სემინარები

„ტაო, ტაოელები და ტაოური დიალექტი" აბსტრაქტს და პრეზენტაციას. სემინარი ჩატარდება 2019 წლის 28 ივნისს 14 საათზე 37-ე აუდიტორიაში. სემინარს ჩაატარებენ: პროფ. მამია ფაღავა და ასოც. პროფ. მაია ბარამიძე.

ტაო ძველი საქართველოს ვრცელი პროვინციაა. ტრადიციულად იგი ორად იყოფა: ამიერტაო (ტაოს ჭოროხისა და მისი შენაკადების ხეობები) და იმიერტაო (ოლთისისწყლის, თორთუმისწყლისა და მათი შენაკადების ხეობები). ქართულ საისტორიო ძეგლებში გვხვდება ამიერ–ტაო (ქცხ.I, 278,5), ტაოს ორივე კერძო (ქცხ.I, 275,14) და ქუემო ტაო (ქცხ.I,251,18)... სინტაგმა ,,ტაოს ორივე კერძო’’ – ჩვენი აზრით, ამიერ და იმიერ ტაოს გულისხმობს. სხვაგან კიდევ დასტურდება მრ. ფორმა, – ტაონი, რომელშიც ტაოს ქვეყნის აღნიშნული ორი ნაწილი იგულისხმება. დღეისათვის ძნელია დადგენა სად გადიოდა საზღვარი ამიერ და იმიერ ტაოს შორის.

ტაო, ჭოროხის სხვა ქვეყნების მსგავსად, შესაძლებელია ორად გავყოთ: მექართულე ტაო და მეთურქულე ტაო. ,,ქვეყნის’’ უმეტესი ნაწილი ახლა მეთურქულეა, ქართული მხოლოდ ერთ მცირე ხეობაში, ელიასხევში გაშენებულ რამდენიმე სოფელშიღა ისმის და ბინათში, ჭიმჭიმის მახლობლად, – ტაოსა და კლარჯეთის მოსაზღვრე სოფელში.

ჭიმჭიმში დღეს არავინ იცის ქართული. 76 წლის ნეჯათ ილმაზის (ჭიმჭიმელი) ცნობით, ,,დედეჲ და ნენეჲ ლაპარიკობდენ [ქართულად]. საყურადღებო ცნობაა, სადღაც საუკუნის წინ ჭიმჭიმიც მექართულე ყოფილა. ანალიგიური ვითარება უნდა ყოფილიყო მის მეზობელ ხავისკარშიც.

გასული საუკუნის დამდეგს მექართულე სოფლები სხვაც ყოფილა დღეს მეთურქულე ტაოში. ერთგან ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ,,მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა საზოგადოდ დავიწყებული ჰქონდათ, მაგრამ ზოგიერთ სოფლებში, – ფანასკერტში, ანზავში და ნაიკომში მოხუცებულებს ზოგჯერ ახსოვდათ ქართული. ხოლო შეგნება, რომ ისინი წინეთ ქართველები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა’’

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცნობასაც გვაწვდის ექვთ. თაყაიშვილი: კალკოსის (სომხების სოფელია ოლთისში) მცხოვრებნი ,,ორთულიდან არიან მოსული და ამბობენ, ჩვენ წინეთ ქართელები ვიყავითო, ხოლო შემდეგ გრიგორიანობა მივიღეთო“... ვფიქრობთ, ტაოს მკვლევრისათვის მნიშვნელოვანი ცნობაა, რამდენადაც ,,სომხური კვალი“ ტაოში ბევრ კითხვას აღძრავს, და რაც მთავარია, კითხვები ხშირად პასუხგაუცემელი რჩება. მოყვანილი ცნობის მიხედვით, ნათელი ხდება კალკოსელი სომხების ვინაობა. ამ თვალსაზრისით კალკოსი გამონაკლისი არ უნდა იყოს.

მივყვეთ ლიტერატურულ ცნობებს.

1900–იან წლებში მექართულე იყო:

1. ოთხთა ეკლესია, ,,რომლის მცხოვრებნი გამაჰმადიანებული ქართველები არიან, ქართული ყველამ იცის’’.

2. პარხალში გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. ქართული მოხუცებულებსღა ესმით.

3. იშხანი: ,,მოსახლეობა გამუსლიმანებული ქართველებია, ზოგიერთს ესმის ქართული ენა.

ჩანს, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტაოური დიალექტის გავრცელების არეალი გაცილებით ვრცელი ყოფილა, ვიდრე XXI საუკუნის დასაწყისში.

საყურადღებოა, რომ XX საუკუნის დამდეგს ტაოში ჩანს გამუსლიმანებული ქართველების სოფლები, სადაც ქართული უკვე აღარ ისმის. ეს სოფლებია:

ორთისი – ,,შესდგება 49 გამუსლიმანებული ქართველების სახლისაგან“.

ტაოსკარი – 100 კომლამდე გამაჰმადიანებული ქართველი ცხოვრობს.

კიახი – მაჰმადიანი ქართველების სოფელია.

ფანასკერტი – ქართველ მუსულმანთა სოფელია (150 ოჯახი).

ტაო ისტორიულად სომხური ქვეყანა იყოო - თქვა ნ. მარმა. მე-7-8 საუკუნეებიდან გამოჩნდნენო აქ ქართველები. რა თქმა უნდა, აიტაცა ნ. მარის ნათქვამი მეცნიერთა ჯგუფმა, რომ ტაო სომხური ქვეყანაა. ქართულ მეცნიერებას ბევრი შრომა დასჭირდა გამრუდებული ისტორიის გასასწორებლად: ექვთიმე თაყაიშვილმა, პავლე ინგოროყვამ, სიმონ ჯანაშიამ... ბევრი იღვაწეს ამ მიმართებით. აზრთა სხვაობა დღემდე გრძელდება. რა გზით უნდა წავიდეს დღეს მეცნიერება? მნიშვნელოვანი წყარო ჭეშმარიტების დასადგენად არის ლინგვიტიკა. სამართლიანად შენიშნავს დონალდ რეიფილდი: ,,ქართულ ენას დღემდე ატყვია ასწლეულების, მეტიც, ათასწლეულების წინანდელი პირვანდელი კონტაქტების და სუბსტრატის კვალი. ტოპონიმიკა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რა ენაზე საუბრობდნენ ამა თუ იმ ადგილის ბინადრები...’’ ტაოს ტოპონიმიკის გამოწვლილვით შესწავლა გასცემს პასუხს არაერთ კითხვას...

ტაოური ქართული ქართული ენის ერთ-ერთი სამხრული კილოა, რომლის ნიმუშები დღეს ნაკლებად მოგვეპოვება. იგი ტაოს სოფლების - ელიასხევის, წითლეკარის, ხევაჲ//ჰევაჲს, ქობაგის//ქუაბაგის, ფიშნარხევის, ბასლეკარის, ბალხის, ქვენობანის,ბალხიბარის, გაღმაქობაჲს, ჩევრელის ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაა, რომელსაც, ბუნებრივია, ბევრი საერთო აქვს სხვა სამხრულ კილოებთან, მაგრამ ზოგიერთი თავისებურებით განსხვავდება კიდეც მათგან.

ამჯერად წარმოვადგენთ ტაოს ქართულის იმ თავისებურებებს, რომლებიც არ გვხვდება ან მეტად იშვიათია შავშურსა და კლარჯულში.

ჩვენ მიერ შეკრებილი მასალის მიხედვით ტაოურისა და შავშურ-კლარჯულის ქართულს შორის მორფოლოგიასა და სინტაქსთან შედარებით მეტი განსხვავება ჩანს ფონეტიკაში; თავისებურებებია ლექსიკაშიც.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა