სემინარები

მუჰაჯირთა შთამომავლების მითოსი, თინა შიოშვილი, 27 მაისი, 14 საათი, 37-ე ოთახი

თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებს შეხიზნული ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების ისტორიულმა მეხსიერებამ ბოლო დრომდე შემოინახა ეროვნული ზეპირსიტყვიერების თითქმის ყველა ჟანრი, მათ შორის - მითოსური ნარატივები, რომლებიც სამშობლოსთან და საკუთარ იდენტობასთან განუწყვეტელი სულიერი კავშირის ტოლფასია.

ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ფოლკლორულ შემოქმედებაში შემოინახული მითოსის ძირითადი თემებია: კოსმოგონია, მნათობთა კულტი და დემონური პერსონაჟები.

მუჰაჯირთა შთამომავლების კოსმოგონიური მითოსი წყლისა და ხმელეთის სტიქიათა დასაბამიერი ბრძოლის ამსახველი არქაული სიუჟეტებია, რომელთა შინაარსიც ძირითადად იდენტურია სხვა კუთხეთა ნარატივებისა, რაც წყლისა და ხმელეთის სტიქიების ბრძოლითა და ხმელეთის გამარჯვებით გამოიხატება და კოსმოგონიის კლასიკური მინიმოდელია.

თურქეთის რესპუბლიკის შიდა რეგიონებში მიგრირებულ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ზეპირსიტყვიერებას ბოლო დრომდე შემორჩა, აგრეთვე, მნათობთა კულტის ამსახველი უძველესი ნარატივები, რომელთა შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არქაული მითოპოეტური ნიმუში “...ზეცას ვიყავ...”, რომელიც ახლოს დგას აჭარულ ვარიანტებთან, რაც სავსებით მოსალოდნელიც იყო; ქართულ ფოლკლორულ სივრცეში მისი შემოტანა ერთის მხრივ ცხადყოფს, რომ აჭარლებს მშობლიური კუთხიდან, სულიერი კულტურის სხვა საგანძურთან ერთად, ეს უძველესი მითოსური ლექს-სიმღერაც წაუღიათ და შთამომავლებისათვის გადაუციათ.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ბოლო დრომდეა შემორჩენილი რწმენა-წარმოდგენები დემონების, ანუ ავი სულების, თაობაზე; ამ რწმენა-წარმოდგენებითა და მათთან დაკავშირებული ხალხური სიტყვიერებით მდიდარია აჭარაც და, ბუნებრივია, აჭარელ მუჰაჯირთა შთამომავლებმაც მათი წინაპრებისაგან დაისწავლეს და ბოლო დრომდე შეინარჩუნეს საინტერესო ნარატივები ფერებზე, შეთნებზე, ჯაზებზე და სხვა.

ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებს შორის დაფიქსირდა რწმენა არქაული მითოსური პერსონაჟის - გველეშაპისა, რომელიც გველის მითოლოგიური სახის განვითარების შედეგია და სიმბოლიკითა და ფუნქციით არსებითად გველის იდენტურია, მაგრამ ეს მისი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ასპექტია, გვიანდელ ტრადიციებში კი იგი უპირატესად ნეგატიური ნიშნით გვხვდება.

აჭარული ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალაც ადასტურებს, რომ რწმენა-წარმოდგენა ფრთიანი გველეშაპის, ანუ “ეჟდარის”, თაობაზე აქტუალური ყოფილა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი რეგიონის მუსლიმებში; ამდენად, მოსალოდნელიც იყო, რომ მუსლიმური აღმსარებლობის მქონე მუჰაჯირების შთამომავლებმაც შემოინახეს რწმენა ამ არქაული მრავალფუნქციური მითოსური პერსონაჟის შესახებ.

ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა, აგრეთვე, რწმენა საფლავიდან ამდგარი ცოდვილი მიცვალებულისა, იგივე “ხორთლაღისა”, რომელსაც ასევე იცნობს აჭარული, შავშური და კლარჯული მითოსური სამყარო.

დემონური პერსონაჟებისაგან თავის დასაღწევად ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებთა დარად, შემუშავებული აქვთ პროფილაქტიკური მაგიის შემცველი წეს-ჩვეულებანი, რომლებსაც ახლავს სიტყვისა და მოქმედების მაგიაზე დაფუძნებული ნარატივები (შელოცვა, დალოცვა, წყევლა).

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა