ქალთა ჩართულობის გააქტიურება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტუალურია ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით პრობლემურია მდგომარეობა განვითარებად ქვეყნებში, მით უფრო, აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართულ სინამდვილეში, რამდენადაც ერთის მხრივ, შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს გენდერული თანასწორობის იდეას, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერება ხშირად მოიცავს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და დისკრიმინაციის ფაქტებს, ასევე ხშირია პრაქტიკული მაგალითები, როდესაც ირღვევა ქალთა უფლებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს შემოსავლის სოლიდურ ნაწილს, როცა ვერ (არ) იყენებს ქალთა უდიდეს ინელექტუალურ პოტენციალს.
შრომით სამართლებრივი ურთიერთობები საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ეფუძნება შრომის, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების იდეას და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კონცეფციას, როგორც ამ უფლების შემადგენელ ელემენტს, რომელთა გარანტირება გავლენას ახდენს სხვა უფლებების რეალიზაციაზე თითოეული ინდივიდის მიმართ. არა ერთი კვლევით დადგენილია, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა შრომის ბაზარზე, მათი ინტელეტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაცია დადებითად აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით, მშპ-სა და ეკონომიკურ ზრდაზე.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობის ანალიზმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ნება უდავოდ მიმართულია გენდერული თანასწორობის აღიარებასა და ამ მხრივ დისკრიმინაციის აღმოფხვრისაკენ. თუმცა სამართლებრივი დაცვის რეალური მექანიზმის ამოქმედება და პრაქტიკაში რეალიზება უფრო „მკაცრი“ ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
პრეზენტაციაუკან |