იუმორისა და ხუმრობისადმი ინტერესი საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ამ ფენომენის ძირითად ნიშან-თვისებად მიიჩნევდნენ შეუთავსებლობას თქმულსა და ნაგულისხმევს შორის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მის ექსპლიციტურ და იმპლიციტურ დონეებს შორის. თომას შულცი (შულცი, 1976, 11-36), რომელსაც ეკუთვნის იუმორის აღქმის სპეციფიკის შესწავლის ერთ-ერთი წარმატებული ცდა, შეუთავსებლობას ამ ორ პლანს შორის უწოდებს კონფლიქტს მოსალოდნელსა და რეალობას შორის. ავტორი იქვე სამართლიანად დასძენს, რომ სწორედ ამგვარი შეუთავსებლობის სწორი დეკოდირება წარმოადგენს ანეკდოტის/ხუმრობის აღქმის გასაღებს. არტურ კოსტლერს (კოსტლერი, 1989) ანეკდოტის პლანების შეუთავსებლობის აღსანიშნად შემოაქვს ტერმინი ,,ბისოციაცია”. მისი აზრით, ანეკდოტის აღქმის სირთულეს ქმნის ამ მცირე ფორმაში ორი პარალელური, განსხვავებულ განზომილებაში მოთავსებული რეფერენციული ჩარჩოს თანაარსებობა, რომელიც თანადროულად ორ ასოციაციურ (ანუ ავტორის თქმით ბისოციაციურ) კონტექსტთან არის დაკავაშირებული. ანეკდოტის სემანტიკური სტრუქტურის კოსტლერისეულმა განმარტებამ ბიძგი მისცა იუმორის სემიოტიკური თეორიების განვითარებას. კერძოდ, ვიქტორ რასკინი (რასკინი, 1985) ქმნის იუმორის სკრიპტების მწყობრ ლინგვისტურ თეორიას, რომელშიც იგი აზუსტებს კოსტლერის გარკვეულწილად ბუნდოვან ტერმინოლოგიას და იუმორის აღქმის ახლებურ ხედვას გვთავაზობს (რუსიეშვილი, ქებურია, 2008: 255).
რასკინი სკრიპტს განმარტავს, როგორც ენის მატარებლის ცნობიერებაში არსებულ კოგნიტიურ სტრუქტურას, სემანტიკური ინფორმაციის დიდ მონაკვეთს, რომელიც ასოცირდება სიტყვასთან და რომელიც წარმოადგენს ენის მატარებლის ცნობიერებაში არსებულ სამყაროს მცირე ნაწილს, ცოდნას სამყაროს სტანდარტული პროცედურებისა და სიტუაციების შესახებ (რასკინი, 1985:81).
ამ თეორიის მიხედვით, ხუმრობა (ანეკდოტი) ისეთი ტექსტია, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: 1) იგი ნაწილობრივ ან სრულად შეესაბამება ორ განსხვავებულ სკრიპტს; 2) ორივე სკრიპტი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია, თუმცა ამავე დროს, მთლიანად ან ნაწილობრივ ფარავს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, იუმორის და კერძოდ, ანეკდოტის აღქმა შემდეგ სტადიებს მოიცავს: ანეკდოტის მოსმენის დროს მსმენელი უპირველესად მისთვის ნაცნობ, არამარკირებულ სკრიპტს მოარგებს ანეკდოტს, როდესაც თხრობა მიუახლოვდება გადართვის წერტილს, მსმენელი იწყებს სკრიპტების გადალაგებას, რაც მთავრდება ახალი, რელევანტური, მარკირებული სკრიპტის მორგებითა და ხუმრობის სწორი დეკოდირებით.
ჩვენი მიზანია ხუმრობის ,,გადართვის წერტილების“ ლინგვისტური გამოხატულების აღნუსხვა და ანალიზი, ანუ იმის გაგება, თუ რა ქმნის იუმორის ვერბალურ საფუძველს და როგორ ხდება ორი თანადროულად არსებული სკრიპტის დაკავშირება მსმენელის ცნობიერებაში. საკვლევ მასალად ჩვენ შევარჩიეთ ინგლისური ერთხაზიანი მოკლე ხუმრობები, რომელიც რასკინის თეორიის თანახმად, ანეკდოტის ნაირსახეობაა, რადგანაც მისი სემანტიკური სტრუქტურა ხასიათდება ორი მსგავასი, თუმცა ურთიერთდაპირისპირებული სკრიპტის თანაარსებობით.
მოკლე ხუმრობებისადმი ყურადღება მკვლევრებმა უკანასკნელი ათწლეულებია გამოიჩინეს, რაც მოკლე ხუმრობების პოპულარობას უკავშირდება. მოკლე ხუმრობების პოპულარობას თანამედროვე ცხოვრებაში ხელი შეუწყო სატელევიზიო იუმორისტულმა შოუებმა, რომელთა საშუალებითაც ხდება მათი საზოგადოებაში გადინება თუ გავრცელება.
ლინგვისტიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს ტერმინი one-liner, თუმცა მისი, როგორც ლინგვისტური ფენომენის შესახებ ფუნდამენტური ლინგვისტური (ფოლკლორული თუ წმინდა ლინგვისტური) კვლევევბი საკმაოდ მცირეა. პირველი, ვინც ამ ლინგვისტური ფენომენის შესახებ ალაპარაკდა იყო ჰ. ბრუნვანდი. იგი წიგნში “The Study of American Folklore” (გვ. 61) ამბობს, რომ მოკლე ხუმრობები პარემიული ფორმებია და ფოლკლორისტიკის კვლევის ობიექტს წარმოადგენს.
საინტერესოა რა მახასიათებლებით ხასიათდება ეს ლინგვისტური ფენომენი, როგორც ჟანრი ავლენს თუ არა რაიმე მსგავსებას სხვა ლინგვისტურ ფენომენებთან, რა სახით ჰპოვებს მოკლე ხუმრობები ვერბალურ გამოვლინებას და რა განაპირობებს მათ პოპულარობას. ჩვენ შევეცდებით ამ საკითხებზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება.
თავდაპირველად გავეცნოთ ტერმინის one-liner ლექსიკონურ განმარტებებს: კემბრიჯის ლექსიკონში მოკლე ხუმრობა განმარტებულია როგორც “a joke or a clever and funny remark or answer that is usually one sentence long.” ვებსტერის ლექსიკონში კი შემდეგ განმარტებას ვკითხულობთ: “a very succinct joke or witticism.”
ერთხაზიან ხუმრობებს (one-liner) ზოგჯერ ლინგვისტურ წყაროშებში “Monologue Joke”-ის სახელითაც ვხვდებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ იგი იუმორისტულია და ხუმრობის, ანეკდოტის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მართლაც. ქართულ საენათმეცნიერო წყაროებში one-liner-ები ,,მოკლე ხუმრობების“, იგივე ,,მოკლე ანეკდოტების“ სახელით მოიხსენიება, ხოლო რუსულ საენათმეცნიერო წყაროებში однострочные анекдоты, однострочник, анекдоты–наколки,-ის სახელებით გვხვდება.
რა არის მოკლე ხუმრობებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშან-თვისებები? 1) მათ გააჩნიათ იუმორისტული ბუნება; 2) მოკლეა, ძირითადად აზრი ერთ წინადადებაშია ჩატეული (ყველაზე დიდი ,,მოკლე ხუმრობა” ოთხ წინადადებას მოიცავს და ორ ხაზზეა გადაჭიმული); 3) გააჩნია აზრი; 4) perfectly timed; 5) ძირითადი სტილისტიკური ხერხი, რომელსაც იგი ეფუძნება სიტყვათ- თამაშია/კალამბურია;
მოკლე ხუმრობები შესაძლოა სხვადასხვა ფორმით შეგვხდეს და თემატურად მრავალფეროვანიც (პოლიტიური, რელიგიური, სკაბრეზული და ა.შ) იყოს. რაკი მოკლე ხუმრობას მკვეთრად გამოხატული ჟანრობრივი თავისებურებები არ გააჩნია, ამიტომ მას ხშირად ანეკდოტს, გამოცანას, ანდაზას, აფორიზმს ადარებენ.
ყველაზე მეტად მოკლე ხუმრობა ანეკდოტს, ხუმრობას გავს, რაზეც თავად ტერმინი მიგვანიშნებს. ამ ორ ფენომენს შორის განსხვავება მხოლოდ მოცულობაშია, მოკლე ხუმრობა ერთ წინადადებაში (იშვიათად 2 წინადადებაში) ატევს სათქმელს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ანეკდოტი მოცულობით გაცილებით დიდია და კომიკურ ნარატივს წარმოადგენს. მაგალითად, მოკლე ხუმრობებია: My dog is an awesome fashion adviser. Every time I ask him what I look like in my clothes, he says “WOW!”
Chocolate is the best investment. You buy 100 kg – You gain 2 kg.
A man knocked on my door and asked for a small donation for a local swimming pool. So I gave him a glass of water.
მოკლე ხუმრობებს ზოგიერთ პარემიოლოგიურ კვლევაში გამოცანის ერთ-ერთ სახედ მიიჩნევენ, მაგრამ რუსი მკვლევარი ვ. მიტროფანოვა თვლის, რომ მოკლე ხუმრობების, იგივე ,,შეკითხვა-ხუმრობების“ (ტერმინი ეკუთვნის ვ. მიტროფანოვას) ნამდვილ გამოცანათა ჯგუფისთვის მიკუთვნება ეჭვს იწვევს.
შეკითხვა ხუმრობების არა ერთი მაგალითი მოვიძიეთ ინტერნეტ წყაროებში, სამაგალითოდ გამოგვადგება:
- – What do you get when you wake up on a workday and realize you ran out of coffee?
- A depresso.
- – What is pointless?
- To tell a bald guy a hair – raising story.
- – What would you call a person who had no body and no nose?
- Nobody knows.
- - What star is not seen in the sky?
- A film star.
5) – What did one ocean say to the other ocean?
-Nothing, they just waved.
6) – What is the difference between ignorance and apathy?
- I don’t know and I don’t care.
გამოცანას What goes quicker than the wind and the train? (thoughts) და შეკითხვა ხუმრობას (-Why couldn’t the ghost get a drink at the bar? - They don’t serve spirits!) მართლაც აქვს საერთო. ორივეს ვერბალურ სტრუქტურაში დასმულია კითხვა, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ადრესატი - ის ვინც ისმენს. თუმცა გამოცანის ამოცნობა პრესოპოზიციურ ცოდნას მოითხოვს, შეკითხვა ხუმრობის საპასუხოდ კი მხოლოდ იუმორის გრძნობა კმარა.
თუკი მოკლე ხუმრობა დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ ჭეშმარიტებას იუმორისტულად გადმოგვცემს, ის შესაძლოა ანდაზასაც კი დაემსგავსოს. ამ შემთხვევაში მოკლე ხუმრობა ემსგავსება ანტი ანდაზას, რომელიც მოდერნიზებული ანდაზაა (ანტი ანდაზაში ხდება ტრადიციული და ინოვაციური ფოლკლორის შერწყმა, ძველი, ცნობილი ანდაზის ტრანსფორმირების შედეგად იქმნება ანდაზის თანამედროვე ვარიანტი, რომელშიც ტრადიციული სიბრძნეა გადამუშავებული). ი. ნორიკი ანტი ანდაზებს ,,ინტერტექსტუალურ ხუმრობებად“ (Intertextual jokes) მოიხსენიებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოკლე ხუმრობებისა და ანტი ანდაზების იდენტურობას.
Behind every successful man there is a woman, behind every unsuccessful man, there are two.
Where there is a will, there are five hundred relatives.
მოკლე ხუმრობები ხშირად ციტატების, გამოთქმების სახით გვხვდება: Love starts with a smile, grows with a kiss, and ends with a tear; Learn from your parents: use birth control.
ემპირიულ მასალაზე მუშაობისას გამოვლინდა, რომ მოკლე ხუმრობებში ,,გადართვის წერტილის“ ვერბალური გამოხატვის რამდენიმე ძირითადი სახე არსებობს ინგლისურში და ესენია:
1.ენის მატარებლისთვის ცნობილი ფრაზის, გამოთქმისა თუ ანდაზის განსხვავებული სკრიპტით დასრულება:
What’s the quickest way to the man’s heart? Straight through the ribcage - ამ შემთხვევაში ინგლისური კულტურისათვის ცნობილი გამოთქმის - უმოკლესი გზა მამაკაცის გულისკენ მის კუჭზე გადის - არამარკირებული, მოსალოდნელი დასასრული იქნებოდა through his stomach. ხუმრობაში კი აქტუალიზდება მარკირებული სკრიპტი, Straight through the ribcage (ნეკნების გავლით), რაც იუმორის ეფექტს ქმნის.
Where there is a smoke there’s dinner - ამ ანდაზის არამარკირებული სკრიპტი იქნებოდა Where there is a smoke there’s a fire.
2. პოლისემანტური სიტყვის ორი პირდაპირი მნიშვნელობის თანადროული აქტუალიზაცია: When do women care about a man’s company? When he owns it. ამ შემთხვევაში იუმორის ეფექტს ქმნის სიტყვის company ორი მნიშვნელობის - საზოგადოება და საწარმო - თანადროული აქტუალიზაცია, რასაც მოსდევს ამ ორ მნიშვნელობასთან დაკავშირებული ორი სკრიპტის ურთიერთჩანაცვლება.
I like kids, but I don’t think I could eat a whole one - ამ ხუმრობაშიც იუმორის ეფექტს ქმნის kid ორი მნიშვნელობის - თიკანი და ბავშვი თანადროული აქტუალიზაცია. თითოეული მათგანი ხასიათდება საკუთარი სკრიპტით, რომელთა ურთიერთჩანაცვლება ხდება კონტექსტში.
3.პოლისემანტური სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობის თანადროული აქტუალიზაცია - Adam was the only man not to have a mother-in-law and he lived in paradise. ამ შემთხვევაში ერთდროულად აქტუალიზდება სიტყვის paradise პირდაპირი მნიშვნელობა სამოთხე და მისი გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობა უზრუნველად ცხოვრება. გარდა ამისა, აქვე აქტუალიზდება ენის მატარებლის ცნობიერებაში დალექილი სკრიპტი სიდედრისა და სიძის ურთიერთობის შესახებ.
Two cannibals are eating a clown. One says to the other: Does this taste funny to you? - ამ შემთხვევაში სიტყვის funny ორი მნიშვნელობა სასაცილო და უცნაური თანადროულად უკავშირდება წინა წინადადებაში არსებულ თემატურად მსგავს სიტყვას clown (ჯამბაზი), რომელიც განსხვავებული სკრიპტის შემადგენელი ნაწილია.
4.ენის მატარებლის ცნობიერებაში არსებული რაიმე კულტურული სკრიპტის გაცოცხლება: My doctor told me I should avoid any unnecessary excitement. So I started supporting Arsenal. მსგავსი სახის იუმორი გადაიცა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში: თუ გინდათ გაიგოთ გამარჯვების გემო, ეთამაშეთ საქართველოს ნაკრებს.
როგორც ვხედავთ ერთხაზიანი ხუმრობა ხუმრობის/ ანეკდოტის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც მართლაც ბევრი აქვს საერთო სხვა პარემიულ ფორმებთან. ჩვენ მიერ შესწავლილმა ემპირიულმა მასალამ კი აჩვენა, რომ მოკლე ხუმრობების ,,გადართვის წერტილის“ ვერბალური გამოხატვის რამდენიმე ძირითადი სახე არსებობს, რომლებიც დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა ჩვენ მიერ საანალიზოდ არჩეულ მასალაში: 1) პირველი სახე - 25 %; 2) მეორე სახე - 29 %; 3) მესამე სახე - 25 %; 4) მეოთხე სახე - 22%.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მ. რუსიეშვილი, მ. ქებურია ,,იუმორი ვერბალური გამოხატვის რამდენიმე ლინგვისტური ხერხის შესახებ, ,,საენათმეცნიერო ძიებანი“, XXVIII, თბილისი, 2008. გვ. 255-259.
- C. Chauvin “One-liners and linguistics: (re)interpretation, context and meaning, 2015.
- J. H. Brunvand “The study of American Folklore. An Introduction”, 1968.
- A. Kostler The act of creation, 1989;
- V. Raskin Semantic Mechanisms of Homour, 1985.
- T. Shultz A cognitive-developmental analysis of humour, 1976.
უკან |