ლინგვისტური თვალსაზრისით ენაში არსებული ყოველი სიტყვის კვლევა უნდა განხორციელდეს როგორც ლექსიკოლოგიის, ისე მორფოლოგიის პოზიციებიდან. ლექსიკური ერთეულის, განსაკუთრებით კი კომპოზიტების შესწავლისას შინაარსობრივ მხარესთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს სიტყვის შედგენილობას, მის სტრუქტურულ აგებულებას და მაწარმოებელთა ხასიათს. სწორედ სიტყვაწარმოების საკითხი, ანუ დერივაცია გახდა ამ ბოლო დროს მრავალი უცხოელი და ქართველი მეცნიერის კვლევის პრიორიტეტული მიმართულება. კომპოზიცია – ანუ სიტყვათშეერთება არის ახალი სიტყვის წარმოქმნისა და ლექსიკის გამდიდრების ერთერთი საშუალება. ქართულ ენაში, ისევე როგორც სხვა ენებში, ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება სწორედ კომპოზიციის ფენომენია. ამიტომაც, ჩვენი მიზანია შევისწავლოთ კომპოზიტური არსებითი სახელების თავისებურებები ინგლისურსა და ქართულ ენებში და შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ ამ ორ ენას შორის მსგავსება-განსხვავებანი დერივაციული მორფოლოგიის ჭრილში. კერძოდ, ჩვენს ამოცანას წარმოადგენს ფუძეგაორკეცებული და ნაირფუძიანი, ერთცნებიანი და ორცნებიანი კომპოზიტების სტრუქტურულ-სემანტიკური თავისებურებანისა და მართლწერის საკითხების შესწავლა.
პრეზენტაციაუკან |