სემინარები

ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ვარდო ბერიძე, მეცნიერებათა კლასიფიკაციის ისტორიული ეტაპები და მათი როლი თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში

მეცნიერების ისტორიაში მეცნიერებათა კლასიფიკაცია ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ, მაგრამ იმავდროულად რთულ პრობლემას წარმოადგენდა. აუცილებელს იმ გაგებით, რომ მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღემდე არსებული ცოდნისა და შესაბამისი მეცნიერული დარგების სისტემატიზირება, იერარქიული დაჯგუფება/დალაგება, მეცნიერულ დარგებს შორის ურთიერთკავშირის აღმოჩენა. რთულს იმ გაგებით, რომ  დღემდე არსებული კვლევის მრავალრიცხოვანი და მრავალგვარი სისტემების, ობიექტის, საგნის, მეთოდის, ფუნდამენტალური ხარისხის, გამოყენების სფეროს და ა. შ. განსხვავებულობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ყველა მეცნიერებათა ერთიან კლასიფიკაციას ერთი საფუძვლის მიხედვით. თავდაპირველად (ანტიკურ ეპოქაში) მეცნიერებათა კლასიფიცირებას ართულებდა როგორც მეცნიერების ცნების არარსებობა ისე, სხვადასხვა მეცნიერული დარგების  ერთი სახელწოდებით მოხსენიება (არისტოტელეს მეცნიერებათა კლასიფიკაცია), თანამედროვე დროში კი ეს სირთულე დაკავშირებულია როგორც მეცნიერებათა ინტეგრაციასთან (მათემატიკური ლინგვისტიკა, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა. შ), ისე თვისებრივად ახალი დარგების (კიბერნეტიკა...) ჩამოყალიბებასთან.

ქრონოლოგიურად, თანამედროვე მეცნიერების დისციპლინები და მათგან გამოყოფილი მეცნიერების ცალკეული დარგები მრავალწლიანი ისტორიით ხასიათდებიან. XX საუკუნემ გადამწყვეტი კორექტივები შეიტანა მეცნიერებათა კლასიფიკაციის სქემებსა და მოდელებში, „დაანგრია თითქოს ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიჩნეული სტრუქტურები (პირველ რიგში მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით მეცნიერებათა კლასიფიკაციის ენგელსისეული მოდელი), ახალ მეცნიერებათა წარმოშობა-განვითარებამ ახალი პერსპექტივები დასახა. ასე, მაგალითად: მიკროსამყაროს შესახებ გაჩნდა სპეციფიკური მეცნიერებები – სუბატომური ბირთვული, კვანტური, მექანიკური ფიზიკა; მეცნიერებათა კლასიფიკაციის სტრუქტურებში თავისი ადგილი მტკიცედ დაიმკვიდრა ე.წ. შუალედურმა მეცნიერებებმა – ბიონიკამ, ბიოქიმიამ ბიოფიზიკამ, გეოქიმიამ და ა.შ. საჭირო გახდა სხვადასხვა მოვლენების შესახებ ერთი დარგის შემოღება (მაგალითად, მეცნიერებანი მაკრო და მიკრო ობიექტების შესახებ); გაიზარდა კერძო მეცნიერებათა ზოგად, აბსტრაქტულ და უფრო კონკრეტულ დარგებად დაყოფის აუცილებლობა; სულ უფრო გამრავალფეროვნდა მეცნიერებათა შეფასების მსოფლმხედველობითი ფორმები (სცენტური, ანტისციენტური და ა.შ.). მიუხედავად ამისა, მეცნიერებათა კლასიფიკაციის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბდა მეცნიერების ობიექტის, საგნის, საკითხის, მიზნის, ამოცანისა და მნიშვნელობის შესახებ გარკვეულწილად ზოგადი, ყველასათვის მისაღები, ე. ი. მეთოდოლოგიური ხასიათის დებულებები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა