სემინარები

ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია: ჰეგელი რელიგიის ფილოსოფია და რუსული სახელმწიფოს კონსტრუირების იდეა

ევროპული სახელმწიფოების ლიბერალურ სისტემაში ტოტალიტარიზმისაკენ და სამხედრო რეჟიმებისკენ სწრაფვის პირობებში, ევროპელ მკვლევართა რიგებში სულ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, რაციონალიზმის მწვერვალის გ. ვ. ფრ. ჰეგელის შესახებ ერთობ განსხვავებული შეფასებები გვხვდება:  ჰეგელს ბრალს სდებდნენ: არც მეტი არც ნაკლები იმაში, რომ ის „ხელს უწყობდა ევროპული ჰუმანიზმის იდეალების ნგრევას“ და რომ ევროპაში სახეზე მყოფი პოლიტიკური ვითრება „ჰეგელის ავტორიტარული ფილოსოფიის ნიშნებს ატარებდა (ლ. ჰობჰაუზი)“, მას პლატონთან ერთად ფაშისტური იდეოლოგიის საფუძვლების შექმნასა (კ. პოპერი, ბ. რასელი) და „ფილოსოფიურ ტოტალიტარიზმში“ (მარკუზე) ადანაშაულებდნენ. რთულია გამოკვეთო, ჰეგელის ფილოსოფიის რაციონალური, ირაციონალური, სოციალური თუ პოლიტიკური ასპექტების ირგვლივ  მოურიდებელი კამათი ან კიდევ უკიდურესი შეფასებები  „ზედაპირული წაკითხვის“ შედეგი იყო (ფრენსის ფუკუიამა), მისი მოძღვრების რომელიმე სუსტი რგოლის, მისი იდეების ტრანსფორმაციის თუ  არასწორი დამახინჯებული ინტერპრეტაციებისა.

ჰეგელის ფილოსოფიის ამგვარ ინტერპრეტაციებს კიდევ უფრო უწყობს ხელს მისი იდეების გავლენების ისტორია, კერძოდ ის შედეგები, რაც გვიბიძგებს კვლავ და კვლავ ახლებურად გავიაზროთ საკვანძო იდეები.

ჰეგელის რიგი იდეების რეცეფციის, ტრანსფორმაციის, ინტერპრეტაციების გააზრება თანამედროვე რუსული სახელმწიფოს კონსტრუირების კონტექსტშიც კი აქტუალური ხდება. ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის ზოგიერთი პრინციპი თანამედროვე რუსული სახელმწიფოს/იდეოლოგიის მაკონსტრუირებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ჰეგელი რელიგიის ფილოსოფიის პრობლემებს თითქმის ყველა ფუნდამენტურ ნაშრომში განიხილავს: „სულის ფენომენოლოგია“, „ისტორიის ფილოსოფია“, „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“ და სხვ.  რელიგია ჰეგელთან ადამიანური ცოდნის გრანდიოზულ სამყაროს აგვირგვინებს. იმისათვის რომ გავიაზროთ რელიგიის ჰეგელისეული გაგება, მხედველობაში მისაღებია მთელი მისი ფილოსოფიური სისტემის  მთავარი პრინციპები.

წინამდებარე სამეცნიერო კვლევაში ჰეგელის „რელიგიის ფილოსოფიის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ  სახელმწიფოსა და რელიგიის მიმართების საკვანძო საკითხები დავამუშავეთ. ამავდროულად, შევეცადეთ გავსულიყავით ძირითადი იდეების მარტივი დალაგება/გადმოცემიდან და გამოვკვეთეთ ის ძირითადი იდეები, რაც მათ რუსული პოლიტიკურ-იდეოლოგიური აზროვნების გვიანდელ თუ თანამედროვე  ტენდენციებთან აახლოებს.

 

სამეცნიერო კვლევის შედეგები ეტაპობრივად იყო გააზრებული და დისკუსირებული საერთაშორისო კონფერენციებზე:

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე: „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“

http://ngu.edu.ge/ka/news/saertashoriso-sametsniero-konferentsia-filosofia-da-kristianoba-hegelis-religiis-filosofia

და საერთაშორისო კონგრესზე   -„ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“, 24-27 ოქტომბერს კარლო ბოს უნივერსიტეტში (ურბინო, იტალია), იხ.:

https://idgp.uniurb.it/INTERNATIONAL%20CONGRESS%202018.pdf

  პრეზენტაცია
  პუბლიკაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა