თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელი (1889-1952) ნაშრომში “სული და იდეა” დაბეჯითებით გვამცნობს, რომ გვთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მსოფლმხედველობას სახელწოდებით - ორგანოტროპიზმი. ცნობილია, „ტროპიზმის” სამეცნიერო ცნება აღნიშნავს რაიმე გამღიზიანებლის, კერძოდ, გარემოს ზემოქმედების შედეგად მცენარის ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ზრდაში მიმართულების ცვლადობას. კაპანელმა გარემოსა და მცენარის ორგანოებს შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი პრინციპი გადაიტანა და გაავრცელა მთელს სამყაროზე და, განსაკუთრებული სიმახვილით, მხატვრული შემოქმედების სფეროზე; აღნიშნულიდან გამომდინარე, ტროპიზმის მოვლენა ბიოლოგიის საკვლევი სფეროს კუთვნილებაა, რაც შეეხება ორგანოტროპიზმის ცნებას - ეს არის თავისებური ბიოსოციალური ჰიპოთეზის შედეგი, და ამდენად, იგი ფილოსოფიურ-ესთეტიკური კვლევის ობიექტია.
გასათვალისწინებელია, რომ ფილოსოფიის განვითარების თანამედროვე გადასახედიდან და მისი მიღწევების ფონზე, ორგანოტროპული თეორიის ზოგიერთი პუნქტი შესაძლოა არ იყოს სარწმუნოდ დასაბუთებული, უნაკლო და ბოლომდე მისაღები, მაგრამ ეს სრულიადაც არ ამცირებს ამ კონცეფციის საერთო მეცნიერულ ღირებულებას. პირიქით, ფილოსოფიურ-ესთეტიკურ საკითხთა კაპანელისეული ორიგინალური გადაწყვეტა ფართო ასპარეზს იძლევა მეცნიერული დისკუსიისთვის. ამასთან, კაპანელმა, ევროპულ მსოფლმხედველობრივ აზრთან მჭიდრო კავშირის შედეგად, მრავალფეროვანი აქსიოლოგიური პრობლემატიკა წარმოგვიდგინა, რომელიც ყველა დროის ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნებისთვის ერთნაირად აქტუალურია და საინტერესო.
ორგანოტროპული მსოფლმხედველობა „ფაქტორების თეორიის“ სახით ახალი იყო ქართული ფილოსოფიური აზროვნებისთვის, თუმცა იგივეს თქმა ნამდვილად არ შეიძლება ევროპული ესთეტიკური აზრის გადასახედიდან, რისი ნათელყოფაც შეიძლება შემდეგით:
ფრანგი ფილოსოფოს-ესთეტიკოსი იპოლიტ ტენი (1828-93) შემოქმედების შესაძლებლობას უკავშირებს ბიოლოგიურ მდგომარეობას; ნაშრომში “ხელოვნების ფილოსოფია” - მხატვრული შემოქმედების არსის ასახსნელად გამორჩეული ანალოგის სახით სახელდება ბოტანიკა, კერძოდ, ხელოვნების ქმნილების აღმოცენება შედარებულია მცენარეს: როგორც მცენარის ბუნება განისაზღვრება კლიმატითა და ნიადაგის ხარისხით, ზუსტად ასევე მხატვრული შემოქმედების ნიმუშები სრულყოფილად შეგვიძლია შევიცნოთ მხოლოდ მაშინ, თუკი მათ შევისწავლით გარემოცულ არესთან დაკავშირებით. ფრანგული განმანათლებლობის წარმომადგენელი აბატი ჟან ბატისტ დიუბო (1670-1742) კი ესთეტიკურ ტრაქტატში “კრიტიკული განაზრებანი პოეზიისა და ფერწერის შესახებ” ამტკიცებს, რომ შემოქმედებითი გენია სულის ნაყოფია, რომლის „მომწიფებას ხელს უწყობს ან ხელს უშლის დრო და ადგილი: იგივე მარცვლები, ჩათესილი ერთ დროს, აღმოცენდება უკეთესად, ვიდრე სხვა დროს ჩათესილი, და ნოყიერ ნიადაგში უკეთესად გაიზრდება, ვიდრე ქვა-ღორღიან გრუნტში“.
ამდენად, კონსტანტინე კაპანელის ორგანოტროპული მსოფლმხედველობა გარკვეულწილად იმეორებს ევროპულ ესთეტიკურ აზროვნებაში ჯერ კიდევ ახალი დროიდან დამკვიდრებულ აზრს, რომ მხატვრული შემოქმედების შესაძლებლობა იქმნება შემოქმედისა და გარემოს ურთიერთობაში: მხატვრული სახის შექმნამდე წარმოსახული იდეის კორელატი ხანგრძლივად ტრიალებს იმ ბიოსფეროში, რომელშიც იმყოფება ხელოვანი; შესაბამისად, ხელოვნების ბუნება ორგანოტროპულია, რაც არ უნდა ინდივიდუალისტური იყოს იგი ფორმით ან ფერითი კონსტრუქციით, და არაორდინარული ფორმით ამკვიდრებს ამ კონცეპტს ქართულ ესთეტიკურ აზროვნებაში.
ზუმის ლინკი: https://zoom.us/j/5239757502?pwd=bWplL0ZTTDN6K1UzRVFuMmYveG1yZz09
პრეზენტაცია
უკან |