კრწანისის ბრძოლა და
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები
XVIII ს-ის უკანასკნელ მესამედში
1747 წელს შეთქმულებმა ხორასანში ირანის უკანასკნელი დიდი მბრძანებელი − ნადირ-შაჰი მოკლეს. ირანი ანარქიამ მოიცვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ პრაქტიკულად უკვე გაერთიანებული ქართლ-კახეთისათვის ხელსაყრელი დრო დადგა დამოუკიდებელი პოლიტიკის საწარმოებლად. მამა-შვილი აქტიურად ჩაება ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის გამართულ ბრძოლაში და 40-50-იან წლებში მათ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს.
ამიერკავკასიაში ქართლ-კახეთის ჰეგემონობა შენარჩუნებული იყო 1760-70-იანი წლების მიჯნაზეც, როცა ამ სამეფოს ერთპიროვნული მმართველობის სადავეები ერეკლე მეფის ხელში იყო მოქცეული. წარმატებით მიმდინარეობდა ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესი, რასაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ერთი მხრივ ირანსა და ოსმალეთში გაბატონებული ყოვლისმომცველი სახელმწიფოებრივი კრიზისი, მეორე მხრივ კი მზარდი რუსეთის ჯერ კიდევ არამყარი პოზიციები კავკასიაში.
1760-იანი წლების მიწურულს პოლიტიკურმა პრობლემებმა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები შეჯახებამდე მიიყვანა. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II რუსეთის მხარეზე გამოვიდა. რუსეთთან ალიანსში იგი ოსმალთაგან მიტაცებული ქართული მიწების განთავისუფლებას ისახავდა მიზნად. მოკავშირისადმი პეტერბურგისა და მისი წარმომადგენლების დამოკიდებულებამ ერეკლეს მისწრაფებები ჩაშალა, თანაც ქართლ-კახეთის სამეფოს სერიოზული პრობლემებიც შეუქმნა. ამან გარკვეულწილად შეასუსტა პრორუსული ორიენტაცია თბილისში.
XVIII საუკუნის ბოლოსათვის რუსეთის იმპერიის წინაშე აქტიურად დადგა ამიერკავკასიაში დამკვიდრების საკითხი. რუსულმა პოლიტიკამ აღმოსავლეთისაკენ გაფართოების პლაცდარმად ქართლ-კახეთის სამეფო აირჩია. ზემოქმედების ყველა საშუალების გამოყენებით ერეკლე II აიძულეს 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებით რუსეთის იმპერიის მფარველობა მიეღო, მალე კი რუსმა პოლიტიკოსებმა ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაციისათვის დაიწყეს მზადება. ამისათვის ერეკლე II იმდენად უნდა დასუსტებულიყო მეზობლებთან ბრძოლაში, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მისი სამეფოს უმტკივნეულო მიერთება. ამ მიზნით გაძლიერდა რუსეთის აგენტურის მოქმედება საკუთრივ ქართლ-კახეთის ტერიტორიაზეც.
ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის წერილებიდან ცნობილია, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით სომხური დაჯგუფება გამოირჩეოდა. „სომხური დასი“ რუსეთიდან იმართებოდა და ქართლ-კახეთში ფართომასშტაბიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა. საქართველოსათვის უარყოფითი როლი ითამაშა მან გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროსაც.
სომეხთა გარკვეული წრეების ანტიქართულ საქმიანობას თავისი მიზეზები გააჩნდა. ისინი რუსეთის დახმარებით ამიერკავკასიაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობდნენ. ამ იდეის ერთ-ერთი აქტიური სულისჩამდგმელი კათოლიკოსი სიმეონ ერევანცი იყო.
რუსეთმა შესძლო აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევის პროვოცირება, ხოლო საქართველოში მოქმედმა მეხუთე კოლონამ „სომხური დასის“ მეთაურობით მართვადი ქაოსი შექმნა ქვეყანაში, რამაც კრწანისის ტრაგედია გამოიწვია.
კრწანისის ბრძოლაში ქართლ-კახეთის დამარცხებამ ნიადაგი მოამზადა აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან მიერთებისათვის.
უკან |