში, კოლხეთის ანტიკური სამყაროს არაორგანულ ნაწილად ჩამოყალიბება განაპირობა. მეორე მხრივ, სწორედ ბერძნებთან არსებულმა ინტენსიურმა ურთიერთობებმა ხელი შეუწყო კოლხეთის და მთლიანად ძველი საქართველოს აღმოსავლური (სპარსული) ზედმეტი ზეგავლენიდან გათავისუფლებაში და თავისი ჩრდილოკავკასიელი მეზობლებისგან განსხვავებით, რომლებიც ანტიკურ ცივილიზაციასთან დისტანცირებულ მდგომარეობაში იყო, ჩაერთო დასავლეთისაგან მართულ მსოფლიოისტორიულ პროცესში, რაც ელინისტური, შემდეგ კი რომაული სამყაროს გავლეის ქვეშ მოქცევით გამოიხატა.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა