სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: „დამოკიდებული წინადადების კლასიფიკაციის საკითხები“. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნათელა ფარტენაძე. სემინარი ჩატარდება 2021 წლის 14 ივნისს, 13 საათზე

დამოკიდებული წინადადების კლასიფიკაციიდან ყველაზე მეტი სინტაქსური ძალა ფუნქციას ენიჭება. ამასთან ერთად, ზოგადად, ყველა ტიპის წინადადების აქტუალიზებისათვის მნიშვნელობა აქვს ინტონაციასაც. სიტყვები, რომლებიც გარკვეულ შესიტყვებებს ქმნიან, ჯერ კიდევ არ არის წინადადება. ისინი უფრო ჩონჩხია, რომლის ხორცშესხმა ეკისრება, ძირითადად, ინტონაციას, რომელსაც  სინტაქსური დაქვემდებარების გაფორმების ფუნქციაც აქვს. მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა გაბატონებულ წევრთან „საზიარო“ ფორმის მქონე დაქვემდებარებული  წევრის სინტაქსური ფუნქციის დადგენა.

დამოკიდებული წინადადება ფუნქციის მიხედვით მრავალგვარია. მისი ფუნქციები თავიდანვე გათანაბრებული იყო წინადადებათა ფუნქციებთან - დამოკიდებული წინადადება ამა თუ იმ წევრის სინტაქსურ ფუნქციას ასრულებს, მისი გაფართოებული სახეა.

კლასიფიკაცია, წევრთა ფუნქციის მიხედვით, სრულად ვერ გვიჩვენებს იმ ნაირგვარ აზრობრივ მიმართებას, რაც რთული ქვეწყობილი წინადადების კომპონენტებს შორის მყარდება როგორც კავშირითა და საკავშირებელი სიტყვებით, ასევე რთული წინადადების ზმნა-შემასმენელთა ურთიერთშეფარდებითა და დამხმარე ლექსიკური საშუალებების გამოყენებით.

ზმნათა გარკვეულ ჯგუფებში ვერბალური სემანტიკის ერთგვარობა სათანადოდ აისახება სინტაქსშიც. ჩვეულებრივ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ერთნაირ სემანტიკურ ზმნებს სინტაქსიც ერთნაირი ჰქონდეთ. ამ თვალსაზრისით გამოირჩევიან „მეტყველების სემანტიკის“ აღმნიშვნელი ზმნები, რომლებიც, ძირითადად, გარდამავალნი არიან. ასეთი კონსტრუქციები ხშირად ნაკლული სახით გვხვდება. შესიტყვებაში შეიძლება გვაკლდეს: 1. სახელური წევრები (ქვემდებარე და პირდაპირი დამატება); 2. ზმნა-შემასმენელი.

უზმნო წინადადებები ხშირად გამოიყენება სასაუბრო ენაში, გავრცელებულია სხვათა სიტყვის შემცველ ანდაზებში: მელია კვდებოდა და - საქათმეში დამმარხეთო. პრედიკატის გამოტოვების შემთხვევაში შეიძლება მთელი წინადადება ამოვარდეს. ასეთი შემთხვევები დასტურდება პოლიპრედიკატულ ჰიპოტაქსურ კონსტრუქციებში: სოფლის გზირისთვის რომ გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის ეზოში მზისა და წვიმის მეტს არავის შეეძლო გავლა ქვრივის დაუკითხავად; დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ...

ოდენქვემდებარიანი წინადადებები საკმაოდ ხშირია სასაუბრო ენის პოლიპრედიკატულ ჰიპოტაქსურ კონსტრუქციებში: ჩაიზე და ყავაზე დაგპატიჟებენო, სანდალამ; ჩვენ ხომ გზაში ვერ დავლევდით, დედი, შალიკომა და ამირანამ, აბა, გაშალეო - მსგავსი შემთხვევები დასტურდება სხვა ქართველურ ენებშიც.

 ჩვეულებრივ, წინადადებას, რომელშიც გამოტოვებულია წინადადების წევრები, არასრულ, ელიფსურ წინადადებებს უწოდებენ. გამოტოვებულ, რედუცირებულ წევრებს კი ნულოვან კომპონენტებს ეძახიან. ნულოვან კომპონენტებს აქვთ დიფერენციალური სინტაქსური ნიშნები, მაგრამ აკლიათ ფორმალური, გარეგანი გამოხატულება. ქვემდებარის გამოტოვების შემთხვევაში ზმნის კვალიფიკაცია არ იცვლება (არ ვარქმევთ უქვემდებარო წინადადებას). გრამატიკული კვალიფიკაცია არ იცვლება ზმნისა, რადგან ქვემდებარის სინტაქსური ადგილი იგივე რჩება. ასევეა პირდაპირი დამატებისა და ზმნა-შემასმენლის გამოტოვების დროსაც.

უახლოესი ობიექტის ფარდად ზოგჯერ გვევლინება დამოკიდებული წინადადება. როდესაც მთავარ წინადადებაში შემასმენელი ორპირიანი გარდამავალი ზმნითაა გადმოცემული, რომელსაც აკლია პირდაპირი დამატება, ნაკლული პირდაპირი დამატების მაგივრობას აქ ასრულებს დამოკიდებული წინადადება: ყველამ დაიფიცა, რომ ამ ბრძოლაში თავი არავინ შეიშურვოს; კაცი იფიქრებდა, რომ ის სადმე ან ვინმესთან წასულიყო...

ქვემდებარული, დამატებითი, განსაზღვრებითი და გარემოებითი დამოკიდებული წინადადებების საკლასიფიკაციო ნიშანი ერთია - ფუნქციურია; პირობით, დათმობით და შედეგობით დამოკიდებულ წინადადებებში კი - ფორმალური. სხვაობა მათ შორის ნიუანსობრივია.

მთავრის მიმართი დამოკიდებული წინადადება პირობითია, ამ ტიპის წინადადებასაც შეიძლება დაერქვას თავისი  სახელი, კერძოდ, შეფასებით-დასკვნითი, რადგანაც მთქმელის შეფასებას, დასკვნას გამოხატავს და მთავარი, ისიც, როგორც შედეგობითი და დათმობითი დამოკიდებული წინადადებანი, რთული თანწყობილი წინადადებისგან მიიღება, განსხვავება აქაც მაერთებელ (კერძოდ, მაჯგუფებელ) და მაქვემდებარებელ კავშირებშია.

შედეგობითი, დათმობითი და მთავრის მიმართი (შეფასებითი)  წინადადებები  მიიჩნევა პარატაქსულ კონსტრუქციათაგან წარმოებულ, მეორეულ მოვლენად,  რომლებმაც ბოლომდე ვერ შეძლეს ქვეწყობილი წინადადების ფუნქციების სრულყოფა და მხოლოდ გარეგნულად, ფორმობრივად დაემსგავსენ მას. ამიტომ ისინი  უნდა გამოიყოს ცალკე ჯგუფად, როგორც თანწყობილი წინადადების გართულებული სახე, რომელიც ფუნქციურ–სემანტიკურად თანწყობილია, ფორმით – ქვეწყობილი.

ცალკე განსახილველია შემასმენლური დამიკიდებული წინადადება, რომლის შესახებაც ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მას ბევრი საერთო აქვს განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებასთან.

დამოკიდებული წინადადების კლასიფიკაციის თაობაზე არსებულ განსხვავებულ შეხედულებათა შეჯერების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზისას ყურადღება უნდა მიექცეს საკორელაციო სიტყვებს, კავშირებსა და საკავშირებელ სიტყვებს, საკლასიფიკაციო ნიშნებსა და სემანტიკურ მხარეს.

zoom link: https://us02web.zoom.us/j/916930100

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა