ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, ასევე სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციის შენარჩუნებისათვის, ერთ-ერთ ღონისძიებას წარმოადგენს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლება. მით უმეტეს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება ასოცირების შესახებ, რომელიც მოიცავს ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს. გარდა ამისა, 2000 წლის 14 ივნისიდან, საქართველო გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) 137-ე წევრი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სრულფასოვნად ვერ იყენებს ვერც ერთ იმ შეღავათს, რომელიც დაწესებულია როგორც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ისე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებით. ვერ ვიტყვით, რომ 2015 წლის შემდეგ (როცა საქართველომ დადო ხელშეკრულება ევროკავშირთან), საექსპორტო მაჩვენებელი ევროკავშირის მიმართულებით რადიკალურად გაიზარდა.
ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდა, პირდაპირაა დაკავშირებული ამ პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასთან. ის ბუნებრივი უპირატესობანი, რომელიც გაგვაჩნია, მხედველობაში გვაქვს ბიოლოგიურად სუფთა კვების პროდუქციის წარმოება, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ფაქტია ისიც, რომ ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ევროპულ ბაზარზე, უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მანამ, სანამ ქართული წარმოების პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა, ადგილობრივ ბაზარზე უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი.
ცალკეული ქართული წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის კვლევა ადგილობრივ ბაზარზე საკმარისად არ არის შესწავლილი. თუმცა ფასების კვლევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ადგენს სამომხმარებლო კალათის ღირებულების დადგენას. ამ დროს, ფასების კვლევას ექვემდებარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის აგრარული ბაზრების განხილვა. წინამდებარე პროექტი საშუალებას იძლევა ცალკეული დასახელების პროდუქცია განხილულ იქნეს არა მხოლოდ ფასების ჭრილში, არამედ კონკურენტუნარიანობის სხვა მაჩვენებლების მიხედვით.
პრეზენტაციაუკან |