დიალექტს, როგორც ენის ნაირსახეობას, ახასიათებს თავისებური ენობრივი იმუნიტეტი, რაც განაპირობებს სამეტყველო თავისთავადობის შენარჩუნებას. ვინაიდან დიალექტი ზეპირი მეტყველების წარმოჩენაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საუბრის მანერას, როგორიცაა: ინტონაცია, მეტყველების ტემპი, საწარმოთქმო და გრამატიკული თავისებურებები, მოდალურ-ექსპრესიული მოქცევები, ლექსიკა-ფრაზეოლოგია და ა. შ. ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა მარადიდული კლარჯული თხრობა და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი.
ზეპირი მეტყველების პროცესში საუბრის მანერას მნიშვნელოვნად განაპირობებს მოლაპარაკის ტონი და ინტონაცია, რითაც მთხრობელი გამოხატავს თავის ემოციურ დამოკიდებულებას ნათქვამისადმი. ამასთანავე, ინტონაციას არა მარტო გამოხატვის ფუნქცია აკისრია, არამედ თავისი შინაარსიც აქვს, როგორც წინადადების სტრუქტურის აუცილებელ კომპონენტს. მსგავსი სტრუქტურის წინადადებები მრავლად დაიძებნება მარადიდელთა მეტყველებაში. კერძოდ: მოსაუბრის ინტონაციური მიმოქცევა ქმნის რომ’ კავშირიანი ქვეწყობილი წინადადების თავისებურ შეკუმშულ კონსტრუქციას, ის უმეტესად მთელი დამოკიდებული წინადადების მაგივრობასაც ეწევა და ყოველთვის დადებით, ცოტა გადაჭარბებულ მოქმედებაზე მიუთითებს. მას ხშირად თავის მოწონების მიზნითაც იყენებენ (ჩვენ იმდონი სიმინდი მაქვან, რუმე...). ასეთ შემთხვევებში რომ’ კავშირის ხმოვანი გრძლად წარმოითქმის და სწორედ ამ ინტონაციაში დევს შინაარსი და მთავარი აზრიც.
მარადიდულ კლარჯულში მკაფიოდაა გამოკვეთილი თუ’ და და’ კავშირ-ნაწილაკის ინტონაციურ-ექსპრესიული ფუნქცია, რაც განსაკუთრებით ხელშესახებია კითხვა-პასუხიან შეკუმშულ კონსტრუქციებში, ძირითადად ბოლოკიდურა პოზიციაში (– მე და შენ ერთი ვართ თუ? – ბათუმი აქავრზე კაÁა თუ? – ძალი ჩემთანაა თუ? - ქალაქშია; რამ არ უშავს, რამ ეტყვის თუ? – წეხვიდეთ, თუ?...).
იშვიათია თუ’ კავშირ-ნაწილაკის შუა პოზიცია (იცი თუ ბაÁრამი? სხვა’ნა მოხვიდეთ თუ კიდო?...).
და’ კავშირ-ნაწილაკი ძირითადად სამხრული კილოებისთვისაა დამახასიათებელი და კარგადაა გამოკვეთილი მარადიდულ კლარჯულში, რომელსაც ზოგ შემთხვევაში თხოვნის ინტონაცია აქვს და უმეტესად აღარ მოითხოვს აზრის გაგრძელებას, გაგრძელებული ინტონაციით მთავრდება წინადადება ან, იშვიათად, ხდება მისი დაზუსტება (– გაბიწყდება’და, ბევრი დრო გეჲარა; – გურჯი ვარ’და, ჩემი ლაპარიკი ვერ არიგებენ; – მოთხვე’და!; – ვილაპარიკე’და, სხვა რამ არ ვიცი...).
საუბრისას იმდენად მნიშვნელოვანია ინტონაციის ფაქტორი, რომ ოდენ მისი საშუალებით იქმნება წინადადების სპეციფიკური კონსტრუქცია, რითაც გამჟღავნდება მთქმელის დამოკიდებულება მონათხრობი ამბისადმი.
გაბმული მეტყველებისას მარადიდელი ხშირად იყენებს მერე//მემრე ზმნიზედას, რომელსაც ზოგჯერ ენაცვლება იმავე მნიშვნელობით გამოყენებული ფორმა - იმის უკან’. აღნიშნული ფორმები ასეთ შემთხვევაში მიერთებითი კავშირებია და გადმოგვცემს არა რომელიმე კონკრეტულ დროს, არამედ მთელი წინადადების დროითი მსაზღვრელია და მიერთებულ ზმნა-შემასმენელთან ერთად გვიჩვენებს წინადადების წინამავალი ამბის შედეგს, ან მოქმედების პროცესის ინტენსივობას, ჩვეულებითობას...
აშკარაა, რომ ზმნიზედა მერე//მემრე//მემრენ//იმის უკან’ ქმნის მომავალი დროის სემანტიკურ ველს, თუმცა მოცემულ კონტექსტებში მასთან მიერთებული ზმნა-შემასმენლები გამოხატავენ არა კონკრეტულ დროს, არამედ მას განუსაზღვრელი, ზოგადი დროის მნიშვნელობა აქვს და ამასთანავე შეიცავენ მოქმედების მრავალგზისობის გაგებასაც.
