თანამედროვე მსოფლიოში სამეურნეო საქმიანობის დაჩქარებული განვითარება ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ბუნებრივ გარემოსთან და ადგილი აქვს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას. საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მან გლობალური ხასიათი შეიძინა და ბევრი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
მთიანი აჭარა, საქართველოში ერთ-ერთი დემოგრაფიულად დატვირთული და მეურნეობრივად საკმაოდ ათვისებული რეგიონია, სადაც რელიეფის რთული ხასიათისა და მაღალნალექიანობის პირობებში ბუნებრივი გარემო ნაკლებად მდგრადობით გამოირჩევა და ადგილი აქვს ბუნებრივი სტიქიური პროცესების(მეწყერი, ღვარცოფი, ეროზია) გააქტიურებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა 60-ზე მეტი დამანგრეველი მეწყერი და ღვარცოფი, რომელმაც ზიანი მიაყენა დასახლებული პუნქტების 2/3 ნაწილს, დაიმეწყრა 7200 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, დაინგრეული იქნა 1070-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 85-მდე ადამიანი და სტიქიის ზონიდან გადასახლებული იქნა 25 ათასზე მეტი ეკომიგრანტი. პრობლემის ატუალობას ისიც ზრდის, რომ მისი გავითარების ტენდენციები სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით კვლავაც შეინიშნება.
კვლევის შედეგად დადგენილია მთიანი აჭარის ბუნებრივ გარემოზე მეურნეობის ცალკეული დარგის ზემოქმედების ეკოლოგიური მახასიათებლები და გამოვლენილია სპეციფიკური პრობლემების განვითარების გეოგრაფიული თავისებურებანი. ადგილობრივი ლანდშაფტების მდგრადობის, აგრეთვე, არსებული რესურსების პოტენციალის შეფასებით განსაზღვრულია მეურნეობის განვითარების ოპტიმიზაციის გზები და დასახულია ბუნებრივი გარემოს დაცვის პრევენციული ღონისძიებები. კონკრეტული რეგიონის მაგალითზე ლოკალური ეკოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებას, ხოლო გლობალური მიდგომით რაციონალური ბუნებათსარგებლობის პრინციპების გათვალისწინებით გარემოს დაცვის ღონისძიებების დასახვას ექნება როგორც შემეცნებითი, ისე გამოყენებითი მნიშვნელობა.
უკან |