XIII ს-ის ბოლოს და XIV ს-ის დასაწყისში ანატოლიაში დაარსებული სოგუთის (Söğüt) ბეილიქი სულ მალე ოსმალთა მძლავრ იმპერიად ჩამოყალიბდა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არა მარტო დასავლეთ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქრისტიანულ და მუსლიმურ სახელმწიფოებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.
ოსმალთა უშუალო აქტიური კონტაქტები საქართველოსთან XV ს-ის შუა წლებიდან იწყება, თუმცა იგი თავიდან ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა. თავდაპირველად ოსმალები საქართველოს ტერიტორიებზე მარბიელი ლაშქრობებით და სამცხე საათაბაგოს საშინაო საქმეებში ჩარევით კმაყოფილდებოდნენ.
1514 წელს სულთან სელიმ პირველის ირანზე თავდასხმით დაიწყო ორ იმპერიას შორის თითქმის საუკუნენახევრიანი ომი, რომლის ძირითად ასპარეზსაც კავკასია და საქართველოს ტერიტორიები წარმოადგენდა. XVI ს-ის შუა ხანებიდან იცვლება ოსმალთა პოლიტიკა ქართულ მიწებზე, უპირველეს ყოვლისა სამცხე-საათაბაგოსთან მიმართებაში და იგი იწყებს მისი ტერიტორიების პერმანენტულ დაპყრობას და ინკორპორაციას.
სამხრეთ საქართველოს, იგივე მესხეთის, მოგვიანებით სამცხე-საათაბაგოს მიწების დაპყრობა ოსმალთა მიერ შეიძლება ითქვას, რომ ორ ეტაპად მიმდინარეობადა. XVI ს-ის 30-60-იან და 70-80-იან წლებში. ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე სულთნის ხელისუფლება საკუთარი მმართველობის წესები შემოჰქონდა, რაც შემდგომში ადგილობრივ მოსახლეობაში იწვევდა გარკვეულ ეთნო-რელიგიურ პროცესებს.
აღნიშნული საკითხები ტრადიციულ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხშირად განსხვავებულად არის შესწავლილი, ან საერთოდ უცნობია. სემინარი მომზადებულია ახალ, ბოლო პერიოდამდე უცნობ საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით და შეიცავს არაერთ სიახლეს კონკრეტულ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გაანალიზებულია რიგი პროცესებისა, რომელიც გამოიწვია ქართულ ტერიტორიებზე ოსმალური მმართველობის დამყარებამ, რამაც შემდგომ სულ სხვა მიმართულება მისცა ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.
დანართიუკან |