სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: “ნაჩაიარი წითელმიწა ნიდაგების ნაყოფიერების მდგომარეობა”, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი ნინო კიკნაძე. სემინარი გაიმართება ამა წლის 12 ივლისს, ოთახი №28

კვლევის აქტუალობა: საქართველოში ჩაის კულტურით დაკავებულია ტიპიური წითელმიწა ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ვულკანურ ქანებზე. ჩაის მონოკულტურის პირობებში წითელმიწებზე სისტემატურად ხდებოდა ორგანო-მინერალური სასუქის შეტანა სხვადასხვა დოზით. ჩაის კულტურის მასიური გაჩეხვის შედეგად და არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე, დღეისათვის ნიადაგების გარკვეული ნაწილი მოცდენილი, მოუვლელი და დეგრადირებულია. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენს ჩაის პლანტაციებიდან გამოთავისუფლებული წითელმიწების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება,  მათი ნაყოფიერების დონის შეფასების და ამაღლების მიზნით. წითელმიწა ნიადაგები ფართოდ არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ბორცვიან მთისწინა ზოლში. აჭარაში და გურიაში ისინი ყველაზე მეტი პროცენტულობით არიან წარმოდგენილი, ზღვის დონიდან 80-200მ სიმაღლეზე. მათ უმეტეს ნაწილზე დომინანტ კულტურებს წარმოადგენდა ციტრუსები და ჩაი, ამჟამად ჩაი ჩანაცვლებულია ძირითადად თხილით და ერთწლიანი კულტურებით.

კვლევის მიზანი და ობიექტი: ჩვენს მიერ ჩატარებულია ნაჩაიარი წითელმიწა ნიადაგების ანალიზი, მათი ქიმიური შედგენილობის და ნაყოფიერების თანამედროვე დონის დადგენის მიზნით. წითელმიწა ნაჩაიარი ნიადაგების ნიმუშები ნიმუშები აღებულია აჭარის და გურიის სხვადასხვა ლოკაციებიდან: ჩაქვი, ქობულეთი, ანასეული, სუფსა, დედაქანი. ნიმუშები აღებულია ორ სიღრმეზე: 0-40, 40-80 სმ.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

1.            წითელმიწა ნაჩაიარი ნიადაგების ზოგიერთი ქიმიური მაჩვენებლის შეფასება;

2.            წითელმიწა ნაჩაიარი ნიადაგების ნაყოფიერების ძირითადი მაჩვენებლებით უზრუნველყოფის დონის შეფასება;

3.            ნიადაგებში მაკრო-და მიკროელემენტების, მათ შორის ტოქსიკურის განსაზღვრა.

კვლევის მეთოდები: პოტენციომეტრული, ტიტრიმეტრული, ფოტოკოლო¬რიმეტ¬რული, პლაზმური ატომურ ემისიური სპექტრული ანალიზი.        

მატერიალურ ტექნიკური ბაზა: ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტი და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი.

კვლევების მეთოდოლოგიური ბაზა: ნიადაგებზე არსებული საკანონმდებლო ნორმატივები, სახელმწიფო სტანდარტები, სანიტარული წესები და ნორმები, საქართველოს მთავრობის დადგენილები.

ექსპერიმენტული შედეგების ანალიზი:

წითელმიწა ნიადაგები ხანგრძლივი დროის განმავლობაში  (50-60 წელზე მეტი) დაკავებული იყო ჩაის კულტურით. საკვლევი ნიადაგების pH-ის მონაცემებით დადგინდა, რომ 0-40 სმ ფენაში, სადაც ძირითადად განლაგებულია სასოფლო სამეურნეო კულტურების ფესვთა სისტემა, pH (H2O) 3.50-4.20-ია, ხოლო KCl-ის სუსპენზიაში - pH 3.38-4.06. დედაქანში pH 3.0-ია. pH-ის შემცირებით კანონზომიერად მატულობს ნიადაგების გაცვლითი და ჰიდროლიზური მჟავიანობები. საერთო ჰუმუსით ნიადაგები ღარიბია (2.3-3,7% 0-40სმ ფენაში). სიღრმისეულად ჰუმუსის შემცველობა კანონზომიერად იკლებს. საერთო აზოტი შეადგენს საერთო ჰუმუსის 2-5%-ს. ნიადაგების მულტიელემენტურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მაკროელემენტები შემცველობის მიხედვით განლაგებულია შემდეგნაირად: Al > Fe > Si > Ca > Mg > K-P > N. მცენარისათვის საკვებად გამოყენებული აუცილებელი მაკროელემენტებიდან მინიმუმში იმყოფება K, Mg, P. კალიუმის და ფოსფორის მცენარისათვის შესათვისებელი ფორმების უზრუნველყოფის დონის მიხედვით, ნიადაგები-ღარიბია. კალციუმის და მაგნიუმის მოძრავი ფორმების შემცველობა ნიადაგებში არასაკმარისი მცენარეთა კვებისათვის. წითელმიწა ნაჩაიარ ნიადაგებში აღმოჩენის ზღვარს ქვემოთ არის ტოქსიკური ელემენტები:  Cd, Cr, Hg, Li, Sb, Se, Ti, Tl, V, Pb.  განსაზღვრული მიკროელემენტები კლების მიხედვით განლაგებულია შემდეგნაირად: Mn > Mo >B-Cu > Co-Zn > As . მიკროელემენტების, მათ შორის ტოქსიკურის (As, Ba, Cu) შემცველობა ნიადაგის არც ერთ ნიმუშში არ აღემატება ზდკ-ს.

დასკვნა:

 ნაჩაიარი ნიადაგების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რათა მოხდეს ეფექტური ღონისძიებების დასახვა მათი ნაყოფიერების ასამაღლებლად. აუცილებელია წითელმიწების ნიადაგური საფარის ქიმიური შედგენილობის სისტემატური კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა ამორტიზებულ და ჩაის კულტურიდან გამონთავისუფლებულ სავარგულებზე განხორციელდეს ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, როგორც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ციტრუსების, ხილის, ვაზის, ტექნიკური კულტურების) გასაშენებლად, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ქართული ჩაის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველსაყოფად.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა