საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ განათლება მუდმივად განახლებადი პროცესია – ყველა თაობას თავისი სურვილები, ინტერესები, მოთხოვნები და მიზნები აქვს, თუმცა განათლების ფუნდამენტური პრინციპები დღემდე უცვლელია და იგი სათავეს უძველესი დროის თეორიულ-მსოფლმხედველობრივი აზროვნებიდან იღებს.
ძველი ბერძენი ტრაგიკოსი ევრიპიდეს აზრით: „აღზრდა რთული საქმეა და მისი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ადამიანის წმინდათაწმინდა მოვალეობაა, რადგან არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საქმე, ვიდრე საკუთარი თავისა და ახლობელთა განათლებაა”. როგორც ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, აღზრდის პროცესი დროში განსაზღვრულია, ხოლო განათლების მიღებას ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტს.
ძვ. წ. V ს-ის მე-2 ნახევარში სამოღვაწეო ასპარეზზე სოფისტების გამოსვლამ აღზრდა-განათლების სფეროში, შეიძლება ითქვას, რევოლუცია მოახდინა. პოპულარული გახდა მათი სააზროვნო, ლოგიკური ამოცანები, მათი ამოხსნის გზები, თუმცა ყველაზე მეტად - რიტორიკის შესწავლა. სოფისტები დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ლექციებს უკითხავდნენ მათ, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა შეეძლო. ყველა დანარჩენი პროფესიონალი სოფისტისგან განსხვავებით, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე გაკვეთილების სანაცვლოდ გასამრჯელოს არ იღებდა. მან სწავლების საკუთარი ორიგინალური ხერხი განავითარა მაიევტიკის დიალექტური მეთოდის სახით. ძველმა ბერძენმა მოაზროვნე ისოკრატემ, ბერძენი სოფისტის გორგია ლეონტინელის მოწაფემ, შექმნა პოლიტიკური რიტორიკის სკოლა, სადაც პოლიტიკური ფილოსოფია წამყვანი დარგი იყო. სოფისტებს შორის გამორჩეული იყო პროტაგორა ადბერადან, რომელიც ის თავის თავს „ღირსების მასწავლებელს” უწოდებდა და ღირსებაში გულისხმობდა არა მორალს, არამედ იმ თვისებებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას მისცემდა საზოგადოებაში საპატიო ადგილი დაემკვიდრებინა. ეპიკურელთა სკოლამ დაიწყო ფუნქციობა ეპიკურეს ბაღში, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ფილოსოფოსთა ერთ-ერთ მიმდევარს ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, მხოლოდ სტოიკოსებს არ გააჩნდათ კერძო საკუთრება. ეს სკოლები საერთო საძმოს წარმოადგენდა და ერთი საერთო მიზანი ჰქონდა: ცოდნის შეძენა და გადაცემა. რეგულარული სოფისტური სკოლები ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ორ დიდ გიმნასიონში. ერთს ხელმძღვანელობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, მეორეს – ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. სიცოცხლის ბოლო ათეული წლების მანძილზე პლატონი აკადემუსის ტყეში, საკუთარ სახლში მართავდა ლექციებს; არისტოტელეს მიმდევრების თავშეყრის ადგილი კი იყო ლიცეუმი, რომელიც ასევე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. სოფისტები კი იქ ატარებდნენ გაკვეთილებს, სადაც სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს ნახავდნენ ერთად შეკრებილს. მართალია, სოკრატემ, პლატონმა და არისტოტელემ, თავის დროზე, სოფისტური მოძღვრების ნაკლოვანი მხარეები მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ სწავლების სოფისტურმა მეთოდებმა საკმაოდ ღრმა მეთოდოლოგიური კვალი დატოვა სააღმზრდელო პრაქტიკაში.
როგორც ირკვევა, პედაგოგიკის ყველაზე კერძო საკითხებს ფილოსოფიური პრობლემები უდევს საფუძვლად, ხოლო სხვადასხვა პედაგოგიურ მიმდინარეობებს შორის წინააღმდეგობები მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს შორის ბრძოლის გამოხატულებაა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ პედაგოგიკურ პრობლემას ფილოსოფიური ძირები აქვს და რომ პედაგოგიკა ფილოსოფიის წიაღში იშვა; და არა მხოლოდ ანტიკურ ხანაში, შემდგომ ეპოქებშიც სწორედ ფილოსოფიური კანონების და კანონზომიერებების კვლევის საფუძველზე მოხერხდა პედაგოგიკის თეორიის აღმოცენება და განვითარება. ასე, მაგალითად, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფსიქოლოგმა და განათლების სპეციალისტმა ჯონ დიუიმ გამოსცა წიგნი "აღზრდის ფილოსოფია", ხოლო 40-იან წლებში ნიუ-იორკ სითის კოლუმბიის უნივერსიტეტში შეიქმნა „განათლების ფილოსოფიის საზოგადოება“, რომელმაც მიზნად დაისახა პედაგოგებსა და ფილოსოფოსებს შორის თანამშრომლობისა და განათლების ფილოსოფიაში სასწავლო კურსების შექმნის ამოცანების გადაწყვეტა. ამდენად, ცნება „განათლების ფილოსოფია“ თავის თავში აერთიანებს განათლების თეორიის, პედაგოგიკურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიის, განათლების საერთო გააზრების და პედაგოგიური სინამდვილის ანალიზის ელემენტებს.
პრეზენტაციაუკან |