ეს ყველაფერი კი ადასტურებს აღიარებულ დებულებას, რომლის მიხედვითაც ზოგადდროულობა და ჩვეულებითობა თითოეული დროის შიდასივრცულ განზომილებაშია საძიებელი.
მარადიდულ კლარჯულ თხრობაში ყურადღებას იქცევს რეალური და გრამატიკული დროის ურთიერთმიმართება. ხშირად მოსაუბრისათვის უფრო მნიშვნელოვანია ფარდობითი დრო, ვიდრე გრამატიკული, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ „დრო არის ოდენ სემანტიკური კატეგორია და არა გრამატიკული“. ამავე საკითხს უკავშირდება დროის გადაწევის ფაქტორი: საუბრისას აწმყოში მომხდარი მოქმედება გადატანილია წარსულსა და მომავალში (რატონ მოხველი და ახლა შიმიყვარდენ და არ’ნა დამავიწყონ...).
მოცემულ შემთხვევაში აწმყოთი გადმოცემული მოქმედება გაგებულია, როგორც წარსულში მომხდარი ან მომავალში მოსახდენი, თუმცა არ შეიცავს კონკრეტული დროის გაგებას. ფაქტობრივად, ესაა ზოგადი აწმყო, რაც მოგვითითებს ზოგად-სივრცულ აზროვნებაზე.
მარადიდელთა თხრობაში შეინიშნება წინადადების სტრუქტურული ყალიბის გარდამავალი საფეხური, რაც გამოკვეთილია პარატაქსულ კონსტრუქციებში. კერძოდ, ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც საუბრისას ინტენსიურად მეორდება ერთი და იგივე სიტყვა-წევრი, განსაკუთრებით კი ზმნა-შემასმენელი (– მე მაქინა მაქვან, ყველაფერი მაქვან... ძველი ინსნების უსტობა არ მაქვან; – ალთუნი ევღეფთ, ჩასაცმელები ევღეფთ, რაცხა უნდანან ის ეÁღებენ; – ტათლი მეÁთხოვდენ. ბიჭის სახში გოგოს თერეფი მეÁთხოვდენ ქათამი, თხილი...).
ასევე ხშირია ზოგად-განუსაზღვრელი მნიშვნელობის შემცველი არის’ ზმნა-შემასმენელი, როდესაც ის ფუნქციურად დამოუკიდებელია და არა შედგენილი შემასმენლის ნაწილი (აქ ყველაფერი არი: ჩაი არი, თხილი არი, სხვა რამ არ არი...).
გარდა ზმნა-შემასმენლისა, დასტურდება სხვა სიტყვა-წევრის ინტენსიური გამეორებაც (– პაწაÁ ლობიაÁ, პაწაÁ სიმინდი, პაწაÁ ბიბერი მაქ დარგილი...).
მარადიდულ კლარჯულ თხრობაში განსაკუთრებით თვალში საცემია დუბლირებული კომპოზიტები, რომლის მეორე ნაწილი ყოველთვის მ’- პრეფიქსიანი ფორმაა და რომელსაც ძირითადად იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა ერთი რიგის სახელებია ჩამოსათვლელი (თხილი-მილი; თოფი-მოფი; საჭმელები-მაჭმელებს; ღვინო-მინო...)
საუბრისას საინტერესო და თავისებურ ინტონაციას ქმნის უნდა’ ნაწილაკის განსხვავებული ვარიანტები, რომელიც გვხვდება სამი ფორმით. ის დაერთვის თითქმის ყველა მეტყველების ნაწილს და შეიძლება ერთ წინადადებაში რამდენჯერმე იქნეს გამოყენებული: უნდა’→ნა’/და’/ნდა’.
შეიძლება ითქვას, რომ თქმულის ქაღალდზე ზუსტად გადატანა და მკითხველამდე ზუსტად მიტანა შეუძლებელია, ნებისმიერი კარგად ჩაწერილი ტექსტი მხოლოდ მიახლოებით ასახავს ზეპირმეტყველებას. მკვლევარი ვალდებულია და ცდილობს კიდეც ჩაწერილ ტექსტს მაქსიმალურად შეუნარჩუნოს ბუნებრივი ჟღერადობა..., როგორ ჩაიწეროს მასალა ისე, რომ მკითხველმა სწორად აღიქვას დიალექტური წარმოთქმის თავისებურება, როგორ ასახოს დიალექტურ ტექსტში ცოცხალი მეტყველებისთვის დამახასიათებელი, ვთქვათ, დინჯი საუბარი, რაც ასე განასხვავებს ერთმანეთისაგან ერთი სოფლისა თუ ხეობის მეტყველებას მეორისაგან. ამიტომაცაა, რომ ჩაწერილი დიალექტური მასალა სწორად აღიქმება და გაიგება მხოლოდ ამ დიალექტის მატარებლისთვის, რადგან სხვა დიალექტზე მეტყველისათვის მისი აღქმა-გაგების ხარისხი იკლებს კილოურ თავისებურებათა ზრდის შესაბამისად.
დანართიაბსტრაქტი
უკან |