მარადიდი ორად გაყოფილი კლარჯული სოფელია: ზემო მარადიდი თურქეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული, ქვემო მარადიდი – საქართველოს.
მუჰაჯირი მარადიდლები და მათი ჩამომავლები თაობებს გადასცემდნენ წინაპართა სოფელში გაგონილ ისტორიებს, ფოლკლორს, ტრადიციებს... შთამომავლობას ასწავლიდნენ მარადიდულ ქართულს. მარადიდელთა მონათხრობში გაიგონებთ მუჰაჯირთა ძნელი გზის შესახებ ტკივილიან ისტორიებს, იგრძნობთ იმ გაჭირვებასა და ხიფათს, რომელიც თან სდევდა უცხო მხარეში გადასახლებულთ.
შეიძლება ითქვას, რომ მარადიდელ მუჰაჯირთა სოფლებში ქართული ენის ცოდნის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც მუჰაჯირთა სხვა სოფლებში, კერძოდ: ქართული იცის უფროსმა თაობამ, საშუალო თაობას უჭირს, მაგრამ ლაპარაკობს წინაპართა ენაზე, ახალმა თაობამ საერთოდ არ იცის ქართული.
ჩვენ ლინგვისტურად გავაანალიზეთ ის მრავალფეროვანი მასალა, რომელიც ექსპედიციის ფარგლებში ჩავიწერეთ ზემო და ქვემო მარადიდში და წარმოვადგენთ ის მნიშვნელოვანი მორფილოგიური თავისებურებანი, რომლებიც გამოკვეთიალია მარადიდულ კლარჯულ მეტყველებაში. განვიხილეთ სახელებში, ზმნასა და ფორმაუცვლელ სიტყვებში მომხდარი ცვლილებები და შეიძლება ითქვას, რომ თავისებურებათა დიდი ნაწილი საერთოა სხვა სამხრულ კილოებთან, თუმცა გამოიკვეთა ისეთი ფორმებიც, რომელიც მარადიდული მეტყველებისთვისაა დამახასიათებელი. სახელებიდან ნაცვალსახელი გამოირჩევა ფორმათა ნაირფეროვნებით, ზმნის კატეგორიათაგან კი საინტერესო სურათი შეიქმნა პირის ნიშნების გამოხატვასა და თემის ნიშანთა მონაცვლეობაში, რომელთაც სისტემური ხასიათი აქვს.
პრეზენტაციაუკან |