სემინარები

აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემა ქართულ და თურქულ პოსტმოდერნისტულ ტექსტებში /აკა მორჩილაძისა და ორჰან ფამუქის მიხედვით, შორენა მახაჭაძე - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი

,,აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი და ისინი ვერასოდეს გაუგებენ ერთმანეთს“ - ასე ფიქრობდა ორივე სამყაროს დიდებული მცოდნე რადიარდ კიპლინგი. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მრავალი ათწლეული გავიდა, პოსტინდუსტრიულმა, ინფორმაციულმა ეპოქამ ეს მკვეთრი განსხვავებანი თითქოს წაშალა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ პოსტმოდერნისტი მწერლები, მათ შორის, ორჰან ფამუქიც, კიპლინგის ციტირებას ახდენს: ჯერ კიდევ ,,აღმოსავლეთი – აღმოსავლეთია, დასავლეთი – დასავლეთი“, თუმცა თან დასძენს:  ,,ერთიც ალაჰისაა და – მეორეც.“

სემინარის თემაში გამოიკვეთება აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის არსებული ბინარული ოპოზიციები:

  • ინტრავერტულობა - ექსტრავერტულობა;
  • სიმბოლურობა - რეალისტურობა;
  • ინერციულობა - დინამიკურობა;
  • კოლექტიურობა - ინდივიდუალიზმი;
  • ასკეტიზმი - უტილიტარიზმი;
  • კონსერვატიულობა - ლიბერალურობა.

შემდეგ სემინარის თემაში განხილულია აკა მორჩილაძისა და ორჰან ფამუქის პოსტმოდერნისტულ ტექსტებში [აკა მორჩილაძის: ტრილოგია ,,მადათოვი“, ,,სანტა ესპერანსა“, ორჰან ფამუქის: ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (1982), ,,თეთრი ციხესიმაგრე“ (1985), ,,შავი წიგნი“ (1990),  ,,მე წითელი მქვია“ (1998), ,,თოვლი“ (2002), ,,უმანკოების მუზეუმი“ (2008), ,,სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი“ (2013)] აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემის ასახვის თავისებურებანი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის პრობლემის შესახებ, მისთვის დამახასიათებელი ყოვლისმომცველი  ირონიითა და თვითირონიით საუბრობს  აკა მორჩილაძე. ის წერს ,,საზღვრებმოშლილ ევროპასა ... თუ საზღვრებსგარეთა ევროპაზე... მგონი მთლად ევროპაც რომ არ უნდა იყოს“. მის ტრილოგიაში  ,,მადათოვი“ კი საინტერესოდაა  დასმული აღმოსავლეთ–დასავლეთის კულტურათა, მენტალობის შედარება–დაპირისპირების საკითხი; რომანში ,,გაქრები მადათოვზე“ ბაიარდი ეუბნება ელზინგერს: ,,ტფილისი პარიზი ვერ გახდება. ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდებიან“. ამ მიმართებით ქართულ და თურქულ საზოგადოებასა და ხელოვნებასაც  ბევრი აქვთ საერთო: ორი კულტურის გადამკვეთ სასაზღვრო ზოლში ყოფნა /და არა ერთი და ორი საუკუნე/, მუდმივი მერყეობა და არჩევნის წინაშე დგომა, აქედან გამომდინარე, გაორებისა და დაბნეულობის, ზოგჯერ დაკარგულობის განცდაც და ა.შ. სწორედ ამიტომაც საინტერესო და ახლობელია ქართველი მკითხველისთვის ორჰან ფამუქის ,,ორიენტალისტიკური“ პროზა, რომელიც, რა თქმა უნდა, პოსტმოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელი ირონიულ–პაროდიული რაკურსით სვამს, აანალიზებს და წყვეტს ამ საკითხებს.

 გამოტანილია ძირითადი დასკვნები, კერძოდ, ორივე შემოქმედი წინააღმდეგია როგორც დასავლეთისათვის ბრმა, მონური მიბაძვისა, ასევე, მსოფლიო კულტურისაგან თვითიზოლაციისა, დოგმატიზმისა და ფანატიზმისა. აღმოსავლურ–დასავლურმა კულტურებმა ერთმანეთი უნდა შეავსონ, გაამდიდრონ, მათ ხელი უნდა შეუწყონ ტალანტის სრულყოფილად გამოვლინების და არა – ნიველირების პროცესს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა