შუა საუკუნეეების ქართული ფლოსოფიის კვლევა დასავლურ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში სულ უფრო აქტიურად გამოყენებული კონცეპტებით და კატეგორიებით მნიშვნელოვანი და აქტუალური პერსპექტივაა შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სიღრმისა და თავისებურების წარმოსაჩენად.
ქრისტიანული (ნეო)პლატონიზმი აზროვნების ისტორიაში ქრისტიანული თეოლოგიის და პლატონური ფილოსოფიის, პლატონის და ქრისტიანული აზროვნების წარმატებული დიალოგის შედეგია. მან ქრისტიანული თეოლოგია ახალი, ღრმა მეტაფიზიკური იდეებით გაამდიდრა და არაერთი თეოლოგიური პრობლემის (ღმერთის არსებობის, შესაქმის, სულის უკვდავების და ა.შ.) გადაჭრის პროცესში ქმედითი გზები დასახა. ქრისტიანი პლატონიკოსები, პლატონის მოძღვრების ათვისებასთან და ინტერპრეტაციასთან ერთად, მისი ნააზრევის ტრანსფორმაციას ახდენდნენ და ამ გზით მყარად ამკვიდრებდნენ პლატონს აღმოსავლეთსა და დასავლეთში. აქედან გამომდინარე, ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში „ქრისტიანიზებული პლატონის“, ანუ „ქრისტიანული პლატონიზმის“ ან „ქრისტიანული ნეოპლატონიზმის“ შესახებ საუბრობენ.
„ქრისტიანული (ნეო)პლატონიზმის“ ცნებით კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა ქრისიტიანული ფილოსოფიის წინააღმდეგობრივი ბუნება, რაც მე-20 საუკუნის ფილოსოფიაში დიდი დისკუსიების საგანი იყო. აღსანიშნავია, რომ ნეოპლატონური მოდელების ტრანსფორმაციის კვლევა ეკლესიის აღმოსავლელი და დასავლელი მამების საღვთისმეტყველო დოქტრინებში დღესაც დიდი ინტერესის საგანია.
ქრისტიანული (ნეო)პლატონიზმის იდეები კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენეს, დიონისე არეოპაგელის, მარიუს ვიქტორინუსის, ავგუსტინეს და მათი ბერძენი, ლათინურენოვანი, ქართველი და ა.შ. ინტერპრეტატორების მეშვეობით იკაფავდა გზას ქრისტიანულ სამყაროში. ეს მოაზროვნეები პლატონის ქრისტიანული გაგების თვალსაჩინო მაგალითად გამოდგებიან. თითოეული მათგანი სწორედ პლატონის მოძღვრების ქრისტიანიზების მეშვეობით ცდილობდა საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებას. დიონისე არეოპაგელი და ნეტარი ავგუსტინე უშუალოდ პლატონურ ფილოსოფოსებად მიიჩნეოდნენ, ხოლო იოანე პეტრიწი, გრიგოლ პალამა და ბერთოლდ მოსბურგელი პლატონური ფილოსოფიის უმნიშნელოვანესი წარმომადგენლების მოძღვრებათა ათვისებისა და ინტერპრეტირების საფუძველზე ახდენენ საკუთარი მსოფლმხედველობრივი კრედოს დადგენას.
იოანე პეტრიწი ქრისტიანობის არსის უკეთ გაგებისათვის ნეოპლატონური ფილოსოფიის ერთ-ერთ საუკეთესო და სისტემურ ნაშრომს, პროკლეს „თეოლოგიის საწყისებს“ იყენებს. მას მიაჩნია, რომ ამ ნაშრომის თარგმანითა და კომენტარებით ადექვტურად მოხერხდება ქრისტიანობის ფილოსოფიური ანალიზი.
პეტრიწი საინტერესოდ ავითარებს სულის შესახებ ნეოპლატონურ თეორიას, რაც ნეოპლატონური ფილოსოფიის ქრისტიანული ტრანსფორმაციის თვალსაჩინო მოდელია. სულის შესახებ პროკლეს მოძღვრების ანალიზისას პეტრიწი მოიხმობს მაგალითებს ბიბლიიდან და ამგვარად ცდილობს მის ახსნა-განმარტებას. ამ გზით პეტრიწი პროკლეს მოძღვრებას ბიბლიას უახლოებს. ამდენად, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის კონტურები შუა საუკუნეების საქართველოში პროკლესა და პეტრიწის სულის თეორიათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს.
zoom ბმული: https://us02web.zoom.us/j/
უკან |