,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილების თანახმად, კვლავ აქტუალურ საკითად რჩება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კერძოდ:
- ,,წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი (ა)) ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს უზიარებს კოლეგებს (2 კრედიტქულა);..."
- ,,წამყვანი მასწავლებელი მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ვალდებულია დააგროვოს 5 კრედიტქულა. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი (ბ)) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა)...“
აღნიშნულმა აქტივობამ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სტატუსის ამაღლების გარდა, ხელი უნდა შეუწყოს სკოლაში სასწავლო გარემოს მოწესრიგებას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების შედეგების გაუმჯობესებას და ა. შ. საკვლევი პრობლემა მკვლევარ პედაგოგს შეიძლება უკარნახოს, მაგალითად, პირადმა გამოცდილებამ, სკოლაში არსებულმა სიტუაციამ ან განათლების სისტემაში არსებულმა გამოწვევებმა. ბუნებრივია, კვლევას უნდა ჰქონდეს პრაქტიკული ღირებულება და შედეგებმა რაიმე სახის სარგებელი უნდა მოუტანოს მკვლევარს, კოლეგებს, სკოლას და პირველ რიგში, თავად მოსწავლეს.
რამდენად მზად არიან მასწავლებლები პედაგოგიური კვლევის დასაგეგმად და განსახორციელებლად, რამდენად შეუძლიათ საკვლევი პრობლემის სწორად შერჩევა და იმის წინასწარ განსაზღვრა, აქვთ თუ არა ამ კონკრეტული კვლევის განსახორციელებლად საკმარისი რესურსი, რამდენად შეუძლიათ კვლევის შედეგების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, კვლევის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ახალი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. აღარაფერს ვამბობთ კვლევის პროცესის დასკვნით ეტაპზე - კვლევის საბოლოო გაფორმებასა და პრეზენტაციაზე, რომელიც მასწავლებლისაგან დამატებით უნარებს მოითხოვს.
პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა მზად არაა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განსახორციელებლად. აღნიშნულის ძირითად მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევითი კომპონენტის სიმწირე ან არარსებობა მოიაზრება. თავად მასწავლებელთა ნაწილი ერთ-ერთ პრობლემად კვლევის დაგეგმვის მიმართულებით გამოცდილების სიმწირეს, ნაწილი კი - განხორციელებული კვლევის სამომავლო პერსპექტივის უქონლობას მიიჩნევს. მასწავლებელთა მიერ სახელდება სხვა არგუმენტირებული მიზეზებიც.
საკითხისადმი მასწავლებელთა დამოკიდებულების მიუხედავად, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ტრენინგებთან ერთად, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა კვლევითი კომპეტენციის ამაღლებას და დაეხმარება მათ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეფექტურად დაგეგმვა-განხორციელებაში.
უკან |