სემინარები

სემინარი ჩატარდება 2019 წლის 18 ივნისს 12.00 საათზე თემაზე: დიფერენცირებული სწავლება და განმავითარებელი შეფასება

დიფერენცირებული სწავლება-ფანჯარა შესაძლებლობების სამყაროში.   დიფერენცირებული სწავლების მიზანია: დაეხმაროს შემსწავლელს უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში, რაც ხელს შეუწყობს სტანდარტის შედეგების უკეთ მიღწევას, მიზანმიმართულ ზემოქმედებას საზოგადოების შემოქმედებით, ინტელექტუალურ და პროფესიონალურ პოტენციალზე.

            რა უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლებისას? სტუდენტთა გამოცდილება, მოლოდინები და სურვილები; ცოდნა, უნარები და  დამოკიდებულებები; სტუდენტთა სწავლის სტილი და ინტელექტის ტიპი; მათი მოტივაციის საფუძვლები და მათ მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორები; თითოეული შემსწავლელის საჭიროებებზე ორიენტირებული განმავითარებელი უკუკავშირის დროული მიწოდების მნიშვნელობა;  სამომავლო გეგმის დასახვის მიზნით, მიღწეული შედეგების ინტენსიური მონიტორინგისა და ანალიზის საჭიროება.

 ამ მიზნით მასწავლებელი სწავლებისას მუდმივად უნდა იყენებდეს შემდეგ კომპონენტებს:

  • განმავითარებელი შეფასება - მასწავლებელი ინტენსიურად ავლენს სტუდენტთა ძლიერ მხარეებს და მიმართულებებს, რომელთა განვითარებაც ჭირდებათ მათ, რათა მასწავლებლის დახმარება იყოს საჭიროებაზე მორგებული, მყისიერი და, შესაბამისად, ეფექტიანი;
  • სტუდენტების განსხვავებულობის აღიარება - ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ცოდნა, უნარები, დამოკიდებულებები, გამოცდილება და მოლოდინი. შესაბამისად, ჩვენ თუ გავიაზრებთ ამ ფაქტს, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სწორად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის განსხვავებულობა;
  • თანამშრომლობით სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება - მასწავლებელი  მუდმივად უნდა ცდილობდეს გამოიყენოს თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები (სტუდენტთა მუშაობა წყვილებსა და მცირე ჯგუფებში, რომელთა შემადგენლობა საჭიროების შესაბამისად იცვლება). ჯგუფებში მუშაობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ და გასცენ დახმარება, ისწავლონ ერთმანეთისგან და, რაც მთავარია, აკეთონ ის საქმე, რაც მათ აინტერესებთ, მეტად შეუძლიათ.
  • არჩევანი - მასწავლებელი სტუდენტებს აძლევს საშუალებას გააკეთონ არჩევანი დავალების შესრულების სტრატეგიის არჩევისას და, ხშირ შემთხვევაში, თავად შესასრულებელი დავალების შერჩევისას. ამ დროს მოსწავლე ირჩევს იმ გზას, რომელიც მისთვის მეტად მოსახერხებელია, იმ დავალებას, რომელიც მის ცოდნას, გამოცდილებას, ინტერესებსა და უახლოესი განვითარების ზონას შეესაბამება.

სწავლების დიფერენციაცია თანამედროვე ეტაპზე არის განათლების დემოკრატიზაციის და ჰუმანიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი. დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლისათვის ისეთი დავალებების შეთავაზებას, რომლებითაც ყველა მათგანის დაინტერესება იქნება შესაძლებელი. მოსწავლეებში სწავლების მოტივაციის ამაღლების, გაკვეთილის წარმატებით ჩატარების და სასწავლო  მიზნების მისაღწევად საუკეთესო გზაა ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მათი განვითარების  დონეზე ოდნავ რთულია. განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანად დანერგვისათვის აუცილებელია, რომ მასწავლებელმა  სწორად გაიაზროს ამ მიდგომების არსი და შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობა. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლის სწავლასა და განვითარებას სახელმძღვანელოს „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ ავტორები მარიანა ხუნძაშვილი და სარა ბივერი გვთავაზობს რამდენიმე გზას. სახელმძღვანელო  2018წ გამოიცა  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ხელშეწყობით.

სამეცნიერო სემინარზე წარმოდგენილი იქნება სახელმძღვანელოში განხილული განმავითარებელი შეფასების და დიფერენცირებული  სწავლების ინსტრუმენტები, მოსწავლის სწავლისა და განვითარების ხელმშემწყობი პირობები. სახელმძღვანელო განკუთვნილია მასწავლებლებისათვის და მასში თავმოყრილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასწავლო მიზნების განსაზღვრის აუცილებლობა სწავლებისა და შეფასებისათვის, საკლასო შეფასების ტიპები, განმავითარებელი შეფასების და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა