ეფთვიმე ათონელის თარგმანთა შორის ერთ–ერთი გამორჩეულია შედარებით პატარა თხზულება – ,,თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა თეოფანე მთავარეპისკოპოსისაჲ, კესარია კაპადუკიელისაჲ.“ ძეგლი თარგმნილია ბერძნულიდან. ორიგინალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ, ვერც ავტორის შესახებ მოვიძიეთ ცნობები.
თხზულება დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A1101 ნუსხაში; რომელიც 1047 წელს არის გადაწერილი. კრებული წარმოადგენს ასკეტიკონს, შედგება 249 ფურცლისაგან. ხელნაწერი შესრულებულია ეტრატზე XI ს. კუთხოვანი ნუსხურით, სათაურები – სინგურით, აქვს ხის მაგარი ყდა, სადა ტყავით შემოსილი. გადაწერილია საბერძნეთის მთაწმინდის ღვთისმშობლის მონასტერში, გადამწერია არსენი გოგოფაი (აღწ.IV.1953:66–73).
თეოფანეს თხზულება მოიცავს A1101 ხელნაწერის 170r –196r გვერდებს. ,,თქუმული“ წარმოადგენს მორწმუნეთა დასამოძღვრ სიტყვებს, ქადაგებებს; ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სულ ხუთი ასეთი ქადაგებაა. ესენია: 1. ,,თქუმული სულისა მიმართ თჳსისა;“ 2.,,თავისა თჳსისა მიმართ;“ 3. ,,ლოცვაჲ სინანულისათჳს;“ 4. ,,შიშისათჳს ღმრთისა“ და 5. ,,სწავლაჲ მცნებათა ღმრთისათა დაცვისათჳს.“
აღნიშნული თხზულება დაცულია აგრეთვე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. შესულია იგი ასკეტიკურ კრებულში (XIX ს.) №234 (გვ.187r–243r). შესრულებულია მხედრულით, სათაურები სინგურით. ძეგლის სახელწოდებაა: ,,თქუმული წმიდისა მამისა ჩვენისა თეოფანე მთავარეფისკობოზისა, კესარია კაპადუკიელისა, სულისა მართვისა თვისისა“ (აღწ.I. 1953:417).
,,თქუმულის“ ენა ძირითადად მიჰყვება ძველი, კლასიკური ქართულის ნორმებს.
ლექსიკა ძირითადად ძველი, კლასიკური ქართულისაა. დამახასიათებელია სინონიმური წყვილები, რომელთა კომპონენტები ნიუანსურად მეტ ნაკლებად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, გვხვდება სხვა ძეგლებითაც ცნობილი სინონიმური წყვილები.
აღნიშნული ტექსტს ლექსიკონით და გამოკვლევით უახლოეს ხანში იხილავს საზოგადოება.
პრეზენტაციაუკან |