სემინარები

2022 წლის 29 ივლისს 12 საათზე 42 აუდიტორიაში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე: ილია ჭავჭავაძის ლირიკის შემოქმედებითი ასპექტები. სემინარს წარმოადგენს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ბალაძე

მე–19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ერთ–ერთი პოლემისტური საკითხი იყო ილია ჭავჭავაძის ლირიკის პოეტურობის პრობლემა. მის პოეზიას აფასებდნენ მისი დროის გამოჩენილი მოღვაწენი. იყო აზრთა სხვადასხვაობა და საინტერესო დისკუსია.

ჩვენი სემინარის მიზანია, წარმოვაჩინოთ ეს პრობლემა სრულყოფილად და შევაჯამოთ თანამედროვე კრიტკოსთა შეფასებები, რაც ერთობ საინტერესო თემაა.

ილია ჭავჭავაძის მხატვრული ნაწერები მისი უზარმაზარი სულიერი მემკვიდრეობის მხოლოდ ერთი ნაწილია; რაოდენობრივად იგი არაა დიდი, მაგრამ უაღრესად ღრმაა და გამძლე.

   ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედების რაოდენობრივი შკუმშულობა იმითაც უნდა აიხსნას, რომ მწერალი თავისი შემოქმედებითი მუშაობის დროს გონების მკაცრი კონტროლით ხელმძღვანელობდა. ყველაფერი, რაც მისი ხელიდან გამოსულა, ავტორის უშეღავათო შმოწმების საგანი გამხდარა. ილია არაფერს ისეთს არ მისცემს არსებობის უფლებას, რაც წამიერია და მხოლოდ პიროვნული.

   ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას თუ თემატიკის თვალსაზრისით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ძირითადად ერთი საკითხი მსჭვალავს–ესაა ეროვნული საკითხი. ეს საკითხი დგას აწმყოს თვალსაზრისითაც–რანი ვართ, რას წარმოვადგენთ, რაშია ჩვენი სასიცოცხლო ძალები. ამის გარკვევას მწერალი წარსულის გათვალისწინების ნიადაგზეც ახდენს–რანი ვიყავით, როგორ გამოვიარეთ საუკუნეები, რომ არ გადავგვარდით და გავუძელით, რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის უკვდავება. ხოლო ყველაფერი კი მიმართულია მომავლის განსაჭვრეტად, თუ რა მოგველის.

  ილია ჭავჭავაძის მხატვრული სათქმელი თავდაპირველად ლირიკის ფორმით გამოიხატა. ილიამ თავისი მწერლური მოღვაწეობა ლირიკით დაიწყო, ხოლო შემდეგ და შემდეგ საკუთარი გრძნობათა დახასიათებას თანდათან შეენაცვლა იმ ვითარების , იმ მოტივთა ფართო განსახიერება და გაშლა, რაც მისი გრძნობების განმსაზღვრელად გამოდიოდა. ამან კი ვრცელი ეპიკური ჟანრები მოითხოვა, ხოლო ასაკში შესულ მწერალთან მხატვრული წარმოსახვა თანდათან მკვლევარისა და პუბლიცისტის მგზნებარე გულმა და დინჯმა არგუმენტირებულმა მსჯელობამ შეცვალა.

    ილია ჭავჭავაძის შემოქმედების განხილვისას იმთავითვე მიიპყრო ყურადღება მისი პროზის სიმაღლემ, მისი ფრაზის მხატვრულმა ძალამ და უშუალობით დაპირობებულმა დამარწმუნებლობამ. ილიას პროზის  ამ თავისებურებას მისი პოზიციის მოწინააღმდეგენიც აღნიშნავდნენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი ილიას პროზაულ თხზულებათა მიმოხილვისას აღტაცებასაც გამოთქვამდა. (მაგ; დიმიტრი ჯანაშვილი ამბობდა, რომ ილიას ნაწარმოებები ხალხისთვის ცალკე უნდა დაიბეჭდოს და გავრცელდესო..)

   ერთგვარად განსხვავებულია ვითარება, როდესაც საკითხი ილიას წმინდა პოეტურ მემკვიდრეობას ეხება. იმთავითვე გამოითქვა აზრი  იმის შესახებ, რომ ლირიკულობა არაა ილიასთვის როგორც ხელოვანისთვის დამახასიათებელი., ამდენად მისი ლექსები ემოციურ დაძაბულობას მოკლებულნი არიან და მხატვრული თვალსაზრისითაც სათანადო დონეზე ვერ დგანანო. ჯერ კიდევ 1865 წელს აკაკი წერეთელი თავის ცნობილ წერილში „რაოდენიმე სიტყვა „ჩანგურის“ შესახებ“ დიდად აფასებდა ილიას ლირიკაში გამოხატულ იდეალებს, მის მებრძოლ სულსა და მამულიშვილურ განწყობილებებს., მაგრამ სრულიად გარკვეულად იმასაც აღნიშნავდა, რომ ილიას ლექსებს ნამდვილი ლირიკულობა აკლია. აკაკის თქმით, ილიას ლექსებში „პოეზიის ნატამალიც არ იპოვება, ეს არის მხოლოდ ცარიელი რიტორება, ლექსების შემარცვლა უსწორ–მასწოროა და რითმაც, პირველი სიმდიდრე ჩვენი ლექსისა, არსად არ ჩანს, ერთი სიტყვით, როგორც ლექსი ძალიან სუსტია“. მართალია, ამას აკაკი ერთი ლექსის მისამართით ამბობდა, მაგრამ იქვე დასძენდა, „რაც ამ ერთ ლექსზედა ვსთქვით, ის შეიძლება საზოგადოდ ვსთქვათ ყველა მის ლექსებზედ...ჭავჭავაძე ჭაპანწყვეტით წერს ლექსებს“

   ეტყობა, რომ ილიას პროზის ფონზე, რომლითაც მოხიბლული იყო აკაკი, კიდევ უფრო ძლიერდებოდა მისი შთაბეჭდილება ლირიკის შესახებ. იგი აღნიშნავდა: „უმჯობესი არ არის, მისთვისაც უადვილესი, რომ ის, რასაც ლექსით გვეუბნება, პროზით გვითხრას.“

   მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ილიას ლირიკის მხატვრულ მხარეზე ამგვარ აზრს უფრო ადრე, 1863 წელს ანტონ ფურცელაძეც გამოთქვამდა სტატიაში „ქართული ლიტერატურა“, იგი წერდა: „ თქვენ ხედავთ ილია ჭავჭავაძის თხზულებებში რაღაც უსიცოცხლობას, უმოძრაობას, თხზულებას მკუდარს, რომელსაც ცდილობს ავტორი ძალით სული ჩაუდგას დააშკარადა ჰხედავთ, რომ აქ ნიჭი კი არ მუშაობს, ხელოვნება მუშაობსო“

   ილია ჭავჭავაძის ლირიკისადმი ამგვარი მიმართება (რამდენადმე სხვადასხვა არგუმენტაციით) შემდეგაც გამომჟღავნებულა ფარულად თუ აშკარად.

ასე მაგალიტად, ნიკო ნიკოლაძემ, რომელიც ადრე ილია ჭავჭავაძის ლირიკას მაღალ შეფასებას აძლევდა, ოთხმოცდაათიან წლებში გამოთქვა აზრი, რომ ილიას ლექსები ფორმის მხრივ მძიმეა და ნაძალადევიო.

ილიას ლირიკის ღირებულებაში დაეჭვება უკიდურესობამდე განავითარა ცნობილმა კრიტიკოსმა ხომლელმა (რომანოზ ფანცხავამ). მისი აზრით, „ჭავჭავაძემ ლექსების წერაში ვერ გამოიჩინა თავისი ინდივიდუალური ძალა და ორიგინალობა ნიჭისა...ილიას თავის ლექსებში დიდათ საყურადღებო აზრები აქვს გალექსილი, მარა ეს არის გამოთქმა ფილოსოფიური, საზოგადოებრივი აზრებისა....არა პოეტური წარმტაცი ენით...ილიას ლექსები ნაკეთებია, ნაკლები მხატვრული ღირებულების, ნაყოფი დიდი ოფლის ღვრის, რიტორიკულნი“.

  დაახლოებით ამავე თვალსაზრისს ავითარებდა გერონტი ქიქოძე, როცა წერდა: „მისი ლირიკა უფრო ხელოვნურად შექმნილ ორანჟერიას ჰგავს, სადაც ყვავილები ნაკლებ სურნელოვანი არიან და სადაც ოცნების გენია მიწაზე წევს ფრთამოტეხილი, ილია ჭავჭავაძის სისუსტე ლირიკაში სხვათაშორის იმითაც აიხსნება, რომ დიდი გენერალიზატორია თავის შემოქმედებაში. მის ესთეტიკურ კომპოზიციას ლოგიკური კონსტრუქციის სახე აქვს. მაგრამ ჩვენი მგოსნის პაწია ლექსები ძვირფასნი არიან იდეურად. მათში დიდი ადამიანის აზრებია დამალული“

  საჭიროა, რომ განიმარტოს აღნიშნულ შეხედულებათა წარმომავლობის საფუძვლები, შემოწმდეს მათი მართებულობა და საზოგადოდ შეფასდეს ისინი. ამის საჭიროება იმიტომაც დგას, რომ, როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძის ლირიკის შესახებ ზემოთგადმოცემულ მოსაზრებათა საწინააღმდეგო აზრიც არსებობს, რომლის თანახმადაც, ილია ჭავჭავაძე არის დიდი გრძნობებისა და ვნებების პოეტი, მისი ლირიკა ხასიათდება აზრის სიღრმითა და გრძნობათა სიმძაფრით. აღნიშნავენ იმასაც, რომ პოეტის ლექსები საკმაოდ სათუთნი არიან და მათ არ აკლიათ ლირიკისათვის აუცილებელი სინაზე.

 –ამ რპობლემიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ რამოგვცა ილია წავჭავაძემ ახალი, ძველ პეიოდთან, რომანტიკოსთა პოეზიასთან შედარებით;

–რით საზრდოობდა მისი პოეტური მუზა, როგორც ეროვნულ, ასევე სოციალურ–პოლიტიკურ, თუ ლიყვარულზე დაწერილ ლექსებში;

–რა მხატვრული ღირებულებებით გამოირჩეოდა, ანუ, როგორი ის იმ  ლექსის ფორმა, რომელსაც იგი გვთავაზობს და სხვ.

აი, სწორედ ეს იქნება ჩვენი მსჯელობიის საგანი.

 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა