თანამედროვე ეტაპზე ლიტერატურის ფუნქციების ახლებურმა გააზრებამ გამოიწვია ლიტერატურული პროცესის ხასიათისა და შემადგენელი ელემენტების ცვლილება, ტრანსფორმაცია. შეიცვალა თავად კითხვის ხასიათი, ის უფრო ინფორმაციული, პრაგმატული გახდა. XXI საუკუნის დასაწყისში მოთხოვნადი გახდა ე.წ. მასობრივი ლიტერატურა, რომელიც ერთგვარად ფსიქოლოგიური განტვირთვისა და დასვენების საშუალებად იქცა. შესაბამისად, შეიცვალა მკითხველის ტიპი და მისი კომპეტენციის დონე. ე.წ. „ელიტარული“, სერიოზული ლიტერატურა მკითხველისაგან მოითხოვს არა მარტო შრომას, აქტიურ აზროვნებას, არამედ მკითხველის კომპეტენციის (მომზადების) მაღალ დონესაც. XX საუკუნის დასაწყისისა და XXI-ს დასაწყისის მასობრივ მკითხველს კი სჭირდება ერთგვარი საშუალება, რომელიც დააკმაყოფილებს მის პირველად კულტურულ-ფსიქოლოგიურ მოთხოვნებს - ეს არის დასვენება, პრობლემებისაგან თავის დაღწევა, ყოველდღიური მონოტონური რუტინისაგან თავისდაღწევა. „მასობრივი“ ლიტერატურა იქცა იმ საშუალებად, რომელსაც რთული ინტელექტუალური პრობლემები დაჰყავს პრიმიტიულ ოპოზიციებამდე („კარგი-ცუდი“, „სიკეთე-ბოროტება“...). ამგვარი გამარტივება მასობრივ მკითხველს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს სოციალური პასუხისმგებლობა და პირადი არჩევანის გაკეთების აუცილებლობა. შესაბამისად, თანამედროვე მასობრივი ლიტერატურის მკითხველისადმი უფრო ნაკლები მოთხოვნებია.
დაჩქარდა კითხვის პროცესიც. გარდა ამისა, მასობრივი ლიტერატურის კითხვისას მკითხველი თავს გრძნობს არა მარტო მოქმედების თანამონაწილედ, არამედ, ასე ვთქვათ, გამარჯვებულად სიუჟეტების ამოცნობაში, რადგანაც თანამედროვე მასობრივი რომანების სიუჟეტური მსვლელობა იოლად პროგნოზირებადია. თანამედროვე მასობრივი ლიტერატურის აღქმაში ძლიერდება ვიზუალური ელემენტების როლი (კინემატოგრაფიული გამოცდილება).
უკან |