ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასება საქარ¬თველოში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რადგან ქვეყნის რელიეფური პირობები, პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არასაკმარისი რაოდენობა, დაუსახლებელ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები მავნე ნივთიერებებით ატმოსფეროს დაბინძურების მაღალ დონეს განაპირობებენ.
კვლევის მიზანი: ქ. ბათუმის ატმოსფერულ ჰაერში SO2 -ის, NO2 -ის CO-ს და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის განსაზღვრა; მათი სეზონური მორიტორინგის ჩატარება; მათ დინამიკაზე დაკვირვების წარმოება 2 წლის განმავლობაში. კვლევებში ჩართული იყო ქიმიის სპეციალობის ბაკალავრი სოფიკო ზოიძე და ფარმაციის სპეციალობის ბაკალავრი ნინო მიქელაძე.
კვლევის ამოცანები: 1.ქ. ბათუმის ატმოსფერული ჰაერის ქიმიური დაბინძურების შეფასება 2016-2018 წწ-ის განმავლობაში; 2.თითოეული დამაბინძურებლის პროცენტული წილის და მათი კონცენტრაციების ზდკ-ზე გადაჭარბების პროცენტული წილის განსაზღვრა; 3.აღნიშნული დამაბინძურებლების კონცენტრაციების შეჯერება ქ. ბათუმში დარეგისტრირებულ (2016-2017 წწ.) სისხლის მიმოქცევის სისტემის, სუნთქვის ორგანოთა, კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებებთან.
კვლევის შედეგები: ზაფხულში ოთხივე გამაბინძურებლის საშუალო კონცენტრაცია მეტია სხვა სეზონებთან შედარებით, რაც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით და ნალექიანი დღეების სიმცირით. შესაბამისად ყველაზე მცირე ოთხივე გამაბინძურებლის კონცენტრაცია არის ზამთარში. ყველაზე ხშირად ზდკ-ს აღემატება მტვრის და NO2-ის კონცენტრაცია. SO2-ის და CO-ს კონცენტრაციები იმყოფება ნორმის ფარგლებში ოთხივე სეზონზე. CO-ს კონცენტრაცია შეადგენს უმეტეს პროცენტულ წილს სხვა პარამეტრებთან შედარებით (63-74%), მეორე ადგილზეა მტვერი (15-24%), შემდეგ - NO2 (6-9 % ) და ბოლოს SO2 (3-5%). მტვრის ზდკ-დან გადახრა აღინიშნება ოთხივე სეზონზე და იგი მაქსიმალურია სხვა პარამეტრებთან შედარებით (45-73%). მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემის, სუნთქვის ორგანოების, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების რაოდენობამ მოიმატა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით სამი კატეგორიის ასაკის პაციენტებში: 15წ-მდე, 15-18 წლამდე, 18 წელზე და მეტი. ატმოსფერული ჰაერის ქიმიური დაბინძურება პირდაპირ კავშირშია ზემოაღნიშნულ დაავადებებთან. კერძოდ, 2017 წელს გაიზარდა 2016 წელთან შედარებით: სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები 1,3-2,2-ჯერ; სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობები 1,1-1,3-ჯერ; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყო¬ფობები 1,1-1,2-ჯერ. განსაკუთრებით მკვეთრია სუნთქვის ორგანოთა ავადმყო¬ფობების რიცხოვნობის ზრდა 15-18 წლამდე ასაკის პაციენტებში.
დასკვნები:
1. ქ.ბათუმის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელია მტვერი, CO და ნაწილობრივ NO2;
2.ჰაერის დაბინძურება კავშირშია სუნთქვის ორგანოთა, სისხლის მიმოქცევის და კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებების რიცხვის ზრდასთან;
3.აუცილებელია გაგრძელდეს სისტემატური მონიტორინგი ქ.ბათუმის ატმოსფერული ჰაერის ქიმიურ დაბინძურებაზე, რათა დროულად გატარდეს პრევენციული ზომები მის აღსაკვეთად.
უკან |