ენა, როგორც ერის კულტურული კოდი და არა მხოლოდ კომუნიკაციისა და შემეცნების იარაღი, მრავალ საიდუმლოს ინახავს. ეს განსაკუთრებით ეხება ენათმეცნიერების ისეთ დარგს, როგორიც ონომასტიკაა. ქვეყნისა და მისი მოსახლეობის წარსულის არაერთი საიდუმლო არა მხოლოდ არქეოლოგიურ, არქიტექტურულ, ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და საისტორიო წყაროებშია შემონახული, არამედ ტოპონიმებშიც უხვადაა განფენილი.
ნაშრომის მთავარი კონცეპტი არის ერთი საკვლევი ობიექტის წარმოჩენა და მისი ორი სხვადასხვა დარგის: ტოპონიმიისა და არქეოლოგიის თვალთახედვით გაანალიზება. კვლევის საგნად შერჩეული ერთი უძველესი ტოპონიმი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ხე-მცენარე ნიგოზის სახელს, არსებით ფაქტორად იქცა დასავლეთ საქართველოს კონკრეტული ტოპონიმის ფორმირების პროცესში. საკვლევი ტერიტორია ზოგადად მდიდარია მცენარეული საფარით. მცენარეთა სახელებიდან მომდინარე ტოპონიმები გაფორმებულია სხვადასხვა აფიქსით. არის შემთხვევები, როცა მცენარის სახელი პირდაპირ (ყოველგვარი მაწარმოებლის გარეშე) ჰქვია გეოგრაფიულ ობიექტს. ამის მაგალითად მოვიყვანთ ერთ უძველეს ტოპონიმს - ნიგოზეთსა და ნიგვზიანს, რომლებიც დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოს იმ რამოდენიმე პუნქტში, სადაც უხვადაა არქეოლოგიური ძეგლებიც.
უკან |