არგო სოციალური მოვლენაა. იგი რომელიმე სოციალური ჯგუფის ენაა. არგო წარმოიქმნა XVI საუკუნეში, თუმცა ჯერ კიდევ XIII საუკუნეში ძველ ტექსტებში მოიხსენება ჟარგონული სიტყვები. თავისი ეტიმოლოგიით არგო აღნიშნავდა არა ენას, არამედ მათხოვართა გაერთიანებას, რომელსაც პარიზის უბანში „Cour des Miracles“ ანუ „სასწაულების სამეფო” ერქვა. თვით მას ჟარგონი ეწოდებოდა, მოგვიანებით არგო.
არგო ცდილობს იყოს სოციალური თავდაცვის საშუალება, საიდუმლო ხასიათი არის მისი წარმოქმნის აუცილებელი პირობა. არგო სოციალურ კონტექსტში არის იმ ადამიანთა ჯგუფის ზეპირი მონაწილეობის შედეგი, რომელზეც ემყარება თვით სოციალური ჯგუფის არსებობა. არგო არ რჩება დახურული იმ სამყაროში, რომელმაც იგი შექმნა, ის ვრცელდება როგორც ავადმყოფობა, - თქვა ვიქტორ ჰიუგომ. თითოეულ ქვეყანას (მხარეს) თავისი არგო აქვს, - წერდა ბალზაკი - რამდენი პროფესიაცაა, იმდენი არგოა. ნებისმიერ პროფესიას, სახელოსნოს, კლუბს, კაფეს, კვარტალს, თავისი არგო გააჩნია. ენა ცოცხლობს და იცვლება უფრო მეტად სოციალური ზეწოლით, ვიდრე შიდა ლინგვისტური ტრანსფორმაციული თამაშით. ახალი წარმონაქმნების აღმოჩენა და არგოს ლექსიკური ერთეულების გამოყენება რომელიმე ჯგუფში, საშუალებას გვაძლევს უკეთესად გავეცნოთ მისი არსებობის მასშტაბს, რომელიც მისი წევრების მიერაა შექმნილი.
მოზარდები იყენებენ ახალგაზრდულ სლენგს, რათა გამოხატონ თავიანთი კრიტიკული ან ირონიული დამოკიდებულება ზრდასრული სამყაროს მიმართ, ცდილობენ იყვნენ უფრო დამოუკიდებლები და მოიპოვონ პოპულარობა თანატოლებში. საუბრობენ რა განსაკუთრებულ ,,მოდურ ენაზე“, ახალგაზრდები ცდილობენ გაემიჯნონ უფროსი თაობის ენის მატარებლებს ან უბრალოდ, სურთ გამონათქვამის არსის დაფარვა.
1970 წელს რობერტ მერლმა დაწერა რომანი „შუშის მიღმა“ მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით. რობერ მერლმა, როგორც სტუდენტური მოძრაობის თვითმხილველმა, დოკუმენტური სიზუსტითა და მხატვრული ოსტატობით აღწერა და წიგნში გადაიტანა 1968 წლის მაისის ერთი დღე. ერთის მხრივ, ის უშუალოდ ადევნებდა თვალს სტუდენტურ არეულობებს საფრანგეთში 1968 წელს და მეორე მხრივ, მან მრავალი საუბარი გამართა პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან. ისინი რომანის მთავარი პერსონაჟები გახდნენ. პერსონაჟებს შორის არიან გამოგონილი-განზოგადებული ტიპებიც და რეალურებიც. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა დანიელ კონ-ბენდიტი, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოლიტიკური ნიჭით, რაც შემდგომში დაეხმარა მას წარმატებული კარიერის შექმნაში - ევროპარლამენტის დეპუტატამდე.
ამ რომანით რობერ მერლს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ახალგაზრდული სლენგი ერთ-ერთი ფორმაა თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრებისა. ეს არის პროტესტი ყველაფრისადმი, რასაც მოითხოვს საზოგადოება ცივილური და კარგად აღზრდილი ადამიანისაგან. ძალიან ხშირად ჟარგონი წარმოიქმნება როგორც პროტესტი სიტყვიერი შტამპების მიმართ, ან სურვილით განსხვავდებოდეს ყველასაგან, იყოს ორიგინალური, რაც დამახასიათებელია ახალგაზრდა ადამიანებისათვის.
zoom link: https://us02web.zoom.us/j/8793828903
დანართიუკან |