სემინარები

ფსიქოლოგიური და ეგზისტენციალისტური თემები აკაკი წერეთლისა და ვაჟა– ფშაველა შემოქმედებაში - -ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი ასისტენტ პროფესორი მალხაზ ბალაძე. 15.07.2018 311 აუდიტორია

           ფსიქოლოგიზმს ლიტერატურის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ, მას შეუძლია გახსნას ადამიანის ხასიათი და მისი მოქმედების მოტივაციები.   მე– 19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში ფსიქოლოგიზმი ერთ–ერთ ძირითად თემად იქცა.       ჩვენ ამ თემაში აღვნიშნავთ რამდენიმე ფსიქოლოგიურ და ეგზისტენციალურ საკითხს, რომელსაც შეეხო მე–19 საუკუნის ქართული ლიტერატურა.

ერთ–ერთი ფსიქოლოგიური საკითხი, რომელიც იკვეთება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურის პერსონაჟების ხასიათში, არის ის, რომ  რაიმე პრობლემისა და კრიზისის დროს, ანუ, როგორც ეგზისტენციალისტები ამბობენ, „ზღვრულ სიტუაციაში“ვლინდება ადამიანის ჭეშმარიტი არსი, ამოტივტივდება ზედაპირზე დაფარული არაცნობიერი, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ცნობიერების მიერ არის შენიღბული, ან მისთვისაც სრულად გაუგებარი.

პირველი, რასაც ეგზისტენციალისტები აღიარებენ, არის ის, რომ ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს, ნამდვილ ჭეშმარიტებას, იგი ჩაფლულია „მუნ“ ყოფიერებაში, ყოველდღიურ ვნებიან სამყაროში;თვითშმეცნებისათვის საჭიროა მუნ ყოფიერებიდან გამოსვლა, საკუთარი თავის დანახვა „გარედან“. ამაში ადამიანს ეხმარება შიში და ყველაზე ძლიერი ეს არის სიკვდილის შიში. ისინი ამას „საზღვრით“, მეორენაირად, „ზღვრულ ლტუაციას“უწოდებენ.

ახლა ვნახოთ, ლიტერატურაში, ყოველგვარი ფილოსოფიური ცნებებისა და ცოდნის გარეშე,როგორ მივიდნენ მწერლები ანალოგიურ ჭეშმარიტებამდე, მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: აკაკი წერეთლის „გამზრდელში“ საფარ– ბეგი სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარზე დადგა. იგი მუხლებზე დგას ბათუს წინაშე და სიკვდილის ღირსად თვლის თავის საქციელს; ასევე მოთხრობაში „ სოლომონ დიდი იმერეთის მეფე“ მთავარი პერსონაჟები–ჯაფარა ჯაფარიძე და როსტომ ერისთავი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდებიან; ანალოგიურია გლახას მდგომარეობა მოთხრობაში „ნამდვილი ამბავი“. საინტერესო ისაა, რომ ყველა ჩამოთვლილ პერსონაჟებში დიდი სულიერი გარდატეხა ხდება, ისინი გმობენ წარსულს და გვევლინებიან ახალ ადამიანებად, ისეთებად, ქრისტიანობაში „ხელმეორედ დაბადებას რომ უწოდებენ.

ეხლა მივმართოთ ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას: ალუდა ქეთელაური („ალუდა ქეთელაური“), მინდია („გველის მჭამელი“), ზვიადაური და ჯოყოლა (სტუმარ–მასპინძელი“) ანალოგიურ სიტუაციაში, ანუ სიკვდილ–სიცოცხლის მიჯნაზე დგებიან. მხოლოდ მას შემდეგ ხდება მათში ფერისცვალება და რაღაც ახლის აღმოჩენა თავის თავში.ეგზისტენციალისტურად „მანში“ ჩაურთველობა, გასაღებია რეალური ხედვისა და მოვლენის ღრმა წვდომისა. ვერც ლიტერატურაში ვიპოვით მაგალითს, როცა პერსონაჟის სულიერი ტრანსფორმაცია სოციალურ გარემოში „ჩართულობის“ დროს მომხდარიყოს. ეს ამ ფილოსოფიური პრობლემის მხატვრული სახეებით ასახვის პროცესია და „მეცნიერებს ჯიუტად არ უნდათ შინაგანად აღიარონ ცნებებით აზროვნების მიმართ მხატვრული სახეებით აზროვნების უპირატესობა. საქმე ის გახლავთ, რომ მხატვრული სახეებით გამოთქმული ჭეშმარიტება შეუცვლელია, მარადიულია. ხოლო ცნებებით გამოთქმული აზრი შეიძლება ხვალ შეიცვალოს სხვა, ჭეშმარიტებასთან უფრო მიახლოებული აზრით…მხატვრული სახეებით გამოთქმული ჭეშმარიტება შეუცვლელია, მარადიულია“ (სულაკაური)

ასევე მეორე ძირითადი კონცეფცია ეგზისტენციალისტებისა გახლავთ ის, რომ საჭიროა გასვლა იმ წრიდან, სადაც მოძრაობს ადამიანი.მაგალითისთვის მხოლოდ ერთს მოვიყვანთ: ალუდა წავიდა, დაედევნა მტერს, აღმოჩნდა მასთან პირისპირ, ანუ გავიდა იმ წრიდან, იმ ყოველდღიურობიდან და ერთფეროვნებიდან, რომელშიც მოძრაობდა (მსჯელობის დროს ფართოდ გავხსნით ამ საკითხს).

ასევე მნიშვნელოვანია ეგზისტენციალისტებისათვის ადამიანის არჩევანის, თავისუფლების და პასუხისმგებლობის საკითხი. ეს თემებიც ფართოდ იშლება აღნიშნულ ნაწარმოებებში.

ამდენად, იმას რასაც ფილოსოფია, ამ შემთხვევაში, ეგზისტენციალიზმი, ფილოსოფიური დაკვირვებით, მსჯელობით და ლოგიკით აღწევს–გამოაქვს დასკვნები და აყალიბებს ცნებებს, ლიტერატურა მას მხატვრული ასახვით წვდება და აღმოაჩენს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა