სემინარები

ოთარ თურმანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 2021 წლის 9 ივნისს, 17 საათძე ჩაატარებს სემინარს თემაზე: "სახელმწიფო ორგანოები აჭარაში 1921-1940 წლებში";

სახელმწიფო ორგანოების რაციონალურად მოწყობას, მისი ყველა ნაწილის ნორმალურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის. ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების ფორმირებისა და განვითარების ისტორია. მართალია, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტების დონეზე იყო მოწყობილი და იმდროინდელი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ აჭარა საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციაში 1920 წლის 20 ივლისს შევიდა და მოკლე დროში ვეღარ მოხერხდა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების სრულყოფილად ჩამოყალიბება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლება 1921 წლის თებერვალ- მარტში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმით შეიცვალა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დემონტაჟი და კლასობრივ სიძულვილზე აგებული ახალი რეჟიმის ჩამოყალიბება.

აჭარაში საბჭოთა სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში მიმდინარეობდა და მთელი რიგი თავისებურებით გამოირჩეოდა. აჭარაში საბჭოთა ხელისუფლება მოგვიანებით, 1921 წლის 18 მარტს გამოცხადდა და აქედან მოკიდებული მიმდინარეობდა საბჭოთა სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება. აჭარაში სახელმწიფო ორგანოების 1921-1940 წლების ისტორია, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი მოიცავს 1921 წელს [18 მარტიდან], მეორე ეტაპი - 1922-1940  წლებს.

აჭარაში პირველი სახელმწიფო ორგანო იყო ბათუმის საოლქო რევოლუციური კომიტეტი [რევკომი], რომელიც შეიქმნა 1921 წლის 17-18 მარტს. იგი წარმოადგენდა საგანგებო დროებით ხელისუფლებას და მოქმედებდა 1922 წლის იანვრამდე. ეს იყო რეგიონისათვის უაღრესად რთული, წინააღმდეგობებით მოცული ისტორიის მონაკვეთი. 1921 წლის მარტში ბათუმი წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ბოლო საყრდენ პუნქტს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ეროვნული მთავრობა ნოე ჟორდანიას მეთაურობით ბათუმიდან ემიგრაციაში წავიდა. ქ. ბათუმი და მთლიანად აჭარა ანარქიამ მოიცვა. ამ დროისათვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო თურქეთის ექსპანსია. ასეთ რთულ ვითარებაში იქმნება საგანგებო ორგანო - ბათუმისა და მისი ოლქის დროებითი სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც დადებითი როლი შეასრულა აჭარიდან თურქი ოკუპანტების განდევნაში.

1921 წლის 20 მარტს დროებითი სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი გაუქმდა, რადგან მან შეასრულა მის წინაშე დასმული ამოცანა - თურქეთის სამხედრო ნაწილები განდევნა ბათუმიდან და მთლიანად აჭარა იხსნა ოკუპაციისაგან. იმავე დღეს ჩამოყალიბდა ახალი საოლქო რევკომი.

თურქი ოკუპანტების ბათუმიდან განდევნის შემდეგ რევკომის ძირითადი ამოცანა იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დემონტაჟი, ახალი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება. ანტიკომუნისტური ელემენტების ალაგმვის მიზნით შეიქმნა საგანგებო კომისია, „მუშურ-გლეხური მილიცია“ და სამხედრო-რევოლუციური ტრიბუნალი. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის მაზრებში დაარსდა სახალხო სასამართლოები და საგამოძიებო ჯგუფები. სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისათვის ასევე შეიქმნა განყოფილებები: მმართველობის, სახალხო მეურნეობის, სასურსათო, ფინანსთა და განათლების, სამხედრო, იურიდიული და სოციალური უზრუნველყოფის.

ბათუმის რევკომის ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბება აქტიურად დაიწყო 1921 წლის აპრილიდან. მოკლე დროში ყველა მაზრასა და სასოფლო თემში, ზოგიერთ მსხვილ დასახლებაში შეიქმნა რევკომის ადგილობრივი ორგანოები. ბათუმის საოლქო რევკომს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ეცილებოდა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი.

ერთმმართველი კომუნისტური რეჟიმის დამყარებისათვის საქართველოს კომპარტიის ბათუმის საოლქო კომიტეტი და ოლქის რევკომი 1921 წლის მაისიდან შეუდგა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის კომპრომენტირებას. 9 მაისს დაითხოვეს მეჯლისი, დაინიშნა ახალი არჩევნები. იგი ჩატარდა 1921 წლის 6 ივნისს, სადაც აირჩიეს მეჯლისის ახალი შემადგენლობა ხასან ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით. მართალია, მემედ აბაშიძე ჩამოაცილეს მეჯლისის საქმიანობას, მაგრამ იგი მაინც აქტიურობდა, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის შედეგად საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის ბრძანებით შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოდ გამოცხადდა მეჯლისი, ხოლო მომავალ სახელმწიფო მართვის ორგანოდ - სახალხო კომისართა საბჭო [სახკომსაბჭო] და ადგილობრივი საბჭოები.

საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის ბრძანების შემდეგ აჭარაში შეიქმნა ორხელისუფლებიანობა. რეალური ხელისუფლება ეკუთვნოდა რევკომს, ხოლო იურიდიულად ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო მეჯლისი. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა მეჯლისის გავლენა მოსახლეობაში და მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილებისათვის ღარიბი გლეხობა დარაზმა. 1921 წლის ივლისიდან იწყება მაზრებსა და სასოფლო თემებში ღარიბ გლეხთა კომიტეტების ჩამოყალიბება, ხოლო აგვისტოს ბოლოს შეიქმნა ღარიბ გლეხთა გაერთიანებული საბჭო.

ღარიბ გლეხთა გამოყენებით 1921 წლის სექტემბერში სახელმწიფო ხელისუფლება მთლიანად გადავიდა რევკომის ხელთ, ნოემბერში ჩაატარეს ღარიბ გლეხთა ყრილობა, სადაც აირჩიეს მეჯლისის ახალი შემადგენლობა [„წითელი მეჯლისი“], განახლდა რევკომი, რომელშიც მხოლოდ კომუნისტები შევიდნენ. რევკომის ხელმძღვანელობით 1921 წლის დეკემბერში აჭარაში გაიმართა საქალაქო, სამაზრო და სასოფლო კრებები, სადაც აირჩიეს მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები და მათი აღმასრულებელი კომიტეტები. ამრიგად, საბჭოების ფორმით აჭარაში შეიქმნა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები.

ავტონომიური რესპუბლიკის პირველი უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები შეიქმნა 1922 წლის იანვარში. იგი წარმოდგენილი იყო საბჭოების ყრილობის, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის [ცაკი] და სახკომსაბჭოს სახით. საბჭოების ყრილობა უმაღლესი წარმომადგენლობითი სახელმწიფო ორგანო იყო. მაშინ ყველა დონის საბჭოების არჩევნები, მათ შორის ყრილობის დელეგატებისა იყო არასავსებით თანასწორი, ღია და საფეხურებიანი. ამ წესით 1922-1937 წლებში ჩატარდა აჭარის საბჭოების 13 ყრილობა.

XX საუკუნის 20-30-იან წლებში აჭარაში სახელმწიფო ორგანოების ცვლილებები სისტემატურად მიმდინარეობდა. ზოგჯერ ეს ცვლილებები გაუაზრებელი და საქმისათვის საზიანო აღმოჩნდა. ასე იყო, მაგალითად, ცაკისა და სახკომსაბჭოს ერთ ორგანოდ გაერთიანება, კომისარიატების ერთი ნაწილის გაუქმება და აღდგენა, ბათუმის მაზრის ქალაქთან გაერთიანება და სხვა. ამასთან, სოფლების გადანაწილების შედეგად შეიქმნა აჭარისწყლისა და ჭოროხის მაზრები. შეიცვალა მაზრების სახელწოდება. კინტრიშის მაზრას ეწოდა ქობულეთის, ზემო აჭარისას-ხულოს, ქვემო აჭარისას-ქედის, ჭოროხის მაზრას - ბათუმის.

1929-1930 წლების რეფორმის შედეგად მაზრებს ეწოდა რაიონები, თემის საბჭოებს - სასოფლო საბჭოები. აჭარისწყლის მაზრა ჯერ კიდევ 1927 წელს გაუქმდა, 1930 წელს ბათუმის რაიონი გამოეყო ქალაქს და ცალკე ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა. სასოფლო საბჭოების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. თუ 20-იან წლებში ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ექვემდებარებოდა, 1930 წლიდან ცაკის დაქვემდებარებაში გადავიდა.

მნიშვნელოვანი თვისობრივ-რაოდენობრივი ცვლილებები განხორციელდა XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში. საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს და აჭარის 1937 წლის კონსტიტუციებით არსებითად შეიცვალა სახელმწიფო ორგანოების ფორმირების წესი. საბჭოების არჩევნები გახდა ფარული, პირდაპირი და თანასწორუფლებიანი. მართალია, ეს ყველაფერი ფორმალური და მოჩვენებითი იყო, მაგრამ ამ ფორმალობასაც მნიშვნელობა ჰქონდა.

გარდაქმნების შედეგად შეიცვალა საბჭოების სახელწოდებაც. ახალი წესით ეწოდა „მშრომელთა დეპუტატების საბჭოები“. გაუქმდა საბჭოების ყრილობები და მათ ნაცვლად დაწესდა აჭარის უზენაესი საბჭო, რომლის არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ტარდებოდა. ახალი წესით აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი არჩევნები 1938 წლის 12 ივლისს ჩატარდა. უზენაესი საბჭო 63 დეპუტატისაგან შედგებოდა. პირველ სესიაზე, რომელიც ივლისში გაიმართა, აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი და სამი კომისია: სამანდატო, საკანონმდებლო განზრახულობათა და საბიუჯეტო. დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოდ ჩამოყალიბდა სახალხო კომისართა საბჭო, რომელშიც საგეგმო კომისია, 9 კომისარიატი და 4 სამმართველო შედიოდა.

ახალი წესით 1939 წელს ჩატარდა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების - საბჭოების პირველი არჩევნები, სადაც აირჩიეს ერთი საქალაქო, ოთხი რაიონული, ერთიც სადაბო და 49 სასოფლო საბჭო. როგორც საოლქო, ისე ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების ახალი წესი და სტრუქტურები თითქმის შენარჩუნებული იყო ომისა და ომისშემდგომ პერიოდში.

ლინკი:   https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა