გრიგოლ ტურელის „ ფრანკთა ისტორია“ (VI ს.) გვაწვდის საინტერესო ცნობებს, ფრანკთა მეფეების, საეკლესიო პირთა ცხოვრების, ებრაელი ხალხის და სხვა. ჩვენ დაგვაინტერესა ფრანკთა სამეფოში მომხდარმა განსაცდელებმა, რაც მოიტანა მოარულმა სენმა და სტიქიურმა უბედურებებმა. წყარო გვიხატავს მძიმე სურათს, რომელიც აღიბეჭდა ხალხის მეხსიერებაში, რასაც მისხალ-მისხალ აგროვებდა გრიგოლ ტურელი და თავს უყრიდა ერთ წიგნში. თვალს თუ მივადევნებთ ფრანკთა სამეფოში წლების მიხედვით ზემოთ აღნიშნულ განსაცდელებს, მივიღებთ შემდეგ სურათს: 470-471 წლებში ბურგუნდიაში მოსულა ისეთი მკაცრი ზამთარი, რომ პატარა მდინარეებიც კი გაყინულა, 548 წელს შავი ჭირი მძვინვარებდა ფრანკთა სამეფოს ქალაქებში: კლერმონში, ლიმანში, მარტო 580 წელს ქალაქ ბორდოში და სხვა ქალაქებში მომხდარა ძლიერი მიწისძვრა, ქალაქ ორლეანში გაჩენილა საშინელი ხანძარი, ქალაქ ბურჟში მოსულა დიდი სეტყვა, ქალაქ კლერმონში, ლიონში და ტურში ყოფილა ძლიერი წყალდიდობები. იმავე წელს გაჩენილა შავი ჭირი (დიზენტერია) ფრანკთა სამეფოში. დიზენტერიით დაავადებულა და გარდაცვლილა მეფე ხილდერიკის ვაჟები: დაგობერტი, ხლოდობერტი, მეფე გუნტრამის ცოლი დედოფალი ავსრიგილდა. 584 წელს კალიებს გაუნადგურებია ესპანეთი, კერძოდ ქალაქ ტოლედოს რაიონი, შავი ჭირი ყოფილა ქალაქ ტოლედოში, ალბიში შიმშილობა და გადაუღებელი წვიმები გალიაში, ხანძარი ქალაქ ვანნასთან, 585 წელს პარიზში მომხდარა ხანძარი, 587 წელს ქალაქ მეცში გაჩენილა დიზენტერია, იმავე წელს ციებ -ცხელება გავრცელებულა პუატიეში და წყალდიდობაც მომხდარა , 591 წელს ქალაქ ნანტში, ტურში შავი ჭირი გავრცელებულა, ფრანკთა სამეფოში გვალვას გაუნადგურებია შინაური და გარეული ცხოველები, პურის სათესები, ვენახები, რასაც მოჰყოლია შიმშილობა.
ერთი სიტყვით, V საუკუნის 70 წლებიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე, ე.ი. საკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ოთხჯერ გადაუარა შავმა ჭირმა ფრანკთა სამეფოს. ამას ემატებოდა სტიქიური უბედურებანი.
გრ. ტურელის შეფასებით ხალხმა თავიანთი გამძლეობით, მოთმინებით, განუწყვეტელი ლოცვებით, მკაცრი მარხვის დაცვით, ღვთისადმი უდიდესი სიყვარულით და რწმენით შეძლო გადაეტანა ყველა ის განსაცდელი, რაც თავს დაატყდა მათ.
ჩვენ მოვიტანეთ ეპიდემიების ფაქტები ფრანკთა სამეფოს ისტორიიდან VI საუკუნეში. ეპიდემიების ტალღამ გადაუარა ევროპას არაერთხელ შემდგომ პერიოდშიც. მაგალითად, 1348 წელს შავი ჭირი მძვინვარებდა მთელს ევროპაში ხუთი თვე. მე-XIV ს-ის 20-იანი წლებიდან ბოლომდე 32-ჯერ გადაიარა ეპიდემიამ, ხოლო XV საუკუნეში 40-ჯერ. ყოველივე ეს კი მუსრს ავლებდა მოსახლეობას, მწარმოებელთა რიცხვი მცირდებოდა, რაც უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე.
დანართიუკან |