2020 წ-ის დასაწყისში ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერთა ჯგუფს (ხელ-ი ო.ჯიბაშვილი, წევრები: ო.თურმანიძე, ი.ვარშალომიძე) დაევალა ქ. ბათუმში ფრ. ხალვაშის ქ. № 338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა №3-ის ტერიტორიაზე (შემდგომში - საკვლევი ტერიტორია) აღმოჩენილ სამარხთა შესწავლაში მონაწილეობის მიღება.
სამარხების შესახებ ინფორმაციამ პირველად 2015 წელს გაიჟღერა ზურაბ ჯიხაძისაგან, რომელიც საბჭოთა პერიოდში საკვლევ ტერიტორიაზე დისლოცირებულ სატანკო ნაწილში მსახურობდა. მალევე შეიქმნა 1937-38 წლებში რეპრესირებულთა (დახვრეტილთა) სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენლებიც შედიოდნენ. 2017 წელს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ, ხელისუფლების ნებართვით, განხორციელდა საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ოთხი სამარხის გახსნა. დაიწყო მიცვალებულთა ნეშტების ამოსვენება. დღემდე ეს არის პირველი ფაქტი ქართულ სივრცეში რეპრესირებულთა საძმო საფლავთა აღმოჩენისა. 2019 წელს სამარხების საკითხმა დიდი რეზონანსი და საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ბერძენიშვილის ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფი პრობლემის შესწავლაში 2020 წლის დასაწყისში ჩაერთო. უაღრესად არახელსაყრელ პირობებში (პანდემია, გადაადგილებისა და მოქმედების შეზღუდვა) მაინც მოხერხდა გარკვეული შედეგების მიღება.
განხორციელდა სამუშაო შეხვედრები საპატრიარქოსა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელობასთან. დამუშავდა მოწოდებული მასალები, ჩატარდა ჩვენამდე გაწეული სამუშაოების მოკვლევა. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა საქართველოს ხელისუფლების, საპატრიარქოს, ქართველ მუსლიმთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ საკითხთან დაკავშირებით არსებული ძირითადი შეხედულებები.
საპატრიარქოს წარმომადგენელმა შესწავლისათვის გადმოგვცა სამარხების გათხრების დროს აღმოჩენილი ტყვიის მასრები და მონეტები. მასრების პირველადი დათვალიერებისას გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი არ იყო სამარხებში აღმოჩენილი დანარჩენი არტეფაქტების თანადროული. ეჭვების შესამოწმებლად მასრები გადავუგზავნეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. ექსპერტიზამ ჩვენი ვარაუდი დაამტკიცა - მასრები 1970-იანი წლების ნაწარმი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, ისინი მექანიკური გზით აღმოჩნდნენ შედარებით ადრეულ ფენებში (მიწის სამუშაოები, წყალდიდობის შედეგი...).
შევისწავლეთ, აგრეთვე, სამარხებში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა (17 ერთეული). ი.ვარშალომიძემ შეადგინა მათი კატალოგი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ნიკლოზ I სახელით, ხოლო გვიანდელი - 1937 წლით. 17 მონეტიდან ერთი არის იმპერიის დროინდელი, თექვსმეტი ერთეული კი საბჭოთა პერიოდის, ამასთან, 16 საბჭოთა მონეტიდან ერთია 1925 წელს მოჭრილი, დანარჩენი კი 1932-37 წლებშია მიმოქცევაში შესული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სამარხების დათარიღების ქვედა ზღვარი, სავარაუდოდ, 1937 წელი უნდა იყოს. ჩვენი ჯგუფის ეს მოსაზრება ი.ვარშალომიძემ ირაკლი იმნაიშვილის დოკუმენტურ ფილმში - "უსაფლავო მიცვალებულები" - გაახმოვანა. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ეთნოგრაფიისა და სარესტავრაციო ლაბორატორიის თანამშრომლებს (განყოფილების უფროსი - თემურ ტუნაძე), რომლებსაც სპეციფიკური დახმარებისათვის მივმართეთ, მათ კი უსასყიდლოდ ჩაუტარეს მონეტებს გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოები.
ჩვენს ხელთ არსებულ მასალებზე (აღმოჩენილი არტეფაქტები, ნეშტების სპეციფიკური პოზები, ნატყვიარები თავის ქალებში...) დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ საკვლევ სამარხებს არანაირი კავშირი არ აქვთ 1918-1921 წლებში აჭარაში დაღუპულ თურქ ჯარისკაცებთან (არსებობს ასეთი ვერსიაც). ისინი, დიდი ალბათობით, 1937-38 წლების რეპრესიის მსხვერპლთ ეკუთვნით. ამ მოსაზრებას ზურგს უმაგრებს აჭარაში რეპრესიების ცნობილი მკვლევარის ო.თურმანიძის დასკვნაც, რომელიც მიუთითებს, რომ მასობრივი, ჯგუფური დახვრეტები, აჭარაში, ძირითადად, სწორედ 1937-38 წლებზე მოდიოდა.
2020 წლის 22 დეკემბერს პროექტის ხელმ-მა ო.ჯიბაშვილმა, ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორ რ.მალაყმაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ „აჭარაში აღმოჩენილი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების საკითხზე“ გამართულ ონლაინ-დისკუსიაში. ო.ჯიბაშვილმა ონლაინ-დისკუსიაში თავისი შეხედულებები დააფიქსირა.
ბევრ საინტერესო მომენტს მოჰფენს ნათელს საკვლევ ტერიტორიაზე არსებული მეხუთე სამარხი, რომლის გახსნა პანდემიის გამო 2020 წელს ვერ მოხერხდა.
უკან |