ჩემი სამეცნიერო სემინარის მთავარი მიზანია ფრანგული და ქართული იდიომების ნაციონალურ-სპეციფიკური შეფერილობის მქონე იდიომატური გამონათქვამების ანალიზი.
ხატოვანი გამონათქვამების, იდიომების და ფრაზეოლოგიზმების ჯგუფში შემავალი ერთეულების უმრავლესობაში ნათლადაა გამოხატული ენის ეროვნული თვითმყოფადობა, წეს-ჩვეულებები, ტრადიციებთან დაკავშირებული ყოფითი კულტურა, ყოველდღიური ქცევა, მათ შორის კინეტიკური კოდები, სამყაროს აღქმის ეროვნული ხატი, რომლებიც გამოხატავენ გარემომცველი სამყაროს აღქმის სპეციფიკას და ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელთა აზროვნების ნაციონალურ თავისებურებებს, რაც ახდენს ფრანგი და ქართველი ხალხის კულტურისა და ეთნოფსიქოლოგიის მთელი რთული კომპლექსის, მისი ხატოვანი აზროვნების განუმეორებელი ხერხების კონდენსირებას.
ტერ-მინასოვას აზრით ნაციონალურ-სპეციფიკური შეფერილობის მქონე კულტურის კომპონენტებს, როგორც მინიმუმ, შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი:
ა) ტრადიციები (ან კულტურის მდგრადი ელემენტები), ასევე ადათები (რომლებიც განისაზღვრება როგორც ტრადიციები კულტურის „სოციონორმატიულ“ სფეროში) და წეს-ჩვეულებები(რომელთა ფუნქციაა ადამიანის გაუცნობიერებელი მიკუთვნებულობა ნორმატიული მოთხოვნების მოცემულ გაბატონებულ სისტემასთან);
ბ) ტრადიციებთან დაკავშირებული ყოფითი კულტურა, რის შედეგადაც მას, არცთუ ისე იშვიათად, ტრადიციულ ყოფით კულტურას უწოდებენ;
გ) ყოველდღიური ქცევა (ზოგიერთი კულტურის წარმომადგენელთა ჩვევა, ზოგიერთ სოციუმში მიღებული ურთიერთობის ნორმები), ასევე მასთან დაკავშირებული მიმიკური და კინეტიკური კოდები, გამოყენებული ზოგიერთი ლინგვოკულტურული ერთობის მიერ;
დ) „სამყაროს ნაციონალური სურათები“, რომლებიც გამოხატავენ გარემომცველი სამყაროს აღქმის სპეციფიკას და ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელთა აზროვნების ნაციონალურ თავისებურებებს.
ე) ამა თუ იმ ეთნოსის კულტურული ტრადიციების გამომხატველი მხატვრული კულტურა.
ნაციონალური ენისა და კულტურის მატარებელ ადამიანს სპეციფიკური თავისებურებები ახასიათებს. კულტურათაშორის ურთიერთობაში აუცილებელია კომუნიკანტების ნაციონალური ხასიათის თავისებურებების, მათი ემოციური წყობის სპეციფიკის, აზროვნების ნაციონალურ-სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინება“ (ტერ-მინასოვა, 2017: 37-38).
უკან